უმრავლესობას სახალხო დამცველის პოსტზე ორი ფავორიტი ჰყავს

უმრავლესობას სახალხო დამცველის პოსტზე ორი ფავორიტი ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომზე სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხს განიხილავენ. სავარაუდოდ, შეხვედრაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით, უკვე განმარტა კონსულტაციები არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დაგეგმილი იყო, დამატებითი, შიდა კონსულტაციებიც, რათა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ ჰქონდათ.

სახალხო დამცველის პოსტზე ოთხი კანდიდატურა განიხილება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი სთავაზობს ხელისუფლებას, თუმცა რამდენადაც ცნობილია, უმრავლესობა ერთსულოვანი არ არის და სხვადასხვა გუნდებს თავ-თავიანთი ფავორიტი ჰყავს. რაზე შეთანხმდებიან, მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა როგორც ამ ეტაპზე იკვეთება ძირითადად, ორი კანდიდატის ლობირება მიდის.

„სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასახელებული კანდიდატები საკმაოდ ღირსეული კანდიდატები არიან. მათ თავიანთი საქმიანობის განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება. არასამთავრობო სექტორმა პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. იმედი მაქვს, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეჯერდება. მე გამოკვეთილი ფავორიტი კანდიდატი არ მყავს. მთავარია, რომ სამოქალაქო სექტორისთვის მისაღები პირებიდან მოხდეს ერთ-ერთის დასახელება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს და გამორიცხული არ არის, დისკუსია სხვა მიმართულებით წარიმართოს.

რაც შეეხება კანდიდატებს, არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.

მედიაში უკვე გახმაურდა, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს.

როგორც ლომჯარია აცხადებს, სახალხო დამცველის პოსტზე შემოთავაზება მმართველი გუნდიდან არ ყოფილა და მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ სხვა პირებთან ერთად სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო სექტორი მისი კანდიდატურის წარდგენასაც აპირებს.

„მირჩევნია დაველოდო მოვლენებს, რადგან სხვა კანდიდატებიც ჩემი კოლეგები არიან. ყველა დასახელებული პირი ღირსეული კანდიდატია, მთავარია მოხდეს შეთანხმება არასამთავრობო სექტორსა და მმართველ ძალას შორის. ამ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ, „ქართული ოცნების“ ერთი ჯგუფი სოფო ხორგუანის კანდიდატურასაც ლობირებს, თუმცა მის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგება დეპუტატთა ნაწლილი, მათ შორის, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

„კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა“, - მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

„ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ კონსენსუსი, რაც ქართულ საზოგადოებას ასე მოენატრა. შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია, მაგრამ შემოთავაზებული კანდიდატების გარშემო მსჯელობა იქნება. ყველა ამ კანდიდატს აქვს გარკვეული ღირსება. მთავარი ღირსება უნდა იყოს ნეიტრალიტეტი, პირუთვნელობა, პატიოსნება და კრიტიკული დამოკიდებულება ყველა პროცესისადმი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის წარდგენის უფლებამოსილება საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. პარლამენტი ომბუდსმენს 5 წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს.