„ერთმანეთს რუსეთის აგენტობას აბრალებენ და რომელიმე მართალი იქნება“

„ერთმანეთს რუსეთის აგენტობას აბრალებენ და რომელიმე მართალი იქნება“

„ჩემს ხელზე დადებულ ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მედიასთან საუბრისას.

სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სამართალდამცველებსაც და უკრაინის ხელისუფლების დრო წასულია.

თავის მხრივ, უკრაინელი სამართალდამცველები კიევში „რუსული ზამთრის“ სცენარზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ უკრაინაში სააკაშვილის ქმედებები მოსკოვის ამ გეგმის მცირე ნაწილია.

„შემიძლია დავაანონსო, რომ გაგრძელება იქნება. სხვა ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები ასევე ჩართულნი არიან უფრო სახიფათო თამაშებში და ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მოვახსენებთ“, - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.

თუმცა გენპროკურორი იმასაც ამბობს, რომ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გაქცევის საქმის ფიგურანტი რვა სახალხო დეპუტატია, ამ რვა დეპუტატს გამოძიება აუცილებლად მიიწვევს და შეფასებას მისცემს მათ ქმედებას, რომლითაც გამოიწვიეს ადამიანის პატიმრობიდან გაქცევა, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინის წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.

როდესაც ასეთი რამ ხდება, კითხვები არა მხოლოდ მიხეილ სააკშვილის მიმართ ჩნდება - ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთმანეთს რუსეთის აგენტობას აბრალებენ და მტყუან-მართალი ოდესმე გაირკვევა.

სოსო ცისკარიშვილი: სააკაშვილის ყველაზე დიდი იარაღია ინფორმირებულობა - მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას სამ დღეში დააპატიმრებდნენ და ასეც მოხდა, როგორც ჩანს, ჰყავს სახელისუფლებო სივრცეში მომხრეებიც, რომლებიც უადვილებენ იმ ყოფას რომელშიც აღმოჩნდა.

რასაც ვაკვირდებოდით „რუსთავი 2“-ის ეთერში, ხანგრძლივი შეფასებების საგანი გახდება, მაგრამ რეალობა ასე თუ ისე, იკვეთება - როგორც ჩანს, მისი ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება.

გვახსოვს, როგორც კი სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, როგორ აქტიურობდა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, ყველაზე მეტად კი ლიტვა - კონკრეტულმა პირებმა მისცეს შესაძლებლობა, ჩასულიყო ვილნიუსში, სადაც მას არა მხოლოდ მოქალაქეობას უბოძებდნენ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციასაც შეუქმნიდნენ რომლის მეშვეობითაც შეეძლებოდა მოქმედება ევროპულ სივრცეში.

არ ვიცი რატომ, შესაძლოა, არ გვაქვს ინფორმაცია რა დამოკიდებულება აქვს ასეთ შეთავაზებებთან სააკაშვილს - ისიც ვნახეთ, რა გულთბილად მიიღეს პოლონეთში, მაგრამ როგორც ჩანს, მისი გარემოცვა უკმაყოფილო დარჩებოდა მას რომ უკრაინა დაეტოვებინა თუნდაც საკუთარი სასჯელის მოლოდინში.

ამავე დროს, ვეცნობით რა სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს, მაგალითად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ მას უკვირს ასე მშვიდად რომ აღიქვამს პოლონეთი უკრაინაში მიმდინარე მათთვის მიუღებელ პროცესებს - რას გულისხმობდა ბატონი მინისტრი ძნელად გასაგებია, რადგან იმ დროს დაძაბულობა კი არსებობდა, მაგრამ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის ამ დონის მტრობა არ იყო.

საქართველოში მთავარი კითხვაა, მოხდება თუ არა სააკაშვილის ექსტრადიცია, თუმცა უკრაინელი სამართალდამცავები მას ბრალს სდებენ .წ. რუსული ზამთრის სცენარის გათამაშებაში. ამ ატაპზე რა ინფორმაციაც არსებობს, იკითხება, რომ სააკაშვილი რუსულ დაკვეთას ასრულებდა? იგივე წარმატებით მეორე ვერსიაც შეიძლება განიხილებოდეს და დასავლეთის კვალზე ვისაუბროთ...

- რომ ვთქვა, კარგი დრო შეარჩია უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილზე თავდასხმისათვის, გულწრფელი არ ვიქნები, იგივე ნატოს სამიტის მონაწილეებისგანაც ვერ მიიღებდა პოროშენკო დადებით შეფასებებს ამისათვის, მით უმეტეს, სამიტზე მყოფი ქართველი ჟურნალისტების გააქტიურების ფონზე...

მთავარია, ეს ევროპელი ჩეგევარა არ გასცდეს იმ ზომიერების ფარგლებს, რომ არც თავი დაიზარალოს და არც ის ქვეყანა შეარცხვინოს, რომლის მოქალაქეც უკვე აღარაა, მაგრამ ვიცით, რომ აკადემიურობა სააკაშვილისთვის უცხო ხილია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იდგეს მის უკან, ვნახეთ რომ პესკოვი უმალ გამოეხმაურა სააკაშვილის დაპატიმრებას და ასეთი ფრაზა თქვა: „მტერს არ ვუსურვებთ რასაც ისინი განიცდიან კიევში, უკრაინელები ჩვენი მტრები არ არიან“, - ძალაუნებურად იფიქრებ, რომ რაკი უკრაინას მტრად არ აღიქვამს, ასეთად საქართველოს გულისხმობს.

ანუ მოსკოვი სააკაშვილს იყენებს უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ - ნაკლებად რეალურია? კიევში მსგავსი განცხადებები ისმის...

- რუსეთის ინტერესში ეს შედის, მაგრამ სააკაშვილს დავალებები არ სჭირდება. როგორც ჩანს, არავინ ჰყავს ისეთი, რომელიც გვერდიდან შეახედებდა რეალობას. მისი თაყვანისმცემლები აჟიტირებულები არიან იმით, რომ რუსეთის, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებებს ლანძღავს, მაგრამ ძალიან ძნელია, რაიმე რჩევა გაითვალისწინოს სააკაშვილმა.

მახსნენდება ჩვენი პირველი შეხვედრა 2004 წლის იანვარში, ერთსაათიანი საუბრის შემდეგ მკითხა, რაიმე თხოვნა ხომ არ გაქვთ, ან რამეს ხომ არ მირჩევდითო, - მე ვურჩიე, არ გაემეორებინა ორი წინამორბედი პრეზიდენტის შეცდომები, რომლებიც გარემოცვის გემოვნებით მოქმედებდნენ. სააკაშვილმა მითხრა, მესმის, რასაც მეუბნებით მაგრამ, რომ იცოდეთ, რა ხალხი მყავს გარშემო, თუ ყველას არ მივხედე და არ დავასაქმე, ამ ქვეყანაში არც მე დამედგომება და არც თქვენო - ასეთი აღსარების შემდეგ მაინც სერიოზული შეცდომებით დაიწყო მმართველობა.

ამერიკის და ევროკავშირის ელჩებმა მოუწოდეს უკრაინას, დაიცვან სააკაშვილის უფლებები, ამაში იგულისხმება მხარდაჭერა?

- ამერიკა, რომელიც მზადაა გვერდით დაუდგეს უკრაინას, თვალს ადევნებს, რა ფორმით აპატიმრებენ მათთვის მისაღებ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსს - ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალებაც კი არ ეძლეოდა. არ ვიცი, რომელიღაც კუნძულზე რა ხდება, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არც ერთი ქვეყნისთვის არ არის სიკეთის მომტანი - ეს განცხადებებიც სწორედ ამის მიმანიშნებელია.

ევრონიუსზე მოვისმინე, უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ თურმე სააკაშვილს რუსეთიდან მილიონობით დოლარი მიეწოდებოდა. მგონია, რომ სააკაშვილი და პოროშენკო ერთმანეთს რუსეთის აგენტობას აბრალებენ, რომელიმე მათგანი, ალბათ, მართალი აღმოჩნდება, მაგრამ თავს ვერ დავდებ, იმაზე, რომ რუსეთთან კავშირი არც ერთ მათგანს არ შეიძლება ჰქონდეს.