ევროსაბჭო საქართველოს კონსტიტუციის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ მიმართ კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს ესტუმრნენ - სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრები პრეზიდენტთან, პოლიტიკური პარტიების და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან.
ევროსაბჭოს მონიტორებმა პირველი შეხვედრები უკვე გამართეს - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლეტანს შეხვდა, რომლებიც საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდნენ. ჩუგოშვილმა მათ საკონსტიტუციო რეფორმასთან და ახლად ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თუ რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ და ასევე იმ ინიცირებულმა ცვლილებებმა, რომლებსაც დეკემბერში ეყრება კენჭი. ვენეციის კომისიაც ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს და შესაბამისად, ევროპელი სტუმრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრულად არიან ინფორმირებულები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩუგოშვილმა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, შეხვედრა პოზიტიური იყო და საუბარი ძირითადად საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო. მისივე თქმით, შეხვედრაზე 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, ასევე საკონსტიტუციო რეფორმას.
„ეს არის ახალი მომხსენებლის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც აგროვებს იმ ინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოში, რათა ჰქონდეს სრული წარმოდგენა, როგორ მიმდინარეობს პროცესები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან გვეჩვენებინა ის გამოწვევები და შესაძლებლობები, ის წარმატებები, რომელიც ქვეყანას აქვს და ამაზე საინტერესო საუბარი შედგა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან კონსტიტუციიის გარდა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შსს-სა და სუს-თან დაკავშირებულ საკითხებზე.
როგორც სამადაშვილი აცხადებს, უშიშროების სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერება, ისევე, როგორც ამ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის არარსებობა ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას ამ ქვეყანაში.
„ვისაუბრეთ პოლიტიკურ დევნაზე ოპონენტების წინააღმდეგ. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოს სახელმწიფო ვერ იცავს, როგორც ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ უცხოელ ჟურნალისტებს, მუხთარლის საქმეს ვგულისხმობ, ისე ჩვენს მოქალაქეებს და ჟურნალისტებს, რომლებიც უცხო სახელმწიფოში მუშაობენ და აქ ვგულისხმობ უკრაინიდან გამოძევებულ ადამიანებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებსაც და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა სრულიად არათანაბარ პირობებს ქმნის ოპოზიციისთვის და შეუძლებელს ხდის დემოკრატიულო პროცესის გაღრმავებას.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა კი ჟურნალისტებტან საუბრისას აღნიშნა, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში სამწუხარო უკუსვლაა.
კანდელაკის განმარტებით, უკუსვლა გამოიხატება იმაში, „როცა ადგილი აქვს არჩევნებზე რესურსების დისბალანსს, გვაყვს ახალი პოლიტიკური პატიმარი, გოგა ონიანი“.
„საუბრის თემა იყო საკონსტიტუციო რეფორმა და ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილება, რომელიც ვანო მერაბიშვილს უკავშირდება. ვისაუბრეთ იმ ზოგად ეროზიაზე, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზულიციების შესრულების საკითხზე.
კონსტიტუცია გახლდათ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის მთავარი თემაც - საუბარი შეეხო, როგორც რამდენიმე კვირის წინ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე მიმდინარე რეფორმას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები დაინტერესდნენ და დაისვა კითხვები: რამდენად უზრუნველყოფს არსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ანუ მიღებული კონსტიტუცია რამდენად უზრუნველყოფს ბალანსის სისტემას, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას და მომავალში მრავალპარტიულ დემოკრატიას.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ევროსაბჭოს დელეგაციასთან პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ქვეყანა ამ ეტაპისთვის სრული სვლით, ერთპარტიული გადაწყვეტილებებისა და ერთპარტიული დემოკრატიისკენ მიდის.
საუბარი შეეხო აფგან მუხთარლის საკითხსსაც და როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს საქმე ჩვენი დიდი სირცხვილია და მნიშვნელოვანია, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებრობა სწრაფად დასრულდეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძეც, საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის შემდგომ პერიოდს.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისაუბრეს არჩევნების ადმინისტრირების და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიურ შეფასებებზე. გარდა ამისა, მხარეებმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდგომ საარჩევნო კოდექსის სამომავლო ცვლილებებზეც ისაუბრეს.
„ჩვენი პარტნიორები ხედავენ და აფასებენ იმ პოზიტიური ცვლილებებს, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა. ისინი მხარს უჭერენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს. მათ შეკითხვები ჰქონდათ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების დინამიკის შესახებ ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი ამოცანაა, რომ პარტნიორებს ზუსტი, სწორი და დროული ინფორმაცია ჰქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო გოგუაძემ.
როგორ შეაფასებს ევროსაბჭო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი - ამ ეტაპზე ხელისუფლება ცდილობს, თავი მოიწონოს ევროსაბჭოს დელეგაციასთან, ოპოზიცია კი ხელისუფლების მწვავე კრიტიკას არ იშურებს, ხელისუფლება ცდილობს, ევროპას წინსვლა დაანახოს, ოპოზიცია კი დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკობს. როგორ საქართველოს დაინახავს ევროსაბჭოს დელეგაცია, ეს უკვე მათ მახვილგონიერებაზეა დამოკიდებული.