სააკაშვილი იმისთვის დააკავეს, რომ ელექტრონული სამაჯური გაუკეთონ?!

სააკაშვილი იმისთვის დააკავეს, რომ ელექტრონული სამაჯური გაუკეთონ?!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

„ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს სააკაშვილის ადგილმდებარეობა კიევში, ოტრადნოის ქუჩაზე და დააკავეს. დაკავებული მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში. იგეგმება საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოსთვის მიმართვა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად. დაპირებისამებრ, ძალოვანებმა ყველაფერი გააკეთეს, ძალისმიერი ქმედებებისა და სისხლის თავიდან ასაცილებლად“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ცნობით, უსაფრთხოების სამსახურთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იკრიბებიან.

ჟურნალისტების ცნობით კი დადგენილებაში ნათქვამია, რომ 8 დეკემბერს უკრაინის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის ძებნის დეპარტამენტმა ინფორმაცია მიიღო, რომ სააკაშვილი შეიძლება იმყოფებოდეს ოტრადნოეს გამზირზე მდებარე ბინაში.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა საგამოძიებო ქმედებების ჩატარება შეუძლებელია „საგნების, დოკუმენტების და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლების განადგურების, შეცვლის ან დამახინჯების რისკის და ეჭვმიტანილი სააკაშვილის გამოძიებისგან თავის არიდების რისკის გამო“.

გენერალური პროკურატურის გამომძიებელი ასევე ასაბუთებს ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას.

„მოცემულ მისამართზე ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა გადაუდებელია და პირის უშუალო დევნას უკავშირდება, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში“, - ნათქვამია პროკურორი გოვორუშაკის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

იური პოკინბოროდა, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, უკვე ხუთი თვეა, რაც სამართალდამცველ ორგანოებში არ მუშაობს, უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, ადრე პოკინბოროდა ლუგანსკის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელი იყო.

საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ნაყოფიამ უკრაინულ გამოცემა страна.ua-სთან საუბარში იმ საკითხზე ისაუბრა თუ რატომ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელ ბინაში.

„სააკაშვილი ავად გახდა, მას 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა. საჭირო იყო მისი სასწრაფოდ გადაყვანა მკურნალობისთვის. ამიტომაც ის ბინაში გადაიყვანეს. მე არ ვიცნობ პირს, რომლის ბინაშიც ის აღმოჩნდა“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ამასთან, ლუგანსკის პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა იური პოკინბოროდა, რომლის სახლშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ დააკავეს, აცხადებს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ის სააკაშვილის დაპატიმრებაში დაადანაშაულონ.

„მე არ „ჩამიშვია“, - ამბობს იური პოკინბოროდა.

სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ მხარდამჭერებს იზოლატორთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი, ოდესის ყოფილი გუბერნატორის სახალხო წარმომადგენელი გახდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადვოკატმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მეუღლეს მთავარ სპიკერობას სთხოვს.

„ის თხოვს მეუღლეს, გახდეს მისი მთავარი სპიკერი, სახალხო წარმომადგენელი, რომ დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლება. ჩვენ მის მეუღლესთან დავიწყებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ასევე უზრუნველვყოფთ მის შესვლას იზოლატორში“ - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.

როგორც ჩერნოლუცკი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი დაკითხვისას ცუდად გახდა, მას მაღალი წნევა ჰქონდა.

„სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მან ბრალდების დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. დაკითხვისას ის ცუდად გახდა, დალია დამამშვიდებლები, მაღალი წნევა ჰქონდა. პროკურორისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, თუ როდის შეეფარდება სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება. მიხეილ სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს. სააკაშვილის დაკავებისას პროცესუალურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს ჩერნოლუცკი.

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში კიდევ 2 დღე დარჩება. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთ სავარაუდო თარიღად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი 11 დეკემბერს ასახელებს. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

სააკაშვილის დაკავებას საქართველოში მისი ყოფილი თანაგუნდელებიც ეხმაურებიან  - „ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა.

უგულავამ სააკაშვილის დაკავება უკრაინაში პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

„ეს პოლიტიკური დევნა, ისევე როგორც პოლიტიკური პატიმრების ეპოქა საქართველოში 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო. იგივე მიხეილ სააკაშვილს ამის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება. დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და თუ გვინდა ეს პრობლემა გადაწყდეს, ეს უნდა მოხდეს საქართველოში. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება პოლიტიკური დევნილების და პოლიტიკური პატიმრების გარეშე. მოვისმინე ბევრი ქილიკი და აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიჭირეს, ნუ გვიხარია ეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერის აზრით, საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების შანსი დაბალია.

„ევროპული საქართველო“ და მე პირადად სოლიდარული ვართ ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის მიმართ. მე არ ვამართლებ და არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს და ამის გამო მას პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. გასახარი არაფერი არ არის. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.