პატიმარი სააკაშვილი შიმშილობს

პატიმარი სააკაშვილი შიმშილობს

„დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს. ეს უკრაინის საქმეა – აკეთეთ საკუთარი საქმე, მაგრამ დარჩით სამართლებრივი ველის ფარგლებში. ყველაფერი ძალიან მარტივია. ფორმალურ, განსხვავებულ რეაქციას თქვენ ვერ მოისმენთ, ვინაიდან ევროპაში ესმით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ევროპული საზოგადოება და ევროპული ქვეყანა, ეს სამართლის უზენაესობას ემყარება“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. აუცილებელი ნივთები – ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები უკვე მიუტანეს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე უკრაინას და საქართველოს ეკუთვნის, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვინაიდან ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

სააკაშვილი 8 დეკემბერს უკრაინის ეროვნული პოლიციის ლუგანსკის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის, იური პოკინბოროდას სახლში დააკავეს. უკრაინისა და საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ „მთავარი“ მებრძოლი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას გულისხობს. ასევე, სააკაშვილს ბრალი ედება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რაც 3–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

5 დეკემბერს უკრაინის გენპროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც სააკაშვილი კურჩენკოს თანამშრომლობაზე უთანხმდება.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მოითხოვს, რომ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს ექსპერტიზა დიდ ბრიტანეთში, ან აშშ-ში ჩაუტარდეს.

„წარმოიდგინეთ სააკაშვილის მასშტაბი, კურჩენკო კი ვინ არის?! - გაქცეული ოლიგარქი. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო იანუკოვიჩის ხელისუფლების სიმბოლო. არსებობს დიდი საქმე იანუკოვიჩის დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ისე ცუდად არის გაკეთებული, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, სასამართლოებში ჩამოიშლება. აღმოჩნდა, რომ ამ საქმეზე სააკაშვილი დანაშაულებრივ შეთქმულებაში შევიდა იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩამოაგდოს. აი, ეს არის ამ საქმის ლოგიკა. მოდით, დავნიშნოთ ექსპერტიზა, არა ჩვენთან შსს-ში, ან სხვა გამყიდველ სააგენტოებში, არამედ საერთაშორისოში, ბრიტანეთში ან ამერიკაში. დაველოდოთ და ვნახოთ. ის გვიჩვენებს, რომ ეს მონტაჟია“, – აცხადებს დავით საყვარელიძე.

ბრალდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. უკრაინის პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით შიდაპატიმრობას ითხოვს, რაც სპეციალური ელექტრონული სამაჯურის ტარებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რუსლან ჩერნოლუცკი კი პროცესზე სააკაშვილის განთავისულების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.

„მედიაში გავრცელებულ განცხადებას, რომ პროკურატურა შინაპატიმრობას მოითხოვს, ვერ დავეყრდნობით. ეს მხოლოდ სასამართლოში გაირკვევა. ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის ვემზადებით, თუმცა არც ერთს არ დავეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებულია. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, ყოველგვარი ვალდებულებების, გირაოს, შინაპატიმრობის, ელექტრონული ბორკილების და სხვა მეთოდების გარეშე“, – აცხადებს რუსლან ჩერნოლუცკი.

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანრდა რულოვსი იმედოვნებს, რომ სააკაშვილს დღეს ან ხვალ გამოუშვებენ და უკრაინის ხელისუფლება მიხვდება, რომ მას მხარდაჭერა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც აქვს. სანდრა რულოვსმა სააკაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ უნდა განაგრძონ ბრძოლა, რათა უკეთესი ქვეყანა მიიღონ.

„თქვენ უნდა განაგრძოთ ბრძოლა. უკრაინას სჭირდება ცვლილებები, რათა უკეთესი ქვეყანა გახდეს. ამის მაგალითი საქართველოა. ჩვენთვისაც რთული იყო ეს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი მივიღეთ. მთავარია ცვლილებების სურვილი იყოს. ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ცვლილებების სურვილი არ გააჩნია, მათთვის ეს ბიზნესია, ხოლო პოლიტიკა ბიზნესი არ არის. ამ ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა. ადექი, კიევო! ადექი, უკრაინავ!“, – მიმართა აქციის მომაწილეებს სანდრა რულოვსმა.

კიევში, შევჩენკოს სახელობის პარკში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს და სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლებას მოითხოვენ. „იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეებმა, დაწესებულების მიმდებარე ქუჩები, ასევე „როშენის“ მაღაზიის ბლოკირება განახორციელეს, რომელიც პეტრო პოროშენკოს მფლობელობაშია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ვითარება იძაბება.

სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაშია ამბობენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაც დემოკრატიასთან შესაბამისობაში არ არის. პარტიაში ამბობენ, რომ იწყებენ საზოგადოების მობილიზებას იმ სცენარისთვის, რომ თუ შეეცდებიან სააკაშვილის გადმოცემას საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის, ორივე რეჟიმი, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიიღებს ძალიან საკადრის პასუხს.

„ჩვენ ვიწყებთ საზოგადოების მობილიზებას იმ სცენარისთვის, რომ თუ პოროშენკო, რომელიც ნამდვილად აღარ არის უკვე საღ აზრზე, შეეცდება, რომ დამატებითი რეპრესიული ღონისძიებები გაატაროს სააკაშვილის წინააღმდეგ, ან თუ შეეცდებიან მის გადმოცემას საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის, მისი შემდგომი დევნის მიზნით, ორივე რეჟიმი, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიიღებს ძალიან საკადრის პასუხს. ჩვენ ბუნებრივია, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, ვიდრე სამართალი არ იზეიმებს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალი არ იქნება ჩვენი კეთილსინდისიერი მოქალაქეების და არა ოლიგარქების ხელში“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

როგორი იქნება უკრაინული სასამართლოს ვერდიქტი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ ქართული მხარე ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით.

„შესაბამისად, ყველა კომუნიკაცია, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არსებობს მხოლოდ შესაბამის უწყებებს შორის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც კი სააკაშვილის საკითხი საქართველოს იურისდიქციის ნაწილი გახდება, პროცესში ჩაერთვება სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენ ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სახალხო დამცველი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მათ შორის, საზღვარგარეთ. შესაბამისად, როგორც კი ეს თემა გახდება სახალხო დამცველის ან საქართველოს იურისდიქციის ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.