იური ლუცენკოს განცხადებით, 24 საათში უკრაინის სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა აპარტიდი სააკაშვილი გამომძიებლების წინაშე წარდგეს და მას ოფიციალურად განუცხადონ, რომ ის სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილია, ხოლო შემდეგ კი სასამართლოს წინაშე წარდგება.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულში ედება, რაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას ეხება. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სააკაშვილს ბრალად ედება უკრაინაში ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა კიევში „რუსული ზამთრის“ სცენარის რეალიზება აღკვეთეს, რომელიც მოსკოვში დაგეგმილი სცენარით მიმდინარეობდა. მისი თქმით, უკრაინაში სააკაშვილის ქმედებები მოსკოვის ამ გეგმის მცირე ნაწილია და აქვე აანონსებს, რომ გაგრძელება იქნება. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ სხვა ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები ასევე ჩართულნი არიან უფრო სახიფათო თამაშებში, რომლის შესახებ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.
იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილის აქციების მიზანია უკრაინაში ხელისუფლების დამხობა. მისი თქმით, ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კურჩენკო. შესაბამისად, პროკურატურა დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს.
სააკაშვილს კორუფციაში ამხელს „სახალხო ფრონტის“ დეპუტატი ანდრეი გერაშენკო, რომლის განაცხადებით, სააკაშვილი არა მხოლოდ გაქცეული ოლიგარქისგან, სერგეი კურჩენკოსგან, არამედ იანუკოვიჩის მთავრობის ყოფილი მინისტრებისგან იღებდა ფულს. როგორც დეპუტატი აცხადებს, კურჩენკოს სააკაშვილთან გრძელვადიანი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება სურდა.
„მიხეილ საკაშვილის აქციების დაფინანსება არა მხოლოდ კურჩენკოს, არამედ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის ყოფილი მინისტრების მხრიდან ხდებოდა. ეს ინფორმაცია კიდევ გამოქვეყნდება. სააკაშვილის საზღვარზე გადმოსვლის, „ბოევიკების“ დაქირავების, აქციების ორგანიზების ხარჯების დაფინანსება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან იანუკოვიჩის ახლო გარემოცვის ხალხისგან ხდებოდა“, - აცხადებს ანდრეი გერაშენკო.
უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი სააკაშვილს მოუწოდებს დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს და პასუხი გასცეს წარდგენილ ბრალდებას.
„უნდა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს, გაიაროს კანონიერი პროცედურა და პასუხი გასცეს წარდგენილ ბრალდებას და არა სისხლისღვრისა და დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს“, - აღნიშნა არსენ ავაკოვმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა ამ რთულ გარემოებაში იქნება უზრუნველყოფილი. რაქვიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს, თუმცა, მისი განმარტებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, განსაკუთრებული დატვირთვისაა.
„უკრაინაში, კიევში ამ წუთებში მიმდინარე მოვლენები ცხადია, არის უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესები, რომელზეც პოლიტიკური შინაარსის კომენტარს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ამავდროულად, ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და დატვირთვას აძლევს ამ მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ სააკაშვილის ფიზიკური დაცულობა ამ რთულ გარემოებაში იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი დღეს საქართველოში აქტუალური აღარ არის და მისი საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივ ჭრილში, შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან არ აწყობს, საქართველომ ჩამოაყალიბა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაზე მაღლა სამართალი დგას.
„ჩვენ დღემდეც გავაკეთეთ კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მაშინაც ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურები და სამართლის ნორმების საქმე. ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები.
მთავარია, სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით კი, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური საქართველოში. მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს, ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ თავი ამ ყველაფრის არის ის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
„ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდე ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში ხდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ, პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ კიევში, პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, სწორედ ივანიშვილის რეჟიმზეა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
კიევში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინისთვის დამაზარალებელს უწოდებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომლის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მცდარი გადაწყვეტილებებით უკვე საკუთარ პრობლემადაც აქცია და საქართველოსთვისაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეს პრობლემა.
„ეს უნდა გაეთვალისწინებინა უკრაინას, თუმცა მათ არც ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს თავის დროზე და ახლა მივიღეთ ის ვითარება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის კარგი უკრაინისთვის. ხოლო რაც უკრაინისთვის არ არის კარგი, ის არც საქართველოსთვისაა კარგი ზოგადად.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის კარგიც და ცუდიც, არის საქართველოს პრობლემა. ამიტომ, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანას მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება, თუ მოხდება მისი ექსტრადირება. მაგრამ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, საკუთარ თავსაც დესტრუქციული მიმართულებით იყენებს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
როგორ განვითარდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო პროცესები უცნობია. უკრაინის გენერალური პროკურორი პირობას დევს, რომ სააკაშვილი, რომელიც მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. დაკავების შემთხვევაში მოხდება თუ არა ამჯერად მისი ექსტრადირება საქართველოში, იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ წინა შემთხვევაში უკრაინის მიერ ექსტრადირებაზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა.
„დღეს მას აღარ აქვს უკრაინის მოქალაქეობა. საქართველოს პროკურატურას უკვე აღარ აბრკოლებს მოქალაქეობა, რომ დაკავების შემთხვევაში მოითხოვოს ექსტრადირება. ვფიქრობ, დაკავების შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება გადმოგვცემს სააკაშვილს, რომ საქართველოში მოხდეს მისი გასამართლება. ეს არის ერთდროულად როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი გადაწყვეტილება“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.