„საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე სულ 7 კანდიდატზე იყო საუბარი, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაასახელა.
„მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ ჩვენ შევჯერდით გადაწყვეტილებაზე - საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დასახელებული იქნება ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. გავითვალისწინეთ არასამთავრობოებთან კონსულტაციები, ასევე, გამოცდილება, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი, კვალიფიკაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, დანარჩენი არის პროცედურების საქმე - უახლოეს დღეებში მოხდება კანდიდატის დასახელება და მომდევნო პლენარულ სხდომებზე განხილვა და დაახლოებით ერთ კვირაში დამტკიცდება სახალხო დამცველი თავის პოსტზე.
არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძისა და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები შესთავაზა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პირადად მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავდა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევად უმრავლესობის ფარგლებში დამატებითი კონსულტაციები გამხდარიყო საჭირო.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოთხი ძლიერი კანდიდატი წარმოადგინეს. ჩვენთვის არის პრიორიტეტი, რომ ომბუდსმენის კანდიდატურაზე იყოს თანხმობა სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის, ვინაიდან მომავალმა ომბუდსმენმა მჭიდროდ უნდა ითანაშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, უფლებადამცველ ორგანზიაციებთან. დღეს ვეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები ჩამოვაყალიბოთ კანდიდატებთან დაკავშირებით. შესაძლოა, დამატებითი კონსულტაციები გახდეს საჭირო უმრავლესობის ფარგლებში, თუმცა, დათქმულ ვადებში ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ ახალ ომბუდსმენს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც ჩანს, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, რადგან გადაწყვეტილება ბოლო მომენტამდე ვერ მიიღეს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანდიდატს მოგვიანებით დაასახელებდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის შემცვლელად თამარ ქალდანის კანდიდატურაც დასახელდა, თუმცა ქალდანმა შეთავაზებაზე უარი თქვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაცია, რომ ასეთ შეთავაზებას ჰქონდა ადგილი, არ დაადასტურა.
ასევე გავრცელდა ცნობა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებადამცველი, სოფო ხორგუანის კანდიდატურა განიხილებოდა, მასზე უკვე იმსჯელეს საქართველოს მთავრობაშიც, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
კიდევ ერთი წყაროს ცნობით, განიხილეს სოფო ჯაფარიძის კანდიდატურაც, რომელიც პრემიერის თანაშემწე, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ.
დაანონსებული იყო, რომ საბოლოო პოზიციაზე მმართველი გუნდი სწორედ 24 ნოემბრის კონსულტაციების შემდეგ უნდა შეჯერებულიყო. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.