დიდი წმენდა მერიაში

დიდი წმენდა მერიაში

საქართველოს მთავრობასთან ერთად, ბიუროკრატიას თბილისის მერიამაც შეუტია, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერიასთან არსებული 19 კომისია უქმდება.

„ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ.

გაუქმდა კომისიები, რომელიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის, მერიის მიერ დაფუძნებული ან მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შემოწმების, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლის მიზნით იყო შექმნილი.

იყო კომისია, რომელიც ცხოველთა (ძაღლები) გასეირნებისათვის სპეციალური ადგილების შერჩევის მიზნით შეიქმნა, კომისია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხებს კურირებდა, მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მონიტორინგს ეწეოდა, მუშაობდა სატრანსპორტო სქემებზე და ა.შ.

კომისიების გარდა თბილისის მერმა იმ კომპანიების სიასაც გადახედა, რომლებიც შემჩნეულნი არიან სამუშაოების არასწორად წარმოებაში, როგორც კალაძემ განაცხადა, ასეთი კომპანიები თბილისის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ.

კალაძემ მაგალითად მოიყვანა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოებული სამუშაოები და აღნიშნა, რომ კომპანიამ ხეები მოაასფალტა.

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კონკრეტული ფოტოები, რომელზეც არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ასახული, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა. თუ შეცდომა მოუვიდა, მაშინ ეს სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, კიდევ უფრო დიდი უბედურება. ეს არის ხეების მოასფალტება. ეს რაღაც სიახლეა, რაღაც ახალია. მე მინდა კეთილმოწყობის და ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ასე რომ, გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რათა შემდგომში არ განმეორდეს, ვინაიდან ეს ხდება შემდგომ ქილიკის საგანი სოციალურ ქსელში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიაში უქმდება ე.წ. ზონალური საბჭოც - კალაძის განცხადებით, მის ფუნქციებს მერიის სამსახურები შეასრულებენ.

„მიზანშეწონილად მიმაჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, თბილისის მერიას დაქვემდებარებული განაშენიანების რეგულირების საბჭოს - ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმება. ამ ინიციატივით მივმართავ შესაბამის ორგანოებს. მოგეხსენებათ, საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც, რასაკვირველია, აგრეთვე შეეხება ურბანული პოლიტიკის განვითარებასა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნას. ამ პროცესის დასრულებამდე ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები, ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ საკადრო ცვლილებაზე - თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც კალაძემ აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება თავად ნიკოლეიშვილმა მიიღო და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რადგან უხერხულობას უქმნიდა ის განცხადებები, თითქოს მერიაში მაკონტროლებლად დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლეიშვილსა და თბილისის მერს შორის უთანხმოება არსებობდა, თუმცა, მერიაში ამას არ ადასტურებენ. უფრო მეტიც - თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ თბილისის მერსა და მის ყოფილ მოადგილეს, გიგა ნიკოლეიშვილს შორის რაიმე დაპირისპირება იყო. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკოლეიშვილმა უკეთესი შეთავაზება მიიღო და სხვა სამსახურში გადავიდა. ნიკოლეიშვილი მუშაობას შს სამინისტროს დაცვის პოლიციის უფროსად გააგრძელებს.

„როგორ უნდა მოგვესწრო დაპირისპირება 1 კვირაში, ეს პრაქტიკულად, გამორიცხული იყო. ბატონ გიგას ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ერთად გვემუშავა, მაგრამ მან უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია ჩაიბარა და მინდა, წარმატებები ვუსურვო. რომ გვცოდნოდა არ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული და არ მოხდებოდა მისი მერის მოადგილედ დანიშვნა. თუმცა, მოხდა მოკლე დროში მისი წარდგენა ამ თანამდებობაზე. ვინ იქნება მისი ადგილმონაცვლე არ ვიცით, არის მერის მოადგილის ორი ვაკანსია და ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ განცხადებას“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.