კალაძის ამბიციური გეგმები - მერია ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს

კალაძის ამბიციური გეგმები - მერია ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს

თბილისის მთავრობა მუშაობას საკმაოდ ამბიციური ნაბიჯებით იწყებს, ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერი აცხადებს, თბილისის ბიუჯეტის არსებული პროექტი მერიამ საკრებულოდან გამიოთხოვა და მის ხარჯვით ნაწილში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.

„რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტის ასახვა მოხდება 2018 წლის ბიუჯეტში. ძირითადად, ის პროექტები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით“, - აცხადებს ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე.

ცვლილება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს არ შეეხება, მერიაში თვლიან, რომ იგი სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანენ. კახა კალაძის გუნდი ელოდება, რომ საბიუჯეტო დაფინანსება გაიზრდება და ეს თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდება. მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომელიც საკრებულოს წარედგინება, აგებული იქნება წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასახელებული პროექტების განხორციელებაზე.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას წარვუდგინეთ ის ძირითადი პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, 4-წლიანი განვითარების გეგმასა და ამ გეგმის განხორციელებისთვის შესაბამისი პროექტების განხორციელებას მოიცავს. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგებოდა 7 ძირითადი პუნქტისგან და მასში მთლიანად ასახულია ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს. ბიუჯეტში, რომელიც დღეს არის წარდგენილი თბილისის საკრებულოში, არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა ცვლილებების შეტანის, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო წარდგენილი და ვერ შევიტანდით მასში ჩვენ ხედვებსა და გეგმებს. მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, რომ დაიწყოთ მუშაობა ბიუჯეტთან დაკავშირებით - გამოვითხოვოთ წარდგენილი ბიუჯეტი და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს მისი გადაგზავნა თბილისის საკრებულოში. ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული და გაწერილი ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს“, - განაცხადა კალაძემ.

ახლნდელი ბიუჯეტი 815 მილიონ ლარზეა გაწერილი, თუმცა, კონკრეტულად რამდენით გაიზრდება ამ ეტაპზე მერიაში ვერ აკონკრეტებენ.

თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 10 ნოემბერს შევიდა. არსებული პროექტის მიხედვით, შემოსულობები და ასიგნებები, გათვალისწინებულია 815,2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით. ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზია 763,7 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო ხარჯები - 587,3 მლნ ლარი.

ყველაზე დიდი თანხა - 47,9 მლნ ლარი გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რემონტზე. ქალაქის კეთილმოწყობაზე -26,9 მლნ ლარი, სკოლამდელი დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობაზე - 20 მილიონ ლარზე მეტი.

რაც შეეხება კალაძის პროგრამას, მერია აპირებს, რომ თბილისი უზრუნველყოს კომფორტული სამარშრუტო მიკროავტობუსებით, განაახლოს მეტროპოლიტენი და ავტობუსების პარკი.

ახალმა მერმა პირობა დადო, რომ ოთხ წელიწადში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილების ძირითადი საშუალება იქნება, რაც დედაქალაქის ავტომობილებისგან განტვირთვას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, კალაძე დედაქალაქში სამშენებლო სფეროს რეგულირების გამკაცრებას აპირებს. მის გეგმაშია ქალაქის არქიტექტურული სამსახურის რეფორმირება, რომელიც დედაქალაქში მშენებლობის გაცემის ნებართვის გაცემის საკითხს მიხედავს.

ასევე, თბილისის მერი ქალაქის სისუფთავის გაკონტროლებას აპირებს. ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟდება ვიდეოკამერები, მანამდე კი წესრიგს ქვეითი პატრული დაიცავს.

კალაძე პარკინგის პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს. მან უკვე განაცხადა, რომ სასამართლოში იჩივლებს კომპანია C.T. Park-ის წინააღმდეგ, რომელიც ქალაქში ამ საკითხს აკონტროლებს.