საკრებულოს მიერ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებით მერიაში გადაგზავნას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განმარტა, პროცედურა ითვალისწინებს, საკრებულომ თბილისის მერიას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით 25 ნოემბრამდე დაუბრუნოს, ხოლო 10 დეკემბრამდე თბილისის მერია ბიუჯეტის საბოლოო პროექტს საკრებულოში შემოიტანს და განხილვების შემდეგ იგი წლის ბოლომდე დამტკიცდება.
„ზოგადად, მოსაზრებები და რეკომენდაცია არის ის, რომ ბიუჯეტი კიდევ უფრო მაქსიმალურად მორგებული იყოს იმ წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც თბილისის მერიის და ჩვენი გუნდის მიერ იყო წარდგენილი“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტის მიმართ შენიშვნები ჰქონდა ოპოზიციას. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბიუჯეტის პროექტში მათი 5 მოთხოვნის ასახვა მოითხოვა. თუმცა მერია არ აპირებს ნაციონალების შენიშვნების გათვალისწინებას.
თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კახა კალაძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“, ამიტომ გაუგებარია ოპოზიციის მოსაზრებები რა უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ მომავალ წელს, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა, ოპოზიციის მოსაზრებებს თბილისის ბიუჯეტში ახალი პროექტების შეტანასთან დაკავშირებით.
„გაუგებარია ოპოზიციის მოსაზრებები. სოციალური მიმართულებით ქონდათ კონკრეტული მოსაზრებები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვაპირებ კონკრეტული მიმართულებით მუშაობას, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ იყო წარმოდგენილი და დედაქალაქის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებისათვის მედიკამენტებზე 200-ლარიანი ვაუჩერის, 200 000 ქულის მქონე ოჯახებისათვის 150-ლარიანი კომუნალური ვაუჩერის დაწესებას, სტუდენტებისათვის საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას და სხვა მოითხოვს.
„ჩემი აზრით, მათი მოთხოვნები არის პოპულისტური, ეს არის მათი საარჩევნო პროგრამის ნაწილი, რომელსაც მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა... ნებისმიერი თავისუფალი თანხა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გაზრდით ან ოპტიმიზაციის შედეგად გამოიძებნება, უნდა მივმართოთ იმ პროგრამებისკენ, რომელთა განხორციელებასაც საზოგადოებამ მხარი დაუჭირა“, - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ, რომელმაც თბილისის საკრებულოს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრები გააცნო.
თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 815 მილიონ ლარს შეადგენს. შემოსავლების ნაწილი არაფინანსური აქტივობების გარეშე 754 მილიონი ლარია, რომელიც მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 9 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი. საშემოსავლო გადასახადი 10 მილიონი ლარით შემცირდება, თუმცა გათვალისწინებულია საწარმოთა ქონების გადასახადის ზრდა 2,6 მილიონი ლარით, 600 000 ლარით შემცირდება ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი და 2 მილიონი ლარით მიწაზე ქონების გადასახადი შემცირდება.
„გათანაბრებითი ტრანსფერი 10 325 000 ლარით იზრდება. სპეციალური ტრანსფერი 2017 წელს 860 000 ლარის ოდენობით გვქონდა, როცა 2018 წელთან დაკავშირებით სპეციალური ტრანსფერი წარმოდგენილი პროექტებით გათვალისწინებული არ არის. ზოგადად, საბიუჯეტო ტრანსფერის გაზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა გარკვეული ოდენობით, რისი შესაძლებობაც ცენტრალურ ბიუჯეტს ექნება, გაიზარდოს ხარჯების დაფინანსება. აღნიშნული 2018 წელს მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებობას მოგვცემს. ასევე გვაქვს ზრდა 10 მილიონ ლარამდე სხვა შემოსავლების ნაწილში, რომელიც სხვადასხვა მუხლებში განხორციელებული ცვლილებებით არის განპირობებული“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, არაფინანსურ აქტივებში ჯამურად თანხების 15 მილიონი ლარით კლება მოხდება, კერძოდ 2017 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობები თუ დაგეგმილი იყო 65 მილიონი ლარის ოდენობით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 15 მილიონი ლარით ნაკლები იქნება, ანუ 50 მილიონი ლარი იქნება.
თბილისის ვიცე მერმა ასევე ისაუბრა დაგეგმილი პროექტების მოცულობებზეც. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ინფრასტრუქტურული ხარჯების მოცულობა განსაზღვრულია 282 მილიონი ლარით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები - 307 მილიონი ლარით, საექსპლუატაციო ხარჯების მოცულობა - 89 მილიონი ლარით, კულტურული ღონისძიებები დაფინანსდება 5,5 მილიონი ლარით, ადმინისტრაციული ხარჯები - 104 მილიონი ლარით, სხვა ხარჯები - 18 მილიონი ლარით. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისათვის განსაზღვრულია 7 655 000 ლარი.
ხმალაძემ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას 2018 წლის განმავლობაში მეტი თანხების მობილიზაციის იმედიც გამოთქვა - ფინანსთა სამინისტროს მიერ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტისთვის ტრანსფერის გამოყოფის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
როგორც ხმალაძე აცხადებს, მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირებების შესასრულებლად გაცილებით მეტი დაფინანსებააა საჭირო, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროსთან ტრანსფერის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ვიცე მერმა საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მათ მიერ მოსახლეობისთვის გაკეთებული დაპირებები 4 წელზეა გათვლილი, შესაბამისად, განსახორციელებელი პროექტების ხარჯებიც გაწერილი იქნება აღნიშნულ პერიოდზე, რადგან ერთ წელში ყველაფრის დაფინანსება შეუძლებელია.