საქართველო ისრაელი-პალესტილის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მომხრე რჩება

საქართველო ისრაელი-პალესტილის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მომხრე რჩება

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული წინ არ წასულა. საკითხი აქტუალური ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გახდა, ხოლო გაპრეზიდენტებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გადაწყვეტილებაც მიიღო და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც საგანგებო განცხადება გააკეთა. მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე.

„მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად. იერუსალიმი იყო და უნდა დარჩეს ის ადგილი, სადაც ებრაელები გოდების კედელთან, მუსლიმები „ალ-აქსას“ მეჩეთთან, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს საფლავის ტაძარში ლოცულობენ. მაგრამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ეს ფაქტია და ეს უნდა ვაღიაროთ, რასაც მე ვაკეთებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ამ ნაბიჯს მამაც და სამართლიან გადაწყვეტილებას უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. ოფიციალური ანკარა ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ასობით მოქალაქე აპროტესტებს ტრამპის გადაწყვეტილება. მანიფესტანტები ამერიკის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწვეს.

„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება. აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია.

ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მას შემდეგ, რაც პალესტინის ხელისუფლებამ ძალადობისკენ მოუწოდა მოქალქეებს, ვითარება დაიძაბა აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეა და სამარიას რიგ ქალაქებში ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო. პალესტინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, აშშ-მ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გააუქმოს.

ტელეკომპანია „Al Jazeera“ პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ხანიამის განაცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოეღო. პალესტინელებს მოუწოდებს პარასკევს „მრისხანების დღეზე“ გამოვიდნენ და ახალი ინტიფადას, ანუ აჯანყების დაწყება გამოაცხადონ.

ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს რუსეთი. ქვეყნის საგარეო უწყებამ ვაშინგტონის განცხადება სერიოზული აღშფოთებით მიიღო. სერგეი ლავროვის უწყების განაცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იმ მოცემულობიდან გამოდის, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის საიმედო დარეგულირება მიღწეულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ პალესტინის ტერიტორიების სტატუსის ყველა ასპექტის მოგვარებას, მათ შორის იერუსალიმის სენსიტიური საკითხის მოგვარებას.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ძალიან შემაშფოთებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

„ეს ძალიან მყიფე კონტექსტია და ამ განცხადებას შეუძლია უკან დაგვწიოს. ევროკავშირს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა, რომლის ფარგლებში იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება.

ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, ვიდრე საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება ისრაელსა და პალესტინას შორის უშუალო მოლაპარაკებების შედეგად. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ მხარეებმა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინმა.

საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. საქართველოს მთავრობა ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც საკითხზე იქნება მსჯელობა. ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“, - ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის უწყების განცხადებაში.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრს „ფეისბუქით“ მიმართავს და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურად აღიარებას სთხოვს.

„მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას“, - წერს შოთა შალელაშვილი.

უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა, მიუღებელია პრემიერ-მინისტრისთვის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პატივს სცემს ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, მისთვის მიუღებელი ფორმაა.

„უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. ვიცე-სპიკერი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგული ნებისმიერი ნაბიჯები უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

„რამდენი ნაბიჯიც გადაიდგა საქართველოს მხრიდან, ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის უსაფრთხოების შენარჩუნების ინტერესით და სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესით განპირობებული. საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ მძლავრი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ კი, ვიდრე რაიმე მსგავს ნაბიჯს გადავდგამთ, უნდა დავფიქრდეთ, მით უმეტეს, ასეთ ცხელ წერტილთან მიმართებაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.