მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. პარლამენტმა ომბუდსმენის პოსტსზე კანდიდატის დამტკიცება 7 დეკემბრამდე უნდა მოასწროს. გუშინ ქუთაისში ბიუროს სხდომა გიმართა, სადაც სახალხო დამცველის თარიღზე შეთანხმდნენ.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭს 30 ნოემბერს უყრიან. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული გადაწყვეტილება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის წინადადების შემდეგ მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძესაც მოუსმენდა.
„ქართულ ოცნებაშიც“ ორი ფრთა არის გამოკვეთილი, კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის ჯგუფი, რომელმაც წარადგინა და მხარი დაუჭირა ნინო ლომჯარიას კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე, მაგრამ მე „ქართული ოცნების“ იმ ბირთვს მინდა ვთხოვო გიორგი ფოფხაძის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. გიორგი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ის თვისება, რომელიც სჭირდება სახალხო დამცველს“, - მიმართა ირმა ინაშვილმა დეპუტატებს.
გუშინ პარლამენტმა უმრავლესობის კანდიდატს მოუსმინა, თუმცა, როგორც ჩანს, ლომჯარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნება არ შეინიშნება.
როგორც ლომჯარიამ განაცხადა მედიასთან საუბრისას, უმრავლესობის ფრაქციის სხდომაზე იყვნენ დეპუტატები, რომლებიც არ უჭერენ მხარს. ნინო ლომჯარიას თქმით, მმართველ გუდში მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არის, თუმცა ეს არის ჯანსაღი პროცესი.
„მმართველი გუნდი ერთიან პოზიციაზე არის თუ არა, ხვალ გამოჩნდება. ახლა მოვდივარ უმრავლესობის ფრაქციის სხდომიდან და იყვნენ დეპუტატები, რომლებიც არ მიჭერენ მხარს. ცალსახად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იქ ერთიანი მოსაზრებაა. ალბათ, ის უფრო გასაკვირი იქნება, რომ ყველა დეპუტატი საუბრობდეს ერთხმად“, - განაცხადა ლომჯარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო კილაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნინო ლომჯარიას კანდიდატურას.
კილაძის განმარტებით, სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მთავარი კრიტერიუმი იყო, რომ ომბუდსმენი ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტური. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კრიტერიუმებს სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი ნინო ლომჯარია აკმაყოფილებს.
„იყო უამრავი შეკითხვა და ასევე დამაჯარებელი პასუხები ნინო ლომჯარიას მხრიდან. რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობის ფორმატში იყო განსხვავებული მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება და ეს არის ძალიან დემოკრატიული პროცესი. არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნინო ლომჯარიას“,- მიიჩნევს კილაძე.
კილაძის განმარტებით, კითხვები მის საქმიანობას ეხებოდა.
„ჩვენი ერთ-ერთი კრიტერიუმი ის იყო, რომ სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტური და რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს კრიტიკას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს ჩვენთვის იყო მთავარი და გადამწყვეტი კრიტერიუმი. ამიტომ, ამაზე აპელირება თითქოს „არაობიექტურ“ ადამიანს ვეძებდით, შემიძლია გამოვრიცხო“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
როგორც უმრავლეობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ნინო ლომჯარია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით იყო გამორჩეული და გააგრძელებს იგივე კრიტიკულ დამოკიდებულებას სახალხო დამცველის პოსტზე, თუმცა, უფრო ობიექტური იქნება და არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში, ან თუნდაც სასამართლოს საქმიანობაში.
ვოლსკის თქმით, დაპირისპირება სახალხო დამცველსა და უმრავლესობიას შორის არის ჩვეულებრივი პროცესი.
„თუ იქნება დაპირისპირება სახალხო დამცველსა და უმრავლესობას შორის, ამით სახელმწიფო არ დაზარალდება, რისი ფაქტებიც უკვე იყო. სახალხო დამცველის კრიტიკული დამოკიდებულება ნორმალურია, მაგრამ არ მგონია, ნორმალური იყოს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სახალხო დამცვლი აუცილებლად უმრავლესობის პოზიციებზე მყოფი უნდა იყოს. ნინო ლომჯარიას ძველ განცხადებებთან დაკავშირებით არის გარკვეული შეკითხვები, მაგრამ მთავარია, მისი კრიტიკული დამოკიდებულება და ჩვენი მოლოდინი, რომ იქნება ობიექტური“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გადაწყვეტილება ოპოზიციამაც მიიღო - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი არასამთავრობო სექტორის მიერ იყოს წარდგენილი.
„მხარს ვუჭერთ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ საერთო კანდიდატს და მიგვაჩნია, რომ არსებობს შანსი, მათ მიერ დასახელებული კანდიდატი სამართლიანი იყოს“, - განაცხადა მელიამ.
როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ კანონპროექტს ამზადებს, რითაც მომავალში, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს მართვის სადავეებთან, ომბუდსმენის შერჩევა არასამათავრობო სექტორის მხრიდან მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდეს.
„იმ შემთხვევაში თუ იმედები არ გამართლდა, ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ კრიტიკულები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ სახალხო დამცველობის კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს დეპუტატებმა დისტანციურად, ტელეფონის მეშვეობით მოუსმინეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გიორგი ფოფხაძემ თავისი ხედვა წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
„ყველაზე მთავარი არის შრომის კანონმდებლობა, პარლამენტთან ერთად შევძლებდი, რომ სახალხო დამცველს წარმოედგინა ის საკითხი, რომ შრომის კოდექსი იყოს მიღებული და საქართველოს მოქალქეებისთვის იყოს ეს ყველაფერი უფრო მისაღები და ევროსტრუქტურების კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანილი. სახალხო დამცველის აპარატი გადაიქცა ერთი ჯგუფის თავშესაფრად, უჩას მოქმედებას და მუშაობას შევაფასებდი საშუალოდ, თუმცა ვამბობ, რომ ბევრ მიმართულებაში ხშირად ყოფილა უჩა ჩემი მხრიდან კრიტიკის ობიექტი“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველობის ორივე კანდიდატი მაღალი კვალიფიკაციისა და არსებულ მოთხოვნებს პასუხობს.
თუმცა, როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა მეტად იძლევა შესაძლებლობას, სახალხო დამცველის პოსტზე არსებული ღირებულებებით განახორციელოს უფლებამოსილება.
„მიმაჩნია, რომ ორივე კანდიდატი მაღალი კვალიფიკაციისა და პასუხობს მოთხოვნებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია და განვლილი გზა კიდევ უფრო მეტად იძლევა საშუალებას, ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ ბიოგრაფიის ადამიანს სახალხო დამცველის სტატუსით შეუძლია იმ ღირებულებით განახორციელოს ეს უფლებამოსილება, რაც წესით უნდა ახასიათებდეს სახალხო დამცველს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
როგორც ჩანს, ოპოზიციის კანდიდატს მხარს „ქართული ოცნების“ მეორე ფრთა უჭერს, თუმცა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, დღეს გამოჩნდება.