გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ხელისუფლება საკმაოდ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა - დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. როგორც ხელისუფლებამ ახსნა, სპეცოპერაცია დროში გაიწელა, რადგან მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო მოქალაქეების უსაფრთხოება.
რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაციის ჩატარება, ვინ არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილები, მზადდებოდა თუ არა ტერაქტი, ვინ არიან გარდაცვლილები, რამდენად ვართ მზად ტერორიზმთან საბრძოლველად და კიდევ უამრავი კითხვაა, რომელზე პასუხსაც ხელისუფლება უახლოეს დღეებში გვპირდება - უნდა რჩებოდეს თუ არა, ამდენი კითხვა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ვახტანგ მაისაია: შესაძლოა, ამ ეტაპზე განცხადებები არ გაკეთდეს, იმის გამო, რომ დაუზუსტებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა მომხდარიყო ტერორისტების ჩვენება, დაკავებულების ან ლიკვიდირებულების სახით. არ ვამბობ, რომ სახე უნდა ეჩვენებინათ და იდენტიფიკაცია მომხდარიყო, მაგრამ გვინახავს როგორც ხდება ხოლმე ტერორისტების დაკავება, ზოგჯერ ისეც არის, რომ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაც კი ხდება, როდესაც დაკავებისას მისი იდენტიფიკაცია შესაძლებელია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პროცედურაა.
როდესაც არის ასეთი რეზონანსული შემთხვევა, საერთაშორისო მასშტაბის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხს ეხება, ამ დროს, არ წარმოაჩენ, რამდენი ტერორისტია ლიკვიდირებული და არც მათ ცხედრებს არ აჩვენებ და ამბობ, რომ რამდენიმე დღეში მოგაწვდით ინფორმაციას, ეს რას ნიშნავს?!
ხომ ჩნდება კითხვა, სად არიან ლიკვიდირებული ტერორისტები ან საერთოდ, რამდენი ტერორისტი იყო? - ეს ხომ საინტერესოა. ჯერ ამბობდნენ, რომ ორი ტერორისტი იყო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოთხია, ხვალ და ზეგ შეიძლება აღმოჩნდეს რომ შვიდი იყო?
გავიხსენოთ, ლაფანყურის სპეცოპერაცია როგორ ჩატარდა - ითქვა რომ შეიარაღებული რაზმი აღმოაჩინეს, მაგრამ მათი უმეტესობა ისე გაიფანტა, რომ შემდეგ მათი ადგილსამყოფელი ავსტრიის სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ქვეყანაში - ასეთებიც გვინახავს, მაგრამ ახლა ერთი კითხვა მაქვს - სად არიან ტერორისტები?!
როდესაც ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ არსებით შეკითხვებს პასუხი არ ეცემა და მხოლოდ ზოგადი განცხადებები ისმის, ეს ხომ არ მიგვანიშნებს, რომ ტერორიზმთან რეალური ბრძოლისთვის მაინც მოუმზადებლები ვართ?
- ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობ, იმდენად დიდი ხანი, რომ უკვე დავიღალე. იყო პერიოდი, რომ ჩემი მცდელობა, ეს ინფორმაცია მიმეტანა ხელისუფლებამდე, ძვირადაც დამიჯდა და სამშობლოს მოღალატედაც შემრაცხეს...
ახლაც, ანტიტერორისტული ღონისძიების შესაბამისად არ მიმდინარეობდა ეს სპეცოპერაცია და ჟურნალისტებს იმისი საშუალება ჰქონდათ, გადაეღოთ, სპეცოპერაციის დეტალები. არ იყო პერიმეტრი სათანადოდ დაცული, არ იყო მეორე კარის პერიმეტრი და ვისაც არ ეზარებოდა ისე შედიოდა და გადიოდა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ტერორისტებიც გასულიყვნენ - შემონგრეული ღობის ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს.
ოფიციალურ განცხადებაში ითქვა, რომ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარეობდა შესაძლო ტერორისტების დადგენა. თუმცა არ დაკონკრეტდა რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილები, ან რომელი ქვეყნის სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად უნდა გამოევლინათ. უნდა მომხდარიყო თუ არა ამ ინფორმაციის გასაჯაროება?
- მეც კი არ გამიკეთებია კომენტარი მედიასთან სპეცოპერაციის დასრულებამდე - რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს ამ სახის ინფორმაციის გასაჯაროება, თუმცა როდესაც დასრულდა ოპერაცია, უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება - არ ვართ მზად ტერორიზმთან საბრძოლველად და ეს არც ყოფილა ტერორისტული აქტი. ეს იყო ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც შემდეგ გადაიზარდა კონტრდაზვერვის ოპერაციად - დავინახე, როგორ მოხდა შემდეგ სამხედრო ტექნიკის ჩართვაც და უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხედრო ძალების მობილიზებაც მოხდა.
გარდა ამისა, როდესაც ტერორისტების იდენტიფიკაციის თემა ბოლომდე არ არის გარკვეული და არ ვიცით, რამდენი ტერორისტი იყო, არ მოხდა მათი გვამების იდენტიფიკაცია და ეს დროში იწელება, არ ვიცი რა ვთქვა - მართალია, ეს ჩვენი ქრისტიანული მრწამსისთვის შესაძლოა, მიუღებელია, მაგრამ ეს არის სამუშაო მასალა ექსპერტებისთვის, რომ სწორი დასკვნები გაკეთდეს.
თუკი 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა წინააღმდეგობის გაწევა, შესაძლებელი იყო, დიდი რაოდენობის იარაღის მარაგის დასაწყობება ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბანში?
- ისიც საინტერესოა, რა იარაღი იყო და რა რაოდენობის, შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო დისლოკაციის ადგილი, შეიძლებოდა მცირე რაოდენობის იარაღითაც მოეხერხებინათ შეიარაღბული ძალებისთვის გამკლავება. რაც ჩანდა, ეს იყო, რომ დასაწყისში მცირე ძალებით ხდებოდა მათი აყვანა და მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთო მძიმე ძალები. ანუ შესაძლოა, დიდი რაოდენობის შეიარაღება არც ჰქონოდათ.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ტერორისტები საკმაოდ კარგად გაწვრთნილები ჩანდნენ, მათ შეეძლოთ მცირე შეიარაღბითაც შეეკავებინათ ქალაქის პირობებში საკმაოდ სერიოზული შენაერთებიც კი. საკმაოდ მომგებიან პირობებში იმყოფებოდნენ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მოულოდნელობის ეფექტი უკვე ჩაიშალა, მიუსადეგი ადგილი იყო შეტევის ჩასატარებლად და ა.შ.
იმ მწირი ინფორმაციიდან, რაც გავრცელდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, სამართალდამცველები ცდილობდნენ ამ პიროვნებების იდენტიფიკაციას და სულაც არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, ხოლო შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ უკვე ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ...
- შესაძლოა, ჩეულებრივი რეიდიც იყო, ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ.
ითქვა, რომ ბინა ეკუთვნოდა პანკისის მკვიდრს, რომელმაც იგი გააქირავა, სავარაუდოდ პანკისელებზე. შეიძლებოდა, ისინი ყოფილიყვნენ სირიიდან დაბრუნებული მებრძოლები, რომლებიც საქართველოში არც აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას?
- შესაძლოა, უფრო ეს ვერსია გამოდგეს ყველაზე რეალური. მეც ვფიქრობ, რომ რაკი ეტყობოდათ საბრძოლო ტაქტიკის ცოდნა და ურბანისტულ პირობებში ბრძოლის გამოცდილება, შესაძლოა, ტრანზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში.
ვინ იყვნენ და სად მიდიოდნენ ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს, მაგრამ რაც ჩანს, არის ის, რომ მათი გამოვლინება მოხდა რეიდის დროს, რაც შემდეგ გადაიზარდა ანტიტერორისტულ ოპერაციაში. იმედია, დაკავებული ტერორისტის დაკითხვა გამოავლენს რასთან გვქონდა საქმე.
ამ თემაზეც გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას - საქართველო რა კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო ტერორისტებისთვის?
- შავი ტრანზიტისთვის და ესეც საკმაოდ სერიოზული თემაა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი თვლის, რომ ამ მომენტში ხელისუფლების დუმილი დანაშაულის ტოლფასია, თქვენც აღნიშნეთ, რომ მეტი ინფორმაცია უნდა გამხდარიყო ცნობილი - ეს ხელისუფლების შეცდომაა?
- არ ვიცი, დანაშაულის ტოლფასი რამდენად, თუმცა, პოლიტიკოსებს აქვთ თავისუფლება, რომ რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ ასეთი ბუნდოვანი დასკვნები კიდევ უფრო მეტ კითხვებს გააჩენს. მე ვიტყოდი, რომ ინფორმაცია უნდა მოეწოდებინათ ტერორისტების წარმომავლობაზე, რაობაზე და რიცხოვნობაზე - ამაზეა მხოლოდ საუბარი, რადგან ტერორისტების არდასახელება და მხოლოდ ერთი გვამის ჩვენება კითხვებს აჩენს.