აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტი საერთო დეკლარაციის მიღებით დასრულდა. დეკლარაციის ტექსტში ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეები აღიარებენ დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს მითითებულია ასოცირების შეთანხმებებში. აქვე ნათქვამია, რომ ეს შეთანხმებები ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას უზრუნველყოფს. 21 პუნქტიან დოკუმენტში საუბარია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი. ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს მიდგომა „მეტი მეტისთვის“ და ამ მხრივ გამოყოფილია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.
„ხელშეკრულებები ითვალისწინებს პოლიტიკური ასოცირების დაჩქარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან ევროკავშირის მხარდაჭერას მათ განხორციელებაში. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან თავისუფალი სავიზო რეჟიმის განხორციელებას მოლდოვასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ისინი მოელიან თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ წინსვლას მობილურობის სფეროში. სამიტის მონაწილეები ღრმად აღშფოთებულნი არიან საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით რეგიონის უამრავ ნაწილში და მიესალმებიან ევროკავშირის გაზრდილ როლს კონფლიქტების გადაწყვეტაში და ნდობის ჩამოყალიბებაში არსებული და შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც ევროპაში იქნება მზაობა, რომ გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. როგორც პრემიერი ამბობს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს წარმატების შესახებ ერთხმად აღინიშნა.
„ყველამ აღნიშნა ის, თუ როგორ ვახერხებთ და ვახორციელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას და ამასთან, დემოკრატიის კონსოლიდაციას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რაზეც იყო სრული კონსენსუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი აღმოჩნდა ინსტრუმენტი საქართველოსთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, დღემდე მნიშვნელოვანი ნაბიჯები განგვეხორციელებინა, რაც არის ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია.
ჩვენ ახლა გვაქვს გაცილებით უფრო ამბიციური შემდეგი ნაბიჯები გადასადგმელი და რა განწყობაც არ უნდა იყოს ევროპასა და სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას. 2020-ისთვის გვაქვს ძალიან ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმა წარმოდგენილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროპისკენ და ჩვენი პარტნიორებისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ პროცესში, რადგან საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას.
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, რომ მზად ვიყოთ. როდესაც გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის, ამ მომენტისთვის საქართველო უნდა იყოს მზად. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ ამოცანას ვახორციელებთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ დეკლარაციაში აღიარებულია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ის რეფორმები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ჩაატარა და ხაზგასმულია ის სამომავლო გეგმა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირთან ერთად დასახა, რათა განახორციელოს ქვეყნის მოდერნიზება და რეფორმირება.
მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა – ზუსტად ასეთი ჩანაწერი დეკლარაციაში არ არის გაკეთებული, მაგრამ ყველაფერი ეხება საქართველოს სამომავლო გეგმებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და მისწრაფების ფორმულირება წლევანდელი სამიტის დეკლარაციაში, როგორც ეს 2015 წელს რიგის სამიტის დეკლარაციაში იყო, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული.
„მოგეხსენებათ, რამდენად რთულია მდგომარეობა თავად ევროკავშირში, ცალკე წევრ სახელმწიფოებში და აქედან გამომდინარე, კერძო საუბრებში, ორმხრივ ფორმატებში ამ თემაზე იყო საუბარი. ეს ყველაფერი დაფიქსირდა, მაგრამ საერთო კონტექსტში, ამჯერად, ამ სამიტზე, ეს ჩანაწერი არ გაკეთდა, თუმცა დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე მან პირდაპირ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, ორი წლის შემდეგ, ეს ყველაფერი დაფიქსირდეს და ჩვენი ქვეყანა გახდეს ამ პერსპექტივის ნაწილი“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
საქართველოს ელჩი ბელგიაში ნატალია საბანაძე აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია საკმაოდ რთული და დაძაბული მუშაობის შედეგია როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე პარტნიორებთან. როგორც ელჩი აცხადებს, როგორც ყველა დეკლარაცია არის კომპრომისი, ეს დეკლარაციაც კომპრომისული დოკუმენტია.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე ქვეყანა განსხვავებულია და განსხვავებული ამბიციები აქვთ. ასევე რთული სიტუაციაა ევროკავშირში. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ კარგი დეკლარაციაა და კარგი დოკუმენტი მივიღეთ. შენარჩუნებულია ის, რაც საქართველოსთვის იყოს მნიშვნელოვანი. ევროკავშირი აღიარებს პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს.
ამის დაფიქსირება მნიშვნელოვანი იყო. ტექსტში ნათქვამია, რომ დაიწყება მოლაპარაკებები სამ ასოცირებულ პარტნიორთან, რომ ვიფიქროთ შემდეგ ეტაპზე. ეს საკმაოდ კარგი გზავნილია. ევროკავშირი აღიარებს ქვეყნის სუვერენულ უფლებას, გააკეთოს არჩევანი და პატივს სცემს ამ არჩევანს“, - განაცხადა ნატალია საბანაძემ.
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. კვირიკაშვილი მის ბრიტანელ კოლეგას ტერეზა მეის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობას და აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი.
ორმხრივი თანამშრომლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერება - ამ საკითებზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრებმა. გიორგი კვირიკაშვილსა და ედუარდ ფილიპსის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შესახებ, რომლის თავმჯდომარეობა საქართველომ საფრანგეთისგან ცოტა ხნის წინ გადაიბარა.
„ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი წარწერით - „კარგ მეგობართან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია. რეფორმები და მტკიცე ნაბიჯები უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ლიტვა განაგრძობს ჩვენი, ქართველი მეგობრების გვერდში დგომას“, - წერს ლინას ლინკევიჩიუსი.
საპასუხოდ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გიორგი კვირიკაშვილი წერს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ლიტვის მხარდაჭრა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში.
„მოხარული ვარ ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ლიტვის მხარდაჭრა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.