პოლიტიკური სპეკულაციები თუ კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება?

პოლიტიკური სპეკულაციები თუ კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება?

ვიდრე გამოძიება საბოლოო სიტყვას არ იტყვის, 22 ნოემბრის სპეცოპერაციიის მიმართ კითხვები მუდმივად იარსებებს, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქმეში გარკვეული სინათლე შეიტანოს - დღეს, პარლამენტის ნდობის ჯგუფის პირველ, საორგანიზაციო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია იქნება.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკითხი მგრძნობიარეა, თუმცა პოლიტიკური სპეკულირება უადგილოა და არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე არ დარჩება.

„ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. შემიძლია გითხრათ, რომ უსაფუძვლოა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ეჭვები, რომ რაიმე კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება. პირიქით, თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მთლიანად მთავრობისა თუ პარლამენტის სურვილია, საზოგადოებამ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა .

უფრო მეტ საჯაროობას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა და თვლის, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს სუს-მა პარლამენტში უნდა უპასუხოს.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე ითხოვს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში მივიდეს და კითხვებს დახურულ ფორმატში, კომიტეტის ფარგლებში უპასუხოს.

„ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, რომ კითხვები დაგვესვა, სანამ სპეცოპერაციის ცხელი ფაზა მიმდინარეობდა. ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ მწვავე კითხვები დაგვესვა, თუმცა ცხელმა ფაზამ უკვე ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ხდებოდა, ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც დაგროვდა, საზოგადოებას პასუხი ჯერ კიდევ არ აქვს“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

მისი შეფასებით, პირველ რიგში, კითხვა უკავშირდება იმას, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი იყო თუ არა ჩატაევი - ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია სტამბოლის ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და 200-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა.

„ჩვენ გვაინტერესებს, ეს ადამიანი ლიკვიდირებული მართლა იყო თუ არა და საქართველოში როგორ მოხვდა? რა მიზნები და რა ამოცანები ჰქონდა ამ დაჯგუფებას? ისინი ტერორისტული აქტის თუ რაიმე სხვა ტიპის დივერსიული აქტის მოწყობას აპირებდნენ? ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღი როგორ შემოიტანეს? ველოდებით, რომ კითხვებზე პასუხები საჯარო იქნება“,- აცხადებს სერგი კაპანაძე.

კაპანაძე მიიჩნევს, რომ იქნება ეს ნდობის ჯგუფი თუ სხვა ტიპის დახურული ფორმატი და ამ და სხვა სახის ოპერატიულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი თვლის, რომ ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლა ნიშნავს, რომ ყველა სტრუქტურა მოშლილია.

„თუ აღმოჩნდება, რომ გარდაცვლილი მართლაც ახმედ ჩატაევია და მან მოახერხა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ეს ნამდვილად თითოეულ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან და ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების უნარიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა უნდა გასცეს პასუხი, როგორც მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება - რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და სწორედ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია.

აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში აშშ ჩაერთო ეს ხელისუფლებას იმედს უტოვებს, რომ აშშ-ის სპეციალური უწყებების ტექნიკური შესაძლებლობები და გამოცდილება დაგვეხმარება, რაც შეიძლება მალე მოვფინოთ ნათელი ყველაფერს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი თვლის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაადრევი განცხადებების გაკეთება, ფაციფუცი შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვინაიდან მიმდინარეობს ინტენსიური მოქმედებები არა მარტო ამ კონკრეტული ფაქტის გამოძიებისა, არამედ სადაზვერვო საქმიანობა, სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობები საზღვარგარეთ, რათა დადგინეს ქსელი, კავშირები და ა.შ.

„არაპროფესიონალი ხალხის განცხადებები მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციებიც უადგილოა“, - აცხადებს ვოლსკი.

პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას არნიშნა, რომ არ არის საჭირო პოლიტიკური სპეკულირება ისეთი საკითხებით, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოებაა. ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი თემების განხილვა არც ამერიკის და ევროპის ქვეყნებშია მიღებული.

„ტყუილად არ არიან FBI-ს წარმომადგენლები ჩამოსული საქართველოში. ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის ხელწერა. დღეს არ აქვს მნიშვნელობა ნახსენები პიროვნება ჩატაევი იყო თუ არა, მნიშვნელოვანია ის, რომ სპეკულაციას არ მივეცეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა მასაც აქვს კითხვები და აინტერესებს, რა მზადდებოდა საქართველოში და რატომ იყვნენ ტერორისტები შემოსულები.