საქართველოს თემა აქტუალობას არ კარგავს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. ამის ერთ-ერთი მაგალითია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე მიღებული რეზოლუცია. როზოლუცია, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას ითვალისწინებს, ევროპარლამენტმა 519 ხმით მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 114 დეპუტატი, ხოლო 47 ევროდეპუტატმა თავი შეიკავა. მიღებული რეზოლუცია ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს გადაეგზავნება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“, რომელიც რვა წლის წინ იყო ინიცირებული, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა საგარეო პოლიტიკაში. როგორც ევროპარლამენტარი იასენკო სელიმოვიჩი აცხადებს, ამ ინიციატივამ პრაქტიკული და ხელშესახები შედეგები მოგვცა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობენ.
„თუმცა, ამ პარტნიორობას ახალი დინამიზმი, რეგიონის ქვეყნებს კი დახმარება სჭირდებათ. უკრაინას სჭირდება დახმარება, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის ოკუპაციას, ხოლო ორ დანარჩენ ქვეყანას კი დახმარება სჭირდებათ რუსეთის გავლენასთან დაპირისპირებაში. მხოლოდ ამ დახმარებით შეძლებენ ეს ქვეყნები ევროკავშირისკენ ნაბიჯის გადადგმას“, - განაცხადა იასენკო სელიმოვიჩმა. ფორმატი - „აღმოსავლეთი პარტნიორობა პლიუსი“, ნდობის ფონდების შექმნას, ახალ საინვესტიციო ევროპულ გეგმას, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესასრულებლად ფინანსურ მექანიზმებს და სხვა ზომებს ითვალისწინებს. ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენეს იმედი აქვს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფება, საინვესტიციო ფონდის შექმნა და მომავალი პერსპექტივის შესახებ კონკრეტული ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის 24 ნოემბრის სამიტის დეკლარაციაში აისახება.
„ამ რეზოლუციით ევროპარლამენტმა საკუთარი სიტყვა თქვა და მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ ხედავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მომავალს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპული მისწრაფება თქვენი ქვეყნის, უკრაინისა და მოლდოვის, საინვესტიციო ფონდის შექმნა და მომავალი პერსპექტივის შესახებ კონკრეტული ნაბიჯები 24 ნოემბრის სამიტის დეკლარაციაში აისახება. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს იქნება ოქროს შანსის ხელიდან გაშვება. ძლიერი და სტაბილური სამეზობლო ევროპას გააძლიერებს“, - აღნიშნა ლაიმა ანდრიკიენემ.
რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მეტისის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან და გზავნილები, რომელიც ამერიკელმა მაღალჩინოსამნა გააჟღერა. ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი აცხადებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება. როგორც მეტისმა აღნიშნა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას, ორი ქვეყნის საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა ამყარებს.
„წელს საქართველოსა და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება, ხოლო 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბუდაპეშტში დაპირება მიიღო, რომ ნატო-ს წევრი გახდება. მეოთხედი საუკუნის წინ საქართველომ არჩევანი გააკეთა, შეუერთდეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობას და ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნები მეგობრულად დგანან ერთმანეთის გვერდით. ასევე, 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა ზაფხულში, თბილისში ვიზიტისას განაცხადა, „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა. თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობას და აღნიშნა, რომ ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
„თქვენი პრემიერის განცხადება, იდგეთ ჩვენს გვერდით ავღანეთში, ვიდრე ბოლო ამერიკელი სამხედრო არ დატოვებს ქვეყანას, არის ძლიერი და ძალიან დასაფასებელი სიგნალი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდ, ნატო-ს მისიის არაწევრ კონტრიბუტორ ქვეყანას. ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. ვიყურებით რა მომავლისკენ, აშშ მტკიცედ უჭერსმხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის 2.2 %-ით. ეს აჩვენებს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
არსებული ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ წელს იწყება და 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონის მომზადებას ითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზად არის მსოფლიო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის აშშ-ის მხარდამხარ იბრძოლოს.
„საქართველო აშშ-ის სანდო და ქმედითი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც რეგიონში დემოკრატიის მოდელს წარმოადგენს და მსოფლიო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის მზადაა აშშ-ის მხარდამხარ იბრძოლოს. დღეის მდგომარეობით სხვადასხვა სარდლობების მეთაურობით ავღანეთში 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და ეს ასეც გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამას საჭიროდ მიიჩნევს. საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის მზარდ სამხედრო მხარდაჭერას. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და გაზრდის ქვეყნის მდგრადობას, შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებსა და მზადყოფნას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ საქართველოს არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ უჭერს მხარს ისე, როგორც აშშ. მისივე თქმით, თავისთავად ცხადია, რომ მნიშვნელოვანია ნომერი პირველი მოკავშირის ღია მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით და არა ნატოში გაწვერიანების კუთხით.
„ნატოში გაწვერიანება არის საერთო ეროვნული და ევროატლანტიკური კონსენსუსის საფუძველი. რასაკვირველია, ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო ამერიკა ვერ წყვეტს გაწევრიანების საკითხს. სამაგიეროდ, თავდაცვაში მხარდაჭერას ახორციელებს ევროპის გარეშე. ასეთი მხარდაჭერა ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოსგან თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის სასრგებლოა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძე.
როგორც ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში განმარტავს, როდესაც თავდაცვის მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი აცხადებენ, რომ - ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, ეს არის მეტი უსაფრთხოება და ეს მუდმივი პროცესია.
„რასაკვირველია, ეს არის მინიშნება კრემლის მისამართით, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაში, ამერიკა შესაბამის ზომებს მიიღებს. შესაძლებელია სახედრო ფორმითაც. როდესაც თავდაცვის მინისტრი იმეორებს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას, რომ ამერიკა საქართველოსთან არის - იგულისხმება სამხედრო რეაგირება. ეს კარგი გზავნილია და დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში“, - აღნიშნა მამუკა ნებიერიძემ.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ გზავნილები, რომელიც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გააჟღერა,ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილებია. მისი თქმით, ეს არის გაგრძელება იმ ცალსახად დაფიქსირებული პოლიტიკური მხარდაჭერის, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააჟღერა - ამერიკა თავის სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის გვერდით იდგება.
„მნიშვნელოვანია როგორ აფსებენ ამერიკელები ჩვენს კონსტიბუციას ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. ფაქტიურად, ამ ოპერაციაში მნიშვნელოვანი კონტიგენტის მონაწილეობით საქართველომ მყარად დაიმკიდრა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის იმიჯი. დამიჯერეთ, რომ ყოველა დონეზე, როგორც პრეზიდენტი, ასევე ვიცე- პრეზიდენტი, სახელმიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი ყოველთვის ცალსახად აფიქსირებენ საქართველოს როლს. აქედან გამომდინარე ამერიკის მხრიდან ინტერესი და ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში დიდია“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ ასევე, გვაქვს სტარტეგიული პარტნიორობის ქარტია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ბოლო გადაწყვეტილებით, თავდაცვის მიმართულებით 100 მილიონამდე ავიდა დახმარება. „ეს არ არის მხოლოდ სიტყვა, მას აქვე მოჰყვება ქმედება. მერწუნეთ, რომ განცხადებები და ქმედებები ერთად აღებული ძალიან სერიოზული გზავნილია რუსეთისთვის, რომელიც ნამდვილად ხედავს და უსმენს ამ განცხადებებს. ბორდერიზაციის პრობლემა ძალიან დიდიპრობლემაა, მაგრამ უფრო ხისტი და აგრესიული ნაბიჯები, რომ არ იდგმევა, ამაში დიდი წვლილს აშშ-ი თამაშობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ამერიკა უმნიშვნელოვანეს სამხედრო პროგრამას ახორციელებს საქართველოში, რომელიც თავის მხრივ ძალიან დიდი კონტრიბუტორია სამშვიდო პროცესებში. ამ თავლსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ამერიკისთვის, რაც ყოველ ოფიციალურ შეხვედრაზე აღნიშნება. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამერიკას შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების საქმეში, მაგრამ საკითხი რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება.
„ამიტომ, ეს კონფრონტაცია რუსეთის წინააღმდეგ, არ მომწობს. მე მირჩევნია, რომ საქართველოს საკითხის მოგვარება მოხდეს თანამშრომლობის საფუძველზე. ვნახეთ რა მოგვიტანა 2008 წლის ომმა. ომი ფიზიკურად იყო საქართველოს ტერიტორიაზე. რეალურად, ეს იყო დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის. რუსეთის მხრიდან არის ისეთი განწყობა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი მოგვარდეს. რუსეთი მოდის დათმობაზე იგივე ეკლესიის მიმართულებით, ამბობს, რომ განახორციელეთ აფხაზეთთან კონტაქტები და პროგრამები. ახლა მთავარია, რომ საქართველოს პოლიტიკურ პროცესების პულსზე ედოს ხელი და გრძნობდეს როდის რა უნდა გააკეთოს. საჭიროა კონსტრუქციული თანამშრომლობა რუსეთის, ევროკავშირის და აშშ-ის ჩართვით, რომ მოხდეს ამ საკითხების პოზიტიურ ჭრილში გადაჭრა. კონფრონტაცია კარგს არაფერს მოგვიტანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ტერიტორულ მთლიანობას, გვერდში გიდგავართ, მარტო არ ხართ, ეს ლირიკაა მხოლოდ. მე მაინტერესებს რეალური საქმე“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, პოლიტიკაში მთავარი არის შედეგი. პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტს პროექტზე, რომლის მიხედვით, უკრაინა ღებულობს 350 მილიონ დოლარს, გაცილებით მეტს ღებულობს ისრაელი და პაკისტანი, მაგრამ ამ ჩამონათვალში ვერსად ვერ ნახა რამდენს ღებულობს საქართველო.
„რეალურ დახმარებაზე ვასაუბრობ. სამწუხაროდ, ჩვენ არც ნატოში გვღებულობენ, არც ევროკავშირში. მაპსაც კი არ გვაძლევენ და შეიძლება 10 წელი გვაყურყუტონ. ჩვენ კი ამის დრო არ გვაქვს. ცაიტნოტში ვართ, ვინაიდან, ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთი ერთ დღესაც არ კარგავს უქმად. როგორ ფიქრობთ, ამ ვიზიტის შემდეგ რუსეთი ოდნავ მაინც თავშეკავებული იქნება? რამდენი ასეთი ვიზიტი იყო? ჩამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ რუსეთიმაინც განაგრძნობს იმის მტკიცებას, რომ ეს კონტაქტები არაფერს არ ცვლის და უფრო თავხედურად იქცევა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მომხრეა ამერიკა ჩვენი რეალური მოკავშირე გახდეს, რადგან თვლის, რომ დღეს ამერიკა არ არის საქართველოს რეალური მოკავშირე.
„როგორც ამ დარგის სპეციალისტი, მოკავშირეობაში ვგულისხმობ პასუხისმგებლობას. ჩვენ დღეს არც ერთ ძლიერ სახელმწიფოსთან არ გვაქვს სამხედრო ხელშეკრულება. იგივე ამერიკას სამხედრო ხელშეკრულება აქვს პაკისტანთან, ინდონეზიასთან, ფილიპინეთან, რომ არაფერი ვთქვათ იაპონიასთან მიმართებით. ჩვენ ასეთი ხელშეკრულება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ დეკლარაცია და ხელშეკრულება, რომლის რეალობა ერთელ ვნახეთ 2008 წელს. ამიტომ, ვაიძულოთ ჩვენი ხელისუფლება, რომ უფრო ხისტად, ჯიუტად და თუ გნებავთ დიპლომატიურად უფრო მომაბეზრებლადაც კი, ვაიძულოთ ჩვენი მეზობელი დასავლეთი, რომ რიტორიკა რეალურ სამხედრო კავშირებში გადაიზარდოს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ