28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს, ხოლო 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელია. საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს „აბრეშუმის გზის“ ფორუმს.
„საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს „ახალი აბრეშუმის გზის“ ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ინიციატივას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფორუმში მონაწილე ქვეყნების, არამედ ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია მეტი მიღწევებით ვაჭრობის სფეროში და სხვა მიმართულებებით.
„დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის სახით იქნა წარმოდგენილი და ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს: მშვიდობა, კეთილდღეობა, გახსნილობა, ინოვაცია და ცივილიზაციათა კავშირი. ინიციატივა უმნიშვნელოვანესია ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია ინფრასტრუქტურის განვითარებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებით.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში გაჩნდება სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებს შორის ჯანსაღი კონკურენცია, რაც ხელს უწყობს მომსახურების გაიაფებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და, შესაბამისად, ზრდის მოქალაქეების კეთილდღეობას.
კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველო არის ღია ეკონომიკა. ჩვენ მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.
„ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. დავიწყეთ შესაძლებლობების შესწავლა ინდოეთთან. ყოველივე ამით, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანამშრომლობის მზაობას აქ წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან. მოგეხსენებათ, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ოქტომბერში ავამოქმედეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელმაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპის სარკინიგზო ქსელთან ალტერნატიული მარშრუტით დააკავშირა“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პირველი ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის მონაწილეებს „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„დაახლოებით 2016 წლიდან მოყოლებული, ეს მიმართულება განსაკუთრებით განვითარდა, მან მოიცვა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მილიონობით დოლარი იქნა დახარჯული ჩრდილოეთის დერეფნისათვის, ჩვენი რკინიგზის მოდერნიზაციისთვის. კერძო სექტორთან ერთად ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ საზღვაო პორტს შავი ზღვის სანაპიროზე და ეს იქნება სერიოზული ინვესტიციები, რომელიც გაკეთდება ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველო ვერ იქნება გამოყოფილი ცალკე ამ დერეფნიდან, თუკი ჩვენ გარკვეულ ინვესტიციებს ვაკეთებთ ამ დერეფანში, სხვა ქვეყნებიც ასევე უნდა მოიქცნენ და იქცევიან კიდეც.
„მინდა გითხრათ, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ გვაქვს საერთო პროექტები, ეს არის ბაქო - თბილისი -ყარსის პროექტი, რომელშიც უკვე 500 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდა, ეს არის ძველი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი“, - აღნიშნა მან.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანი მარტივია - ვიყოთ კონკურენტუნარიანი ჩვენი დერეფნით და რომ ეს დერეფანი იყოს ინკლუზიური და გვქონდეს უკეთესი ხარისხის ინფრასტრუქტურა. ასევე, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიზანია, გვქონდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ასევე - ჩვენი ეკონომიკა იყოს ღია.
„სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის. ამას, რა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს როგორც ინფრასტრუქუტერა, ისევე ადამიანური რესურსები“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სავაჭრო სექტორში არსებული სიტუაცია გააცნო ფორუმის მონაწილეებს.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორებისთვის. ბარიერების მოხსნით იზრდება შესაძლებლობები, რომ მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა. ჩვენ გვსურს განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე, ჩვენი მიზანია, გავზარდოთ კონკურენტუნარიანობა, ამისათვის გვჭირდება სარტყელისა და გზის ინიციატივის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ისაუბრა ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებაც.
„ჩვენ გვჭირდება ელექტრონული ვაჭრობის და განბაჟების სისტემების განვითარება, სხვაგვარად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას და ეკონომიკის ინტეგრირება ვერ მოხდება. ეს არის სისტემების ჰარმონიზაცია და განსაკუთრებით საბაჟო სისტემების, ამის გარეშე ვერ მოხდება სწრაფი ტრანზიტი. საქართველოში საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ 7 წუთში არის შესაძლებელი, ეს თემა მიმაჩნია ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვნად“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.
რაც მთავარია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმებაც შედგა, მათ შორის, ჩინეთთან კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ციენ ქემინგთან.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით აქცენტი ტურიზმზე გააკეთა. კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღეს მზარდი ტურისტული ნაკადი აქვს, თუმცა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი.
„მიგვაჩნია, რომ ტურისტული ნაკადი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩინეთიდან. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ განვითარების მიმართულებით ჩვენ დღეს უკვე ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მათ შორის ეს არის გრანდ კომპონენტი, რომელიც ეხება საავადმყოფოს მშენებლობას, თუმცა, ასევე არის სათბურების მიმართულება და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ზონების განვითარებასა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, - შესაბამის ხელშეკრულებას პირველმა ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ჩიან ქემინიმ მოაწერეს ხელი.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის მაისში, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამის შემდგომ ჩინეთის ვიცე პრემიერთან მოხდა შეთანხმება, რომ ორი ქვეყანა იმუშავებდა ერთობლივი ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და ინოვაციური ზონების განვითარებაზე.
„სწორედ დღეს ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ დოკუმენტს, რომელის ძირითადი ამოცანა არის, რომ ორმა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ზონების შექმნას და შესაბამისად, უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების ჩინეთიდან გადმოტანას ან ახალი ინდუსტრიული სიმძლავრეების შექმნას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საკითხებში, შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰაიანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას აორმაგებს, - ამის შესახებ შეიხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
შეიხმა აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, სადაც ძალიან გამარტივებულია ბიზნესის წარმოების მექანიზმები, არ არსებობს კორუფცია და სწორედ ეს არის მისი მხრიდან ინვესტიციების მოცულობის გაორმაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კარლ ერჟავიკმა აბრეშუმის გზის ფორმატში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კარლ ერჟავეკის განცხადებით, სლოვენია საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას გეგმავს.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის მეორეჯერ გამართვა საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას ადასტურებს, ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების დაკავშირებაში.
„ფორუმზე განიხილება ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივა, რომელიც შეეხება აზიას, ევროპასა და აფრიკასაც. ინიციატივა დაეხმარება ქვეყნებს, მიაღწიონ ეროვნულ მიზნებს მდგრადი განვითარების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან აქ გადის აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დამაკავშირებელი გზა“, - განაცხადა კარლ ერჟავეკმა.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის სფეროში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროექტის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროებში. ასევე ისაუბრეს იმ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის და მათ განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმერ გროისმანმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონში საბორნე გადაზიდვების ხელშეწყობაზეც ისაუბრა.
„აზიასა და ევროპას შორის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართულებით დამაკავშირებელი სერიოზული მიმართულებები არსებობს. ამ დერეფნების თვალსაზრისით, უკრაინას შეუძლია იყოს საკმაოდ სანდო პარტნიორი. რაც ბატონმა კვირიკაშვილმა ბრძანა, ზუსტად ამაზე მსურს თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გაერთიანება: საქართველო-აზერბაიჯანი-უკრაინა, რკინიგზის და საბორნე მიმოსვლის გამოყენებით“, - აღნიშნა გროისმანმა.
მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის, ი შიაოჟუნის განცხადებით, ფორუმის მეშვეობით, საქართველოს შეუძლია წამყვანი როლი ითამაშოს ინიციატივის რეალიზებაში.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მცდელობებს შეკრიბოს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერი, მთავრობის უმაღლესი დონის წარმომადგენელი, დაინტერესებული მხარე და ბიზნესმენი საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა, მაგრამ ის ასრულებს ლიდერის როლს ამ ინციატივის ხელშეწყობაში, მას აქვს ძალიან კარგი მდებარეობა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ გზებზე, ღია და გამჭვირვალე ვაჭრობისა და ინვესტიციების რეჟიმი. ასე რომ, საქართველოს შეუძლია იყოს მაგალითი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მდებარეობს აბრეშუმის გზაზე“, - განაცხადა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ ი შიაოჟუნმა.