„ჩვენს ქვეყანას ე.წ. მცირე მთავრობების მოდელი უფრო შეეფერება და ეს არის პირველი ნაბიჯი“

„ჩვენს ქვეყანას ე.წ. მცირე მთავრობების მოდელი უფრო შეეფერება და ეს არის პირველი ნაბიჯი“

პარლამენტში სამთავრობო ცვლილებების განხილვას, რომელიც დაჩქარებული წესით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მიმდინარეობს, დიდი განსჯა და ხმაური მოჰყვა. გაკეთებული განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ დეპუტატებს დრო არ ჰყოფნით საკითხის სიღრმისეულად გასააზრებლად.

„ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, მსოფლიოში სხვადასხვა სამინისტროებს რა ჰქვია. ამავდროულად, ეს სამინისტროები უამრავ ფუნქციას ითავსებენ და ძალიან კარგი შედეგებაც აქვთ. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, შედეგები როგორ იყოს კიდევ უკეთესი. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას ე.წ. მცირე მთავრობების მოდელი უფრო შეეფერება, ეს არის ერთ-ერთი ის ნაბიჯი, რომელიც აქეთკენ არის გადადგმული“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფიქრობს, რომ მომავალში საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღება საჭირო გახდება.

„ამ შემცირებების კონტექსტმა გამახსენა დიდი ხნის წინ დაწყებული საუბარი, როდესაც ჩვენ საჯარო რეფორმაზე ვსაუბრობდით. სახელმწფო მდივნის პოზიციის შემოღების თემა გახსოვთ. ჩვენ მოგვიწევს ცხადია, ოპტიმიზაციისკენ წასვლა და თქვენ გახსოვთ ის დისკუსიები, როდესაც სახელმწიფო მდივნის პოზიციის შემოტანა აღარ ხდის საჭიროს ამდენ მოადგილეს. ეს საუბარი მიბიძგებს იმ თემაზე დაბრუნებისკენ, რომელიც დღევანელი საუბრის თემა არ არის, მაგრამ მგონია, რომ თუ ოპტიმიზაცია სამომავლოდ დაგვჭირდება, ალბათ, ძალიან კარგი მოდელი იქნება იმ ქვეყნის მოდელები, სადაც არსებობენ მინისტრები, შემდეგ სახელმწიფო მდივნები, რომლებიც არაპოლიტიკური პოზიციებია და ასეთ სტრუქტურებში დეპარტამენტებს ნამდვილად აქვთ ის დატვირთვა, რაც არ იწვევს ხოლმე სტატუსიდან გამომდინარე გარკვეულ უხერხულობებს“, - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ დღევანდელი დისკუსია სამომავლოდ, ამ ტიპის ცვლილებების აუცილებლობაში არწმუნებს.

რაც შეეხება კონკრეტული სამინისტროების გაერთიანების თემას, იგი გაცილებით მწვავე აღმოჩნდა, ვიდრე ზოგადად, ოპტიმიზაციაზე საუბარი - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, მათ პოზიციას პარლამენტის ყველა სხვა კომიტეტი იზიარებს და მათ მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტს გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნების დათქმით დაუჭირეს მხარი.

კუჭავას თქმით, კომიტეტის დასკვნაში აისახება უარყოფითი პოზიცია გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანების თაობაზე.

ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება. გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არ ემხრობიან გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება.

„ასევე, კარგად დასაფიქრებელია წიაღისეულის ეკონომიკის სამინისტროსთან მიერთების საკითხი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ცვლილებებს არ ეთანხმება გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრიც - „რატომ გახდა დღეს ასეთი რადიკალური ცვლილებები უცილებელი, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ძლიერი გარემოდაცვითი პროგრამით მოვიდა“?! - აღნიშნა ხათუნა გოგალაძემ.

დეპუტატებს არც ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროების შეერთება ხიბლავთ -საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის აზრით, ეკონომიკის სამინისტრო დღესაც თავკომბალაა და მისთვის ენერგეტიკის სამინისტროს მიერთება მიზანშეწონილი არ არის.

როგორც რევაზ არველაძემ სხდომაზე განაცხადა, გასაკვირი არ იქნება, თუ ის მხარს არ დაუჭერს ამ ორი სამინსტროს გაერთიანებას.

„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ისეთი რადიკალური მომენტია, ვერც ეკონომიკა განვითარდება, ვერც სხვა რამე განვითარდება, თუ ამ სამინისტრომ წესიერად ფუნქციონირება ვერ შეძლო. რომ ბრძანეთ იგივე ფუნქციას შეასრულებს ეკონომიკის მინისტრიო... ეკონომიკის სამინისტრო დღესაც თავკომბალაა. მშენებლობის მინისტრი რომ იყო, იმის ფუნქციას ასრულებს ან ტრანსპორტის მინისტრის ფუნქციას ასრულებს ან პრივატიზაციის მინისტრის? ამას თავისი პატრონები ჰყავს და ან ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და ან ვერ ასრულებენ. მე ენერგეტიკოსი ვარ და შეიძლება მიკერძოებაში ჩამითვლოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ენერგეტიკა კიდევ უფრო დაიკარგება და კიდევ უფრო ნაკლები ექნება მისი შედეგი, ვიდრე თქვენ გგონიათ. საკვირველი არ უნდა იყოს, რომ მე ასეთ რეორგანიზაციას მხარი არ დავუჭირო“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ოპოზიცია სამინისტროების გამართულ ფუნქციონირებაზე ნაკლებად დარდობს და დღემდე იმ თანხების ოდენობას არკვევს, რაც სამინისტროების გაერთიანების შედეგად დაიზოგება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თვლის, რომ ხელისუფლება უმრავლესობას ხმას ისე მიაცემინებს ოპტიმიზაციაზე, რომ პარლამენტს არ ეცოდინება, თუ რამდენი დაიზოგება.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კი თვლის, რომ არ უნდა გავაჩინოთ მოლოდინი, თითქოს მთავრობაში დაგეგმილი სტუქტურული ცვლილებები ფინანსური რესურსების დასაზოგად კეთდება, - ამის შესახებ დეპუტატმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ჯაშის ინფორმაციით, იმ ოთხი სამინისტროს წლიური ბიუჯეტი, რომელთა შერწყმაც ხორციელდება, 304 მილიონი ლარია. დეპუტატის თქმით, აღნიშნული სამინისტროების ბიუჯეტი მასშტაბური არ არის და ადმინისტრაციული რესურსის შემცირების შედეგად, დაახლოებით 15-მილიონი ლარი გამოთავისუფლდება.

თავისი კრიტიკული შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორსაც - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არასწორი და მიზანშეუწონელია საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები ფორსირებულად მიმდინარეობდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი, შეიქმნას მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მისასალმებელია.

საია თვლის, რომ ამ თემაზე მანამდე საჯარო დისკუსია არ გამართულა და ოფიციალურად არც პარლამენტი და არც საზოგადოება ყოფილა ინფორმირებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

„განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები განპირობებულია საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ინსტიტუციური და ფუნქციური ანალიზის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ამ დროისათვის არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი.

საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილ ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით განხილავს, რაც გულისხმობს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას ერთ კვირაში სამი მოსმენით. მსგავსი ტიპის მასშტაბური ცვლილებების დაჩქარებული ტემპით განხილვა, ერთი მხრივ, პარლამენტის წევრებს ართმევს შესაძლებლობას სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და სრულყოფილი ხედვა ჩამოიყალიბონ დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებით, ხოლო, მეორე მხრივ, პრაქტიკულად გამორიცხავს სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და დაინტერესებული პირების ჩართულობას საპარლამენტო განხილვებში“, - აცხადებენ საიაში.