„ნატო-ს მხარდაჭერით ძლიერდება საქართველოს თავდაცვის ინტიტუტები და ეხმარება ქვეყანას ალიანსის წევრობის გზაზე. ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს“, - ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა. მინისტერიალის პირველ დღეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან თანამშრომლობას „გამორჩეული“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორი და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა.
29 ქვეყნის მთავარი დიპლომატები ორი დღის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაა. მოკავშირეები განიხილავენ ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდის შესაძლებლობებს.
მინისტერიალზე ასევე განიხილება საქართველოსთან შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად, 2002 წელს პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე გაიჟღერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილმა. მინისტერიალის დაწყებამდე ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, მონტენეგროს გაწევრიანებამ აჩვენა, რომ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია მათთვის, ვინც რეალურ პროგრესს და მოდერნიზაციას აღწევს.
„ვისაუბრებთ, როგორ უნდა დავეხმაროთ ასპირანტებს, რომლებსაც საერთო ღირებულების და უსაფრთხოების საზოგადოებაში გაერთიანება სურთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი 2011 წლის 7 ნოემბერს მიენიჭა. მაკედონიას და ბოსნია-ჰერცოგოვინას აქვთ წევრობის სამოქმედო გეგმა. ნატოსს „ღია კარის პოლიტიკა“ ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს ემყარება. ნატოს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც მზადაა, რომ წევრობისთვის საჭირო მოთხოვნები შეასრულოს და ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს.
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან. შეხვედრაზე ტილერსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.
„დღეს შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მომავალ წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრამდე, მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას. სტოლგენბერგმა შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარადაჭერას, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მივესალმებით რეფორმებს, რომელზეც საქართველოა ფოკუსირებული. საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას.
ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ რეფორმებს და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო ნატო-ს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში და ჩართულია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. საქართველო 900-მდე სამხედროთი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში“, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. როგორც მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ისევე როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
„გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ემყარება, ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამაყები ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტრიბუციას. მოხარულნი ვართ, რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ასევე ვისაუბროთ ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მისწრაფებებზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შავი ზღვის რეგიონი, ეს ტერმინი ნატოს ისტორიაში პირველად გაჩნდა. „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ნატოს შავი ზღვით დაინტერესების მიზეზი რუსეთის ქმედებებია, რომელიც ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ, შავი ზღვის აუზის ჩაკეტვის მიზნით, ახლა თურქეთან ფლირტითაა დაკავებული.
„რა თქმა უნდა, კარგია რომ გაჩნდა „შავი ზღვის რეგიონი“ ტერმინი ნატოს ტერმინოლოგიაში და მეტ ყურადღებას იჩენენ ამ რეგიონის მიმართ. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ შავი ზღვის აუზი ჩაკეტოს და ექსკლუზიური გავლენა ჰქონდეს, თურქეთთანაც ფლირტის ერთ-ერთ მიზეზი ეს არის. არც დასავლეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას და არც რუსეთი“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
მისივე თქმით, შავ ზღვაში ნატოს ძირითადი დასაყრდენი ეს არის თურქეთის ფლოტი და ნატოს ის გემები, რომლებიც პერიოდულად შემოდიან. რაც შეეხება საქართველოსთან თანამშრომლობას, როგორც აგლაძე აცხადებს, მომავალში ნატოს გემების მიღებას შეძლებს როგორც ბათუმის, ასევე ფოთის და ანაკლიის პორტი.
„კარგია დაიწყო შავი ზღვის რეგიონის წამოწევა და რომ ნატოს ლექსიკონში გაჩნდა „შავი ზღვის რეგიონი“ ძალიან ბევრს ნიშნავს უკვე. რაც მთავარია ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი სტრატეგიული თანამშრომლობა პარტნიორებთან. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ნატო - ეს არის მეტი უსაფრთხოება, მეტი ეკონომიკა. ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკი მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.