სტრასბურგის სამართალი - საქართველო მერაბიშვილის 4 ათას ევროს გადაუხდის

სტრასბურგის სამართალი - საქართველო მერაბიშვილის 4 ათას ევროს გადაუხდის

ევროკონვენციის მე-18 მუხლი - პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს - სწორედ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით.

დიდი პალატის 9 წევრმა 8-ის წინააღნდეგ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51-ე მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53-ე მუხლის დარღვევას.

გარდა ამისა, ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის მტკიცება, ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია. შესაბამისად, დიდმა პალატამაც ძალაში დატოვა პირველი სექციის გადაწყვეტილება და შს ყოფილი მინისტრის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი თავდაპირველად დანაშაულების გამოძიება იყო, ხოლო მოგვიანებით კი, ეს მიზანი „ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მიღებამ შეცვალა“.

„სასამართლოს დასკვნით, ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის მტკიცება, რომ ის საკნიდან გაიყვანეს და გვიან ღამით დაკითხეს, საკმაოდ დამაჯერებელია და შესაბამისად, დამტკიცებულია. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისუფლებაზე მერაბიშვილის უფლების შეზღუდვა, მუდმივ სიტუაციას წარმოადგენდა.

ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო დასკვნამდე მივიდა, რომ ამ შეზღუდვის მთავარი მიზანი, დროთა განმავლობაში შეიცვალა. თავიდან ამის მიზანი იყო დანაშაულების გამოძიება, ხოლო მოგვიანებით კი ინფორმაციის მიღება ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ვანო მერაბიშვილს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 ათასი ევროს ნაცვლად, 4 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ამ ხმუარიანი გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს. როგორც წულუკიანი აცხადებს, 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდებოდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი.

„სტრასბურგის სასამართლომ საკმაო დრო და ადგილი დაუთმო თავისი გადაწყვეტილებაში იმის განხილვას, ემსახურებოდა თუ არა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის ჩამოცილებას პოლიტიკისგან და დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში მერაბიშვილის არგუმენტებს ვერ გაიზიარებდა.

შესაბამისად, ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ დღეს საქართველოს ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. გიორგი ჩივიაშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე ვანო მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს.

„თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულს, როცა აზერბაიჯანის მაგალითზე დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა, იქ დაუყოვნებლივ მოხდა გათავისუფლება, ასევე, უკრაინის შემთხვევაში ანალოგიური იყო. იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მერაბიშვილის გათავისუფლება არ მოხდება, ევროპის საბჭო საქართველოს ხელისუფლების მიმართ შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციას გასცემს“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატის ოთარ კახიძეს შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს სერიოზული დანაშაული. მისი თქმით, იკვეთება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის დანაშაულებრივი ქმედებები.

„ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა მთავარმა პროკურორმა, მტკიცებულებები გააყალბა სასჯელაღსრულების მინისტრმა და გამოძიება ჩაფარცხა პრემიერ-მინისტრმა. დამტკიცდა, რომ ეს სამი პოლიტიკური ამოცანების მიღწევას ცდილობდა და მერაბიშვილის პატიმრობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ფაქტია, ეს მიუთითებს, რომ კონკრეტულმა პირებმა სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ არის პოლიტიკური რევანში, ვინაიდან ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური დევნის დასრულება, ამ ფურცლის გადაშლა და ნორმალური პროცესების წარმართვა“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება. მერაბიშვილის სახით, „გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის“ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ჩემი თანამებრძოლის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ქართველ ხალხს.

„ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60- წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა. ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

უმცირესობისგან განსხვავებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განმარტებით, საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან და მისთვის გამოტანილ განაჩენთან.

„ევროსასამართლომ პატიმრობის პოლიტიკური მოტივი გამორიცხა, არ დაადასტურა, არ გაიზიარა. ასევე, პატიმრობის გამოყენების კანონიერებაზე თქვა, რომ ეს იყო კანონიერი და რაც შეეხება საკნის ეპიზოდს, აქ დამაჯერებლად მხოლოდ ის არგუმენტები მიიჩნია, რაც დაცვამ წარადინა. ეს არ ეხება არც გამამტყუნებელ განაჩენს, არც მის ბრალეულობას, არც პოლიტიკურ მოტივებს, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებების ნაწილში, რომელ პოზიციას იზიარებს, რომელს - არა.

იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც გავლენას ვერ ახდენს ვერც პატიმრობის კანონიერებაზე, ვერც ბრალეულობაზე მისი დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე ევროსასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება. საკნიდან გაიყვანეს თუ არა პატიმარი, ეს არ არის კავშირში პირის დამნაშავედ ცნობასთან და მის გამოტანილ განაჩენთან. გავლენას არ ახდენს და არ ცვლის საქართველოს ეროვნულ დონეზე მიღებული არც ერთი ინსტანციის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა სახალხო დამცველის კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება არასწორი იქნება. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი უკვე სწავლობს აღნიშნულ საქმეს და დასკვნას მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც გადაწყვეტილებას სრულად შეისწავლის.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო და საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც ერთ მუხლთან მიმართებით ადგენს დარღვევას. სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანო, რომლის გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ჩვენი მხრიდან, ალბათ, არასწორი იქნება.

დარწმუნებული ვარ, თავად ომბუდსმენის ოფისი სწავლობდა ამ საქმეს და ექნებათ მასალები. იქნება შესაბამისი დასკვნა. ეს არის მგრძნობიარე თემა პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ომბუდსმენის ოფისსს უნდა ჰქონდეს ძალიან დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.