„თუ ლიკვიდირებლთა შორის ჩატაევია, მაშინ გასაგებია - ჩატაევის ქუჩაში აყვანა რისკს უფრო ზრდიდა“

„თუ ლიკვიდირებლთა შორის ჩატაევია, მაშინ გასაგებია - ჩატაევის ქუჩაში აყვანა რისკს უფრო ზრდიდა“

ინფორმაციას, თითქოს სპეცოპერაციის შემდეგ ორი ადამიანი გაიქცა და მათ გამოძიება ამ დრომდე ეძებს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი არ ადასტურებს. დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიების პროცესში ჩართულია ამერიკელი პარტნიორებიც, რაც ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. შესაბამისად, გამოძიების პროცეში ნებისმიერი ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას.

სწორედ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომარემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა. როგორც სესიაშვილი აცხადებს, სუს-ის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური მზად არის ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს და გააცნოს პირველადი ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის და მოვლენის შესახებ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ პარლამენტის წინაშე, ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს და პირველადი ინფორმაცია გააცნოს ჩატარებული ოპერაციის შესახებ და მოვლენის შესახებ. რაც შეეხება თარიღს, როდის და რა ფორმით, ამაზე უკვე მოგვიანებით შეგატყობინებთ, მას შემდეგ, რაც თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექნება დადასტურებული ინფორმაცია“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისგან განსხვავებით, გომელაური ოპოზიციის მოთხოვნას თანხმდება. როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, როგორ მოხდა იარაღის ამ ოდენობით კონცენტრაცია თბილისის ცენტრში, როგორ განხორციელდა სპეცოპერაცია და რა ვითარება არის დღეს გამოძიების თვალსაზრისით - ეს არის ის კითხვები, რომელზეც გომელაურს ნდობის ჯგუფის ფორმატში პასუხის გაცემა მოუწევს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები უნდა ყოფილიყო საჯარო, თუმცა ოპოზიცია მზად არის ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმინონ სუს-ის ხელმძღვანელს.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნამდვილად იყო სპეცოპერაცია, მისი შედეგები, გამომწვევი მიზეზები, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები თბილისის ცენტრში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კითხვებზე პასუხები გაცემული უნდა იქნას საჯაროდ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უმცირესობის ფრაქციების მიერ, პარლამენტში მოწვეულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრი იმისთვის, რომ საჯაროდ გაეცეს კითხვებს პასუხი. როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანახმაა, რომ ნდობის ჯგუფის ფარგლებში გასცეს პასუხი კითხვებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გამოძიება ამ დრომდე დადასტურებულად არ ამბობს, არის თუ არა 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ჩატაევი.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის, ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ლიკვიდირებლთა შორის არის ჩატაევი, მაშინ გაცილებით ბევრი კითხვები ჩნდება და აქ გასაგები ხდება სპეცოპერაციის ამ სახით ჩატარება, რადგან ჩატაევის ქუჩაში აყვანა რისკს უფრო ზრდიდა.

„თუ ჩატაევი იყო, აქ უკვე საკითხი სცდება საქართველოს, უფრო დიდ სიბრტყეში გადადის. სხვა ქვეყნების და ამ ქვეყნების სპეცსასმახურების სტრატეგიულ თამაშებთან გვაქვს საქმე. ეს მოთამაშეები შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურები, ისევე როგორც თურქეთის, ან თუნდაც სხვა ქვეყნების. ჩატაევი თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავდათ დაპატიმრებული, მისჯილიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ათავისუფლდება“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

ალადაშვილი ფიქრობს, რომ ჩატაევი ძალიან ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, მაგრამ რამდენ ქვეყანაზე მუშაობდა, რატომ გახდა აუცილებელი მისი ლიკვიდაცია, ან რა ინფორმაციის მატარებელი იყო თვითონ, ეს ის საკითხებია, რომელზეც მისი თქმით, პასუხებს ვერასოდეს ვერ გავიგებთ, იმიტომ, რომ ამ პროცესში ბევრი ქვეყნის ინტერესები იყო გადაკვეთილი.

„ეს რომ ყოფილიყო სხვა რომელიმე რიგითი მებრძოლი, უფრო მარტივად გაიშიფრებოდა ყველაფერი, მაგრამ თუ ეს ჩატაევია, ასეთ შემთხვევაში ბევრი სერიოზული საკითხი იქნება დასადგენი. ბუნებრივია, ჩატაევი და მისი მსგავი ადამიანები, ოფისებში არ ზიან და არ შრომობენ. მისი სამუშაო იყო ტერორისტული აქტის მოწყობა.

რაც შეეხება ჩამოსვლის მოტივს, აქ რამდენიმე თემა შეიძლება განვიხილოთ. ერთია, რომ ის ამზადებდა სირიიდან წამოსული საქართველოს, ან იგივე ჩეჩნეთის მოქალაქეებს ტერორისტული მიზნებისთვის - ანუ, ჩატაევი გარკვეულ ბაზას ქმნიდა საქართველოში. ან, შეიძლება ტერაქტებს ამზადებდნენ რომელი ქვეყანაში, აქედან შეიძლება რუსეთში გადასვლაზეც ეფიქრათ... ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შესაძლებელია აქვე უცხოელი ტურისტების შეკრების ადგილებში გეგმავდნენ ტერორისტულ აქტს. თვითონ ჩატაევის პიროვნების წარსულიდან გამომდინარე დიაპაზონი ფართოა“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი