„ოპოზიციას შეკითხვებზე პასუხები აქვს, უბრალოდ, მათ სცადეს პოლიტიკური სპეკულაცია“

„ოპოზიციას შეკითხვებზე პასუხები აქვს, უბრალოდ, მათ სცადეს პოლიტიკური სპეკულაცია“

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო ერთიანდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის.

გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე, ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

ცვლილებებით, უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნება. როგორც ცნობილია, დღის წესრიგიდან მოიხსნა დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანების ინიციატივა. ეს ორი სამსახური არსებული სახით დარჩება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ განმარტა, რეფორმის ამოცანა - ეფექტურობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება და მცირე მთავრობისკენ მოძრაობაა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, თუმცა ოპოზიცია ეჭვობს, რომ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული მიზნები და რეალური შედეგები საბოლოოდ, ერთმანეთს არ დაემთხვევა.

„პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილება ამ რეფორმასთან დაკავშირებით თანმიმდევრულია, რადგან ეს პროექტი იწყება მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველობის პერიოდში კერძო სექტორში 133 000 ადამიანით მეტია დასაქმებული. ჩვენი რეფორმების შედეგად ბიზნესს 2017 წელს 360 მილიონი ლარი დარჩა გაფართოების და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ბოლო 10 თვის მონაცემებით მთავრობამ 90 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებასა და მიმდინარე ხარჯებზე“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

ამის მიუხედავად, ოპოზიციას სოციალურ ასპექტებზე გადააქვს ყურადღება -„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება და სოციალური ხარჯები არ იზრდება.

როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველი სამთავრობო ხარჯის დაზოგვა უნდა ყოფილიყო, თუმცა პირიქით ხდება.

„2018 წლის ბიუჯეტში პირიქით, ამ გაერთიანებების შედეგად ხარჯები 55 მილიონით არის გაზრდილი, თან ამავდროულად, ზრდა არ ეხება პენსიას, შშმ პირების დახმარებას და დევნილების შემწეობას. მთავრობა პირველი რიგში, არ აკლებს ბიუროკრატიულ ხარჯებს და მეორე, იქ, სადაც აკეთებს ზრდას, ზრდას არ აკეთებს ამ საყოველთაო გაჭირვებაში სოციალური ხარჯების მომატებაში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა დასაქმების ადგილად რჩება.

„გააჩნია, ვინ ვისი ნათესავია, ვინ ვისი ახლობელია და ვინ ვის „კრიშავს“, ამის მიხედვით განისაზღვრება პრემია-დანამტები და ანაზღაურების ოდენობა... მხოლოდ 15%-ით რომ შეამციროთ სსიპ-სა და აიპ-ებში დასაქმებული თქვენი ნათესავების, ახლობლების და „ქართული ოცნების“ აქტივისტების რაოდენობა, ბიუჯეტში 143-მილიონი ლარი შეგიძლიათ დაზოგოთ და ეს თანხა მნიშვნელოვან სოციალურ ხარჯებს მოახმაროთ“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა უმრავლესობის წევრებს, რომელსაც მიაჩნია, რომ რეფორმა ნაჩქარევი და გაუაზრებელია.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ვერ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი, მაგრამ აცხადებს, რომ რეორგანიზაცია, ბუნებრივია, ითვალისწინებს შტატების შემცირებას. მისივე განმარტებით, რეორგანიზაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც კანონი შევა ძალაში და პროცესი სამ თვეში დასრულდება.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით დააფიქსირა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„როდესაც ჩვენ რეფორმის მიზანშეწონილობაზე ვლაპარაკობთ, მთავარია დავინახოთ უმთავრესი მიზანი. ეს არ არის ის, რაც წარსულში ხდებოდა - ნათესავებისა და აქტივისტების დასაქმება, რაც გამჯდარია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ფსიქიკაში. როცა საუბარია ოპტომიზაციაზე, ეფექტური მენეჯმენტი ეს არის მთავარი სწორი გადაწყვეტილება. აქვე დოკუმენტებში იკითხება, რომ მთავრობას 3-თვიანი ვადა მიეცემა იმისთვის, რომ ახალი მოდელის შექმნის შემდეგ, სწორედ სამინისტროებს დაევალოს, დადოს სწორი და ოპტიმალური გეგმა, თუ რა სახის ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, ზუსტად რამდენით შემცირდება კადრები და რა რაოდენობის თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სტრუქტურულ ცვლილებებზე დიდი ხანია მიდის მსჯელობა და ეს არაა დაჩქარებული. როგორც უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, დაჩქარებული ჰქვია იმ პროცედურას, რომელსაც ამ სამ დღეში გავივლით და მივიღებთ დოკუმენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე.

„მიმდინარეობს კონსულტაციები, მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა ნათელი განცხადება გააკეთა გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. დარგი, როგორც ასეთი, არა თუ იარსებებს, არამედ გაძლიერდება. სოფლის მეურენეობის სამინისტროს მიმართულებით საინტერესო პროექტებია დაგეგმილი და ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას პოზიტივი შეიძლება მეტი ჰქონდეს. რაც შეეხება დაზვერვისა და უსაფრთხოების სისტემას, მე მხარს ვუჭერდი გაერთიანებას, თუმცა იმ განწყობის გამო, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამ გაერთიანებით, როგორც კოლეგები ამბობენ, უკან უნდა დავიხიოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ ამ ორი მიმართულების კოორდინაცია, უფრო მეტი სიახლოვე აუცილებელია, რომ საქართველომ უკეთ დაიცვას თავი რთული გამოწვევების ვითარებაში,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე თვლის, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო, როგორ მაკოორდინირებელი ორგანო, არ ექნება.

„ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე გაცილებით უსაფრთხო არიან: ლატვია, მოლდოვა, ხორვატია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქეთი - ასეთი საბჭო გააჩნია. რა მოსაზრება აქვს ჩვენ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ნატოში, საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით“? - განაცხადა კაპანაძემ.

ცვლილებების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანო მთავრობა იქნება. ამასთან, როგორც ცნობილია, ახალი რედაქციის კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, უქმდება უშიშროების საბჭოც.

ამავე დროს ირაკლი სესიაშვილი სხდომაზე ერთიანი ანალიტიკური სამსახურის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისივე თქმით, არსებული უსაფრთხოების საბჭო სწორედ ამ ნაწილში იყო რეკომენდატორი მთავრობისთვის.

„ვფიქრობ, ეს ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, თუმცა არა ბიუროკრატიულად, არამედ შინაარსობრივად, რადგან შეიძლება ერთი სამინისტრო თავისი მეტ-ნაკლებად სუბიექტური ხედვით აყალიბებდეს თავის პოლიტიკას და ანალიტიკა ეფუძნებოდეს მის ინტერესებს, თუმცა საჭიროა, რომ არსებობდეს გარკვეული კონტროლის მექანიზმი, გადამოწმების საშუალება და საერთო ეროვნული პრიორიტეტების გასაზღვრა, ამიტომ მთავრობასთან ერთად ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით წავალთ, თუ ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახური ჩამოყალიბდება. რა ფორმით და რა სახელით ამაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თვლის, რომ კონსულტაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, სამსახურების გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მთავრობას უკან გაეწვია და საგანგაშო და განსაკუთრებული ამაშიც არაფერია.

როგორც უმრავლესობა აცხადებს, ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია რეფორმის მეორე ფაზა - როდესაც თითოეული სამინისტრო წარმოადგენს ოპტიმიზაციის საკუთარ გეგმას, თუ როგორ მოხდება ადამიანური და ფინანსური რესურსის გადანაწილება.

„პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციამ სცადა გაეკრიტიკებინა ეს ცვლილებები და ერთადერთი, გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, თუ რატომ არ მოხდა ბევრი ადამიანის გათავისუფლება სამსახურიდან ამ რეფორმის შედეგად. მეორე პრეტენზია, რაც გამოთქვეს, იყო ის, თუ რატომ არ არის წარმოდგენილი ამ ცვლილებებში ის, თუ რა რესურსები დაიზოგება ამ ცვლილებების შედეგად. მე ვფიქრობ, ეს შეკითხვები ლეგიტიმურზე მეტიც არის, თუმცა, ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ეს შეკითხვები საზოგადოების წარმომადგენლებს რომ დაესვათ, რადგან ოპოზიციას რეალურად ამ შეკითხვებზე პასუხები აქვს, უბრალოდ მათ სცადეს პოლიტიკური სპეკულაცია“,- მიიჩნევს არჩილ თალაკვაძე.