იმაზე, თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნამ, პრესა.გე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ივლისის მეორე ნახევარში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს, მიხეილ სააკაშვილმა, აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნის სურვილი საჯაროდ გამოხატა, ხოლო გასულ პარასკევს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გვამცნო, რომ კონფედერაციის შექმნის თაობაზე ტექნიკური საკითხები გახმოვანდა და რომ დანარჩენს დიპლომატები მიხედავენ.
რა ტიპის კონფედერაციაზე შეიძლება იყოს საუბარი?
რამაზ საყვარელიძე: საერთოდ, როდესაც ინფორმაციის ასეთი ნაკადი მხოლოდ ერთი მხრიდან, კერძოდ საქართველოდანაა და მეორე მხარე დუმს, ეს თავისთავად გაუგებრობას იწვევს. ნებისმიერი სახის კონფედერაციის ფორმა გულისხმობს, რომ მისკენ მონაწილე მხარეები ერთნაირად უნდა მიისწრაფვოდნენ; ერთი ქვეყნის გაკეთებული კონფედერაცია არ არსებობს.
რისი მანიშნებელია, დუმილი აზერბაიჯანის მხრიდან?
– ეს დუმილი მე მაგალითად, მაფიქრებინებს იმას, რომ განცხადება, კონფედერაციის შექმნის შესახებ, ქართული პოლიტიკის ნაწილია და საქართველოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ დასავლეთის მხრიდან მეტი ყურადღება მიიქციოს.
ანუ, როგორ შეიძლება ამ განცხადებით დასავლეთის ყურადღების მიქცევა?
– ერთის მხრივ, თუკი ასეთი ერთეული შეიქმნება, მაშინ კავკასიური დერეფანი უფრო მეტი მნიშვნელობის აღმოჩნდება და საქართველო ამ დერეფანში უფრო დიდი მნიშვნელობის იქნება; მეორეს მხრივ, საქართველო–აზერბაიჯანის ამდაგვარი ალიანსი თუ შედგა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის დაძაბულობა, აზერბაიჯანს და მთელ ამ რეგიონს ნაწილობრივ გადაედება.
ეს შეიძლება იყოს გარკვეული მინიშნება, როგორც დასავლეთისთვის (რომ ასეთი პერსპექტივა არსებობს), ისე - რუსეთისთვის. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ დღეს აზერბაიჯანი რუსეთთან ურთიერთობისას ძალიან ფრთხილია, მეეჭვება მისთვის კონფედერაციის პერსპექტივა, პოლიტიკური თვალსაზრისით მომხიბვლელი იყოს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ეკონომიკურ თვალსაზრისზე.
რამდენადაც დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან შედარებით, ეკონომიკურად ღონიერი ქვეყანაა, სახელმწიფოებრიობის ასეთი ფორმების შექმნა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ საქართველო ნაწილობრივ აზერბაიჯანის კმაყოფაზე აღმოჩნდება.
საერთოდ, რამდენად მიღებულია, ერთი ქვეყნის ლიდერის მხრიდან საჯარო განცხადება, კონფედერაციის შექმნაზე?
– ზემოთ მოგახსენეთ, რომ სწორედ ამ ცალმხრივობის გამო ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა არის ქართული პოლიტიკის ნაწილი. ეს საკითხი ჯერ რეალურად მომწიფებული არ არის, ისე, რომ ვისაუბროთ სახელმწიფოთა ურთიერთობის ასეთი ფორმის ჩამოყალიბების რეალურ კონტურზე.
როგორი რეაქცია ექნებათ სომხეთსა და თურქეთს, თუ მართლაც შეიქმნება ქართულ–აზერბაიჯანული კონფედერაცია?
– ეს ნამდვილად დამაფიქრებელი მხარეა. რეაქციის შესახებ პროგნოზის გაკეთება ძნელია. ჩვენ სომხეთთანაც და თურქეთთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ასეთი კონფედერაციის შექმნამ თურქულ–სომხური ურთიერთობები შეიძლება გაართულოს, ანუ დატოვოს ცალკე და გაართულოს ყარაბახის პრობლემის მოგვარება, თუკი რუსეთი ასეთი ერთიანობით უკმაყოფილო იქნება და წესით უკმაყოფილო უნდა იყოს. ყარაბახის მოუგვარებლობა კი თურქეთ–სომხეთის ურთიერთობაში სირთულეებს შექმნის, რისკენაც თურქეთი ბოლო პერიოდში ნაბიჯებს ძალიან ბეჯითად დგამს.
შეიძლება თუ არა კონფედერაციის შექმნის იდეა ქვეყნის ფარგლებს გარედან იყოს წამოსული?
– ეს საქართველოს საგარეო პარტნიორებისგან რომ იყოს წამოსული, მათ ამ ინიციატივაზე ალბათ, გაკვრით, შეფასების დონეზე მაინც ექნებოდათ რაიმე რეაქცია; “საინტერესო იდეაა!“ – რაღაც ასეთი ფრაზა მაინც გამოჩნდებოდა. ჯერჯერობით ასეთი შეფასებები არ ჩანს.
რა დადებით შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნა?
– ჯერ ერთი, ასეთი კონფედერაციის შექმნა ისტორიაში დიდი პროდუქტიულობით არ გამოირჩევა; გახსოვთ, რომ ადრე იყო ამიერკავკასიის კონფედერაცია; მეორეც – ჩვენ ჯერ შიგნით არ გვაქვს ტერიტორიული საკითხები მოგვარებული და ამგვარ ვითარებაში სრულიად გაუგებარია რა საქართველო შევა კონფედერაციაში (თუ შევიდა საერთოდ), აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თანხლებით, თუ მათ გარეშე.
და კიდევ – არსებობს კონფედერაციის მეორე იდეა, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან შეიქმნას კონფედერაცია. ასე რომ, კონფედერაციულობის რამდენიმე ვერსიაა და მათმა გადახლართვამ დიდი გაუგებრობები შეიძლება გააჩინოს. ყოველი შემთხვევისთვის, ამ კონფედერაციის თემასთან დაკავშირებით რაიმე ლოგიკური და მწყობრი სურათი, ჩემთვის ჯერჯერობით არ იკვეთება.