იმის მიუხედავად, რომ დღის განმავლობაში სკოლების პერიმეტრს მუდმივად საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, როგორც ჩანს, ინციდენტების თავიდან აცილება შეუძლებელია. მართალია, მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო გონივრული ეჭვის საფუძველზე, მაგრამ პრობლემას, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, თავად საზოგადოებაშია, კონტროლის გამკაცრების გარდა სხვა მიდგომებიც სჭირდება.
მოზარდებს შორის თბილისის და წყალტუბოს სკოლებში მომხდარ ტრაგიკულ დაპირისპირებას კიდევ ერთი შემთხვევა მოჰყვა რუსთავში, თუმცა ამჯერად, ლეტალური შედეგით არ დასრულებულა - რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე ცხვედაძის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაზარალებული მოსწავლე უკვე სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს პრეზიდენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მარგველაშვილის შეფასებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როცა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება შეეჯახა სამი ახალგაზრდის მკვლელობას, ის რეაქცია, რომელიც ამას მივეცით, ნათლად გვიჩვენებს, რომ უფრო უნდა გავიაზროთ თოთოეული მოქალაქის როლი, უნდა გავიაზროთ, რა როლს ვთამაშობთ როგორც ერთიანი საზოგადოებრივი სხეულის შექმნის პროცესში - არა მარტო როგორც სამართალდამცავები, როგორც კანონმდებლები და როგორც პოლიტიკოსები, არამედ როგორც საზოგადოების წევრები.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ მოვლენას, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება.
„ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვისაც ძალადობა და ერთმანეთთან ძალადობის ენით საუბარი არის მისაღები და ხშირ შემთხვევაში - მოსაწონი. მხოლოდ მკვლელობა არ არის ძალადობა. შევხედოთ, როგორც ვურთიერთობთ ერთმანეთთან - აგრესიული ადამიანი, რომელიც აგრესიის ფორმით გამოხატავს თავის პოზიციას, აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის შეფასებით, რელიგიას, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება არის ის, რომ გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ ვაქცევთ ერთმანეთისთვის თავში ტაბურეტის ჩარტყმის საშუალებად.
„ის ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად მათი რიტორიკაც სავსე არის აგრესიით. თუ მკითხავთ პოლიტიკაზე, მე გეტყვით, რომ ყველაზე მეტად დაფასებული არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის პოზიციას აგრესიულად გამოხატავს. როგორც პოლიტიკოსი, გეტყვით სამწუხარო რეალობას, რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ ხოლმე საზოგადოებისთვის. მით უფრო მეტად მოსწონთ - მიდი უფრო აგრესიული და შემტევი იყავი. ეს არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვტრიალებთ. ამ სივრცეში მერე არ უნდა გაგვიკვირდეს ალბათ, რომ ჩვენი შვილი იქნება აგრესიის მსხვერპლი. აგრესიის მსხვერპლია ნებისმიერი ბავშვი, იქნება ის დაჭრილი თუ ის, ვინც დაჭრის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ამ პროცესში როლი არ იწყება მხოლოდ ქალებით ან ბავშვებით.
„ამ პროცესის შეცვლაში როლი იწყება ძლიერთაგან ამა ქვეყნისათა. არა მხოლოდ მთავრობებით, არამედ იმ ადამიანებისგან, ვინც ძლიერად გრძნობენ თავს ამ საზოგადოებაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
თბილისსა და წყალტუბოში რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებებს საქართველოს საპატრიარქოც ეხმიანება და როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, სამი ახალგაზრდის მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა და ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგა.
„ფაქტია, რომ არსებული სიტუაცია რთულია, რადგანაც ამის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს, ეს კი პრობლემებისადმი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა.
აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა. აუცილებელია ქუჩაში უკონტროლოდ მყოფი მოზარდების პრობლემის მოგვარება და სხვა.
საქართველოს ხელისუფლებასა და, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გვინდა განვუცხადოთ, რომ საქართველოს ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, 8 დეკემბერს რუსთავის საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც მოზარდი საავადმყოფოში მოხვდა, მას ფილტვი გაეთიშა.
როგორც სკოლის ხელმძღვანელობა განმარტავს, მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.
„ჩემი ინფორმაციით, შესვენებაზე, საკლასო ოთახში ერთმა ბავშვმა გაიარა მერხებს შორის და მეორეს ჩაარტყა ხელი. ეს დარტყმა იყო ცუდ ადგილას, როგორც ჩანს, ფილტვთან ახლოს. მანდატური დერეფანში იყო და როგორც კი დაუძახეს, რომ ბავშვს ჰაერი არ ჰყოფნიდა, მაშინვე მივიდა და პირველადი დახმარებაც კი აღმოუჩინა. ძალიან იაქტიურა მანდატურმა. ამის შემდეგ მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პატრულიც იყო მოსული. გადაიყვანეს ბავშვი კლინიკაში, გაუკეთდა რენტგენი, რომ ყველაფერი გამორიცხულიყო. ვესაუბრე მშობელს და ბავშვი უკვე სახლშია. რენტგენმა კარგი პასუხი აჩვენა. ძალიან კარგი კლასია, ყველა აღიარებს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ ერთი დაარტყა და ცუდ ადგილას მოხვდა. პატრულიც მოვიდა, თუმცა არ იყო არანაირი კრიმინალი, შესაბამისად, მათი ჩარევა საჭირო არ გახდა. რაც მთავარია, ბავშვი კარგად არის. რაიმე საგანგაშოს ამას ვერ დავარქმევთ. თბილისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ყველანი ძალიან დაძაბული ვართ. ათმაგად მეტი ყურადღებაა“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.