სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობა, დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშუალის დაფარვა - ეს არის ბრალდება, რომელსაც უკრაინის პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უყენებს. ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო რადაში განცხადებას გააკეთებს ე.წ. მიხომაიდანის დაფინანსების წყაროებზე.
უკრაინის პარლამენტში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის ლიდერის, არტურ გერასიმოვის განცხადებით, სააკაშვილის დაკავება უკავშირდება იმ ეჭვს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდს გაქცეული ოლიგარქი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა.
„არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილის გუნდს იანუკოვიჩის გუნდის წარმომადგენლები აფინანსებდნენ“, -განაცხადა არტურ გერასიმოვმა.
კიევში, დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სახლის სახურავზე დააკავეს. დაკავებული სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რამოდენიმე ბრალდებაში ეჭვმიტანილად არის ცნობილი. უკრიანული მედიის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კიევის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა - კიევი, კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან სპეცდანიშნულების რაზმი, გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გამოჩნდა. სპეცრაზმის დანახვაზე სააკაშვილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავიდა, საიდანაც იმუქრებოდა, რომ ან სახურავზე დარჩებოდა, ან გადახტებოდა. წინაღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას დილიდან ატარებს.
პარალელურად, სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სააკაშვილი მხარდამჭერებს სახურავიდან მოუწოდებდა, რომ პეტრო პოროშენკოს არ მისცენ უფლება პუტინის ბრძანებით გაიტაცონ.
„არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ.მე სიცოცხლის ფასად მზად ვარ უკრაინისთვის ვიბრძოლო“, - ასე მიმართავდა მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს. ვითარება რამოდენიმეჯერ დაიძაბა, სააკაშვილის მომხრეები ცდილობდნენ, რომ გაერღვიათ სპეცრაზმის ალყა და არ მიეცათ სააკაშვილის დაკავების უფლება, თუმცა უშედეგოდ.
თბილისის დროით დაახლოებით 12 საათზე უკრაინულ მედიაში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მისი შენობიდან გამოყვანის კადრები. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და სახანძრო მანქანები. მიკროავტობუსი, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, მის მომხრეებს ალყაშია აქვთ მოქცეული, რის გამოც, მისი გაყვანა მთავარი პროკურატურის შენობაში ვერ ხერხდება.
სააკაშვილის მხარდამჭერებს ბლოკირებული აქვთ ქუჩა და ისინი აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. ადგილზე მობილიზებულია უკრაინის პოლიცია და სპეცრაზმის წარმომადგენლები. სააკაშვილის მომხრეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება სანდრა რულოვსი.
„როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!“, - წერს სანდრა რულოვსი.
ტელეკომპანია 112-ის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალს უკრიანის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მხულით წაუყენებენ, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშუალის დაფარვას გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების საფუძველი ამ ეტაპისთვის უცნობია მისი ქართველი ადვოკატისთვის, ბექა ბასილაიასთვის, რომლიც სააკაშვილის ექსტრადირებას არ გამორიცხავს. ბასილაია უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებას უკანონო - ბანდიტურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
„ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტული კომენტარის გაკეთება სამართლებრივ ჭრილში გაგვიჭირდება, თუმცა იმის თქმა ცალსახად შეგვიძლია რომ ეს უკვე სამართლებრივი პროცესებიდან გასულია და ეს არის ბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო გამოძევება, მათი ცემა და წამება, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებზეა საუბარი“, - აცხადებს ბექს ბასილაია.
რაც შეება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს. ბასილაია ამბობს, რომ 2 წლის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე პოლიტიკური მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნის გამო უარი განაცხადა.
„იმდენად დიდ უკანონობაზე მიდის უკრაინის ხელისუფლება და თავის მხრივ ქართული ხელისუფლებაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებში, ამ ნაბიჯზეც რომ წავიდნენ არ გაგვიკვირდება, თუმცა მე ვერ გავაკეთებ განცხადებას ინფორმაციის სიმწირის გამო თუ რა შეიძლება მოხდეს“, - ამბობს ბექა ბასილაია.
სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან ჯერ-ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე. ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ რაც უკრაინაში ხდება, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ეს არის ორი ოლიგარქიული ბიზნესჯგუფის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ერთმანეთთან გარიგება. ბიბილაშვილი ამბობს, რომ ყველანაირი სცენარისთვის არიან მზად.
„ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნა უკრაინაში სამჯერ გადააგზავნა. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს უარი შემოუთვალა, ვინაიდან სამჯერვე ითქვა, რომ ამ მოთხოვნის უკან პოლიტიკური მოტივები იყო. ამის შემდეგ შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ოლიგარქიული რეჟიმები ერთმანეთთან გარიგდნენ.
ისინი საკუთარ ტყავს უფრთხილდებიან და ამისთვის გადაწყვიტეს, რომ მოხდეს იმ ადამიანის იზოლირება, რომელიც არის ანტირუსული და ანტიკორუფციული ფრონტის მთავარი სახე და მთავარი ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩვენ პროცესებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ყველანარი სცენარისთვის ვართ მზად“, - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
მოხდება თუ არა სააკაშვილის ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში, ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ყველა სამართლებრივი პროცედურა მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
„სააკაშვილის ექსტრადირებაზე სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება, ასევე ძებნის პროცედურის თაობაზე დაწყებული იყო მუშაობა, ექსტრადირებაზეც თავის დროზე იყო მოთხოვნა. ასე რომ, ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.