„მაინც და მაინც ამ შეცდომაში უნდა ავყვეთ ტრამპს?!“

„მაინც და მაინც ამ შეცდომაში უნდა ავყვეთ ტრამპს?!“

შოთა შალელაშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნავს და შესაბამისად, არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან გარიცხვენ. უმრავლესობის წევრმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა. უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა, მიუღებელია პრემიერ-მინისტრისთვის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პატივს სცემს ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, მისთვის მიუღებელი ფორმაა.

ღია წერილის გაგზავნიდან რამდენიმე საათში დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. ვახტანგ გომელაურის უწყებაში დაახლოებით 3-საათიანი ვიზიტი შალელაშვილმა პირადი მოტივით ახსნა და აღნიშნა, რომ სუს-ში მის ვიზიტს კავშირი არ აქვს ღია წერილთან.

„პრემიერ-მინისტრისადმი ჩემს მიმართვას რაც შეეხება, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. რა მიმართვას გავაკეთებ მე, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერ-მინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, ეს მისი პრეროგატივაა. პრემიერის გადასახედიდან უკეთ ჩანს თუ რა განცხადებები უნდა გააკეთოს და სოლიდარული ვარ.

ეს იყო ჩემი ღია მიმართვა, სურვილი. მე მინდოდა საქართველოს მოსახლეობას დაეჭირა ამისთვის მხარი, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა ისრაელის სახელმწიფოსთან არის ძალიან კეთილად განწყობილი და თუკი შეიძლებოდა და პოლიტიკურად გამართლებული იქნებოდა. ეს იყო ჩემი მიმართვის მიზანი“, - აცხადებს შოთა შალელაშვილი.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, დეპუტატის ღია წერილში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ოპოზიცია. თუმცა საგანგაშოდ აფასებს პარლამენტის წევრის სუს-ში გამოცხადებას. ოპიზიცია ირწმუნება, რომ შალელაშვილი სუს-ში სწორედ ღია წერილის გამო დაიბარეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა პოლიციურ სახელმწიფოდ. მისი თქმით, დღეს სუსი მართავს ქვეყანას და აღმოჩნდა, რომ ის არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ უთვალთვალებს უმრავლესობის წევრებსაც, მათ შორის დეპუტატებსაც.

„ეს წარმოუდგენელი რამ არის. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, გავახსენებ საქართველოს მთავრობას, რომ ყველაზე დიდი საარჩევნო დაპირება ტრამპის, ჯანდაცვის რეფორმა ჩააგდო მაკკეინმა, მისივე პარტიის წევრმა და მისმა ხმამ გადაწყვიტა ამ რეფორმის დასამარება და ის არც FBI-ს დაუბარებია უწყებაში და არც არავის დაუტუქსავს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ სუს-ში დეპუტატის დაბარება, მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება და ამბობს, რომ ეს არის დაუშვებელი. დეპუტატი ამბობს, დღეს ქვეყანაში არსებობს არაფორმალური მმართველობა, სადაც პარლამენტის უფროსები სუს-ის წარმომადგენლები არიან.

„საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა „ქართული ოცნების“ მმართველობის უკიდურესად მახინჯი სახე, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადების საპასუხოდ, დეპუტატი დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და დაუსვეს კითხვები ამ განცხადების ირგვლივ.

პარლამენტის წევრისთვის დაბრკოლების შექმნა უფლებამოსილების განხორციელების პროცესში არის დაუშვებელი. პარლამენტის წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

ამ საკითხზე უმრავლესობა დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საერთაშორისო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯები უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განმარტებით, ყველაზე დიდი უბედურება ადამიანის უგუნურობაა. მისი თქმით, კითხვის დასმა - რა დავაშავე? - ეტყობა, დეპუტატი მართლაც ვერ აცნობიერებს ვითარებას.

„რა ეთნიკური წარმოშოიბის ადამიანიც უნდა იყოს, უნდა აცნობიერებდეს, რომ ჯერ არის საქართველოს მოქალაქე და მერე სხვა ქვეყნის მოქალაქე. საქართველოში დაბადებული სომეხი თუ იტყვის, რომ საქართველომ უნდა აღიაროს სომხეთის გენოციდი, ან წარმოშობით ებრაელი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ უნდა აღიაროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად... ელემენტარულად, უნდა გააცნობიერო, შედის ეს თუ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.

რა თქმა უნდა, არც ერთი და არც მეორე საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის, ვინაიდან საქართველო ესაზღვრება სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს. ქვეყანას აქვს ინტერესები ისლამურ ქვეყნებთან. ამდენად, იერუსალიმის აღიარება ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ საფრთხეებს საქართველოსთან მიმართებაში, იგივე მუსულმანური ქვეყნების მხრიდან, იგივე ირანის მხრიდან? ეს არის მნიშვნელოვანი“, - მიაჩნია ვალერიან გორგილაძეს.

სოციოლოგი ამბობს, რომ საქართველომ უნდა დაიჭიროს ძალიან დაბალანსებული პოზიცია, რომელიც მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

„არა მგონია, რომ ასეთი მიმართვებით დაინტერესებული უნდა იყოს სუს. ეს ზედმეტად მეჩვენება, თუმცა გასაგებია, რომ ეს არის უსაფრთხოების საკითხები და შეიძლება ამის ჩვენება უნდოდათ. ჩემში შფოთვს იწვევს მსგავსი უგუნურობა ზოგ-ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსის მხრიდან. ეს პრეტენზია მაქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, როდესაც თავის სადეპუტატო სიას აკომპლექტებენ, არ შეიძლება ნებისმიერი ტიპი, რომელიც ვერ აცნობიერებს სახელმწიფოს ინტერესებს და ამოცანებს, წარდგენილი იყოს პარლამენტში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დეპუტატი ღია წერილით ფაქტიურად აიძულებდა პრემიერ-მინისტრს ღიად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, რაც შანტაჟის ელემენტებს მოიცავს.

„ეს იყო გუნდურობის ხაზით დაშვებული შეცდომა. ერთი მხრივ ქართველებს მართლაც მრავლსაუკუნოვანი და ძალიან მდიდარი ისტორია გვაკავშირებს ებრაელებთან, მეორე მხრივ არანაკლებ ხანგრძლივი და არანაკლებ მრავალასპექტიანი ისტორია გვაკავშირებს ისლამურ სამყაროსთან. არ ვგულისხმობ მხოლოდ გარე კავშირებს. საქართველოს ტერიტორაზე ცხოვრობენ მუსულმანები და საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათი ინტერესის გაუთვალისწინებლობა, აუცილებად წარმოშობს შიდა პოლიტიკურ სირთულეებსაც“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, თავისთავად, საერთაშორისო ასპარეზზე თუ ვიმსჯელებთ, ისეთი ძლიერი ქვეყნის პირველ პირსაც კი, როგორიც დონალდ ტრამპია, ბევრი სირთულეები გაუჩინა თავისმა განცხადებამ.

„თუკი დავუშვებთ, რომ ტრამპმა შეცდომა დაუშვა ამ განცხადებით, როგორც ამას ბევრი თვლის, მათ შორის მისი პარტნიორი ქვეყნები, მაინც და მაინც ამ შეცდომაში უნდა ავყვეთ ტრამპს?! ის საკითხი, რომელიც მხარეებმა ერთმანეთთან მოლაპარაკებით უნდა მოაგვარონ, ამ დროს შენ გადაწყვიტო შენი მხრიდან, გარკვეული უტაქტობაც კი არის. ამას საყვედურობენ ტრამპს, რომ რატომ მიიღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, სადაც ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მოლაპარაკება და მოლაპარაკებით უნდა მივიდნენ საერთო პოზიციამდე. არის ამ საყვედურში რაციონალური მარცვალი.

შეიძლება ტრამპს ბევრი მოტივი ჰქონდა იმისა, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, რაც დღეისთვის უცნობია, მაგრამ ეს განცხადება რომ საერთაშორისო მდგომარეობის და კლიმატის გაუმჯობესების მოტივით არ იყო ნაკარნახევი, ეს ფაქტია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.