პოროშენკო სააკაშვილის თანამებრძოლებს უკრაინიდან აძევებს

პოროშენკო სააკაშვილის თანამებრძოლებს უკრაინიდან აძევებს

ბორანი, სახელწოდებით „ვილნიუსი“, რომელშიც უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი იმყოფოებოდა ფოთის პორტში გვიან ღამით შემოვიდა. დეპორტირებულებს შორის არის, „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი, რომლიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი პირადი ოპერატორი იყო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ისინი იძულების წესით იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში, - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს.

8 ქართველის დეპორტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინიდან სააკაშვილის შვილის პირადი დაცვის წევრისა და ასევე სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის სამი წევრის დეპორტაცია განხორციელდა. დეპორტირებულები თბილისში სპეცდანიშნულების თანამშრომლებმა სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს.

დეპორტირებულები აცხადებენ, რომ უკაინიდან მათი დეპორტირება უკანონოდ მოხდა და კიევიდან გამოძევების რეალური მიზეზები მათთვის არავის განუმარტავს. მომხდარს კი, სააკაშვილის მხარდაჭერას უკავშირებენ. „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი ამბობს, რომ უკრაინამ სამწლიანი დეპორტაცია გაუკეთა, მანამდე კი უკრაინაში ცხოვრების ვადა 24 ნოემბრამდე ჰქონდა განსაზღვრული.

„დღის 11:00 საათი იყო, ავტომატებით შეიარაღებული 15-მდე სპეცრაზმელი შემოვიდა. სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ძირს დამაწვინეს და ფეხებს მირტყამდნენ. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თვალები „სკოჩით“ ამიკრეს და გამომიყვანეს. ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი. შემდეგ შემაგდეს მიკროავტობუსის საბარგულში და გაურკვეველი მიმართულებთ წამიყვანეს. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ როგორც მივხვდი, მანქანა გამოცვალეს, სხვა მანქანაში გადამიყვანეს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოცვალეს მანქანა.

მერე ვერტმფრენების ხმა გავიგე, აეროპორტში. ვერტმფრენში ამიყვანეს. რაღაცეები წამიკითხეს, რომ სამი წელი ვეღარ შემოხვალ... ვერტმფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. დახლოებით ორი საათი ვიფრინეთ, სადღაც ჩავფრინდით, ისევ სპეცრაზმის მანქანა დამხვდა და აღმოვჩნდი გემზე. ეს მთელი დღე გრძელდებოდა, ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, უკვე სისხლი გამდიოდა სახიდან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამაზ შავშიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს სხვა მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქებიდან აიყვანეს და ისინი უკვე გემზე ნახა. შავშიშვილის განმარტებით, სულ 10-მდე ქარველის დეპორტაცია მოხდა.

„უკრაინიდან მოგვყვებოდა ბადრაგი, სპეცრაზმის წარმომადგენელი. 20-მდე იქნებოდა, ახლა ისინი ყველანი გემზე იყვნენ. ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის ინფორმაციის სამინისტრომ მომცა ცნობა, რომ მე ვიყავი უკრაინაში აკრედიტებული ჟურნალისტი“, - აღნიშნა თამაზ შავშიშვილმა.

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს და უწყების პირველ პირს პარლამენტში იბარებს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ხალხის დეპორტაციით დაირღვა მათი ყველა უფლება, რომელიც აქვთ საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით.

„ასევე ის უფლებები, რომელთაც მათ უკრაინის კანონმდებლობა ანიჭებთ. ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას მისი მოქალაქეების უფლებები, მაგრამ სამწუხაროდ, რეაგირება, რომელიც ჩვენ ვნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, არ არის ადეკვატური. საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტით უნდა მიემართა უკრაინისთვის, უმაღლეს დონეზე უნდა გამართულიყო ჩვენი ელჩის დემარში კიევში, უნდა დაებარებინათ უკრაინის ელჩი საქართველოში - ეს არაფერი მათ დღემდე არ გაუკეთებიათ.

როგორც ჩანს, საგარეო უწყებაც მხოლოდ იქიდან გამომდინარე იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ მათ და არ მიაჩნია, რომ ყველა, ვისაც საქართველოს პასპორტი აქვს, თანაბრად იმსახურებს საკუთარი სახელმწიფოსგან დაცვას. ეს არის აშკარა შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის და არაფორმალური მმართველობისა“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა.

„თვითმფრინავიდან აეროპორტში ისეთი ხალხი ჩამოსვეს, რომელზეც უკრაინულ მხარეს ვერ ეცოდინებოდა, რომ ისინი არიან ჩემთან კონტაქტში, არიან ჩემი ძველი ნაცნობები, მეგობრები. ეს იცის მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურებმა. ზაფხულში საქართველოში პოროშენკო ჩავიდა და მოელაპარაკა ივანიშვილს ჩემს წინააღმდეგ მოქმედებებზე. მოელაპარაკა იმიტომ, რომ ჩემი ეშინიათ. ეშინიათ, რადგან მათთვის ვარ რეალური საფრთხე, რომ მე და ჩემი გუნდი არ მოვიდეთ უკრაინის ხელისუფლებაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და განმარტავს, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის არანირი მოლაპარაკება არ ყოფილა.

„არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის, რაც შეეხება, იუსტიციის სამინისტროებს, არ ყოფილა. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჩვენი ქვეყანა არის ღია და რა თქმა უნდა, მათ თუ უცხო ქვეყნის სახელმწიფო დააბრუნებს სამშობლოში, ეს სამშობლო არის ღია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქვეყნის საგარეო უწყებიდან გამნარტებებს ითხოვს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, რომლის განცხადებით, როგორც მინიმუმ, იმის უკეთ ჩვენება შეიძლებოდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აღელვებს საქართველოს მოქალაქის ბედ-იღბალი.

საქართველოს პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი საკონსულო დეპარტამენტის რეაგირება იმ პრობლემებზე, რომელიც ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეებს ექმნებათ უკრაინაში, მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის არშეშვება, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის არშეშვება, საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაცია, ადეკვატური არ ყოფილა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნამდვილად უნდა მიხედოს ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური ნიშანი აქვთ და რა პოლიტიკური მსოფლმხედველობის არიან ისინი და იზრუნოს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. რეაგირების სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, იმის ჩვენება, რომ აღელვებთ საქართველოს მოქალაქის ბედ-იღბალი, უკეთ შეიძლებოდა.

სამწუხაროდ, ყველას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო დაინტერესებული ამ ადამიანების ბედით, იმიტომ, რომ რამდენი ხანია ეს პრობლემა გრძელდება და არ ვიცით, რა რეაქცია იყო. ან, თუ ჰქონდათ რეაქცია, მაგალითად, საელჩომ დემარში გააკეთა, ან რამე მსგავსი, ამის შესახებ ინფორმაცია მაინც უნდა გაევრცელებინათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში პოლიტიკური ნიშანი იკვეთება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის ბრალდებას უპასუხოდ ტოვებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მომხდარზე განმარტებები საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა. არსებობს თუ არა მექანიზმი იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორღაც ვითარება, ან პროცესები შეცვალოს უცხო ქვეყანაში, ამ საკითხზე სხვა აზრი გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია ვოლსკის, რომლის განცხადებით, ამის გაკეთება პრაქტიკულად, შეუძლებელია.

„ჩვენ ამის თაობაზე დეტალები არ ვიცით. უკრაინამ გადაწყვიტა, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი. მე ვერ შევაფასებ ამ შემთხვევაში ამ ქმედებას, ამ ნაბიჯს, ვინაიდან არ გვაქვს საწყისი ინფორმაცია. როგორ იმოქმედა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს კიდევ მეორე საკითხია.

მე არ მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს უახლოეს პერიოდში კონკრეტული პასუხები, თუმცა მექანიზმი არსებობს თუ არა იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორღაც ვითარება, ან პროცესები შეცვალოს უცხო ქვეყანაში, მე ამაზე საკმაოდ სერიოზული სხვა აზრი გამაჩნია - ამის გაკეთება პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.