საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათით იქნება შესაძლებელი

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათით იქნება შესაძლებელი

„უკრაინის პრემიერ–მინისტრის ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ დამდგარა“, - უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კერძო პირია, შესაბამისად, არ არის მაღალი დონის დისკუსიების განხილვის საგანი.

„ის ახლა არის კერძო პირი უკრაინაში და ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების განხილვის საგანი. ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, არც უკრაინაში, არც - საქართველოში. თუ გაქვთ კითხვები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, თვითონ მას ჰკითხეთ, მე არა. ჩვენ ვერ ვხედავთ პრობლემას, ის აგრძელებს უკრაინაში ყოფნას, პოლიტიკურ აქტიურობას, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არც ძალიან პოპულარულია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იგორ დოლგოვმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ–მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და უკრაინის პრემიერ–მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკრაინის თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პრემიერისა და სამთავრობო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ემთხვევა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკასა და გადაწყვეტილებაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიულ რანგში აყვანის შესახებ.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები.

კიდევ ერთხელ ვუხდი უკრაინის მხარეს მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ერთმანეთის ძლიერი მხარდაჭერა და ერთობლივი ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის, ეს ვიზიტი კი, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.

თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ–მინისტრის, ვოლოდიმირ გროისმანის განცხადებით, უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან გაიმართა ძალიან ეფექტური მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც აღინიშნა რამდენიმე მიმართულება.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ–მინისტრო და ქართველ ხალხს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უპირობო მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ძალისხმევის კოორდინაციას საერთაშორისო არენაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზე არის დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა“, – განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებული ტენდენციები. უკრაინის პრემიერი მიიჩნევს, რომ 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა შესაძლოა გაიზარდოს 1 მილიარდამდე.

„ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში – აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით. ასევე ვისაუბრეთ ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.

ჩემი პროგრამის ერთ–ერთი პუნქტია „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება. შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ გროისმანმა.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ გროისმანი ინიციატივით გამოვიდა, საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლის გამარტივებასთან დაკავშირებით. გროისმანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. შესაბამისად პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ გროისმანმა.

საქართველო–უკრაინას შორის პოლიტიკური, სავაჭრო–ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სექტორულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები იყო უკრაინის პრემიერ–მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შეხვედრის მთავარი საკითხი. მხარეებმა განიხილეს ასევე ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ამ სფეროს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

28 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით სესიაზე, ასევე - მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში - „High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability“.