„ხმოსნებისგან“ განსხვებით, „საარჩევნო კოლეგიის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი საქილიკო აღარ გახდება

„ხმოსნებისგან“ განსხვებით, „საარჩევნო კოლეგიის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი საქილიკო აღარ გახდება

პარლამენტს უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. საორგანიზაციო კომისია პირველ შეხვედრას ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამართავს. საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებმა, სტუდენტებმა, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა. კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მომავალ კვირას თბილისში გაიმართება.

რაც შეეხება კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

ასევე, იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე- 16 მუხლი, საიდანაც სიტყვების: „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება. გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ასევე, ახალმიღებულ კონსტიტუციაში აღარ იარსებებს ტერმინი „ხმოსანი“. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ტერმინი „ხმოსანი“ - „საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ძალიან ამბიციური მიზანი, ფუნდამენტურად შეეცვალა საქართველოს კონსტიტუცია და ეს მიზანი განხორციელებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.

„სამწუხაროდ, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ზედმეტად იყო პოლიტიზებული ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, არასწორი ფორმითაც პოლიტიზირებული და ამან არ მოგვცა საბოლოოდ იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციის არსთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ აკადემიური ფორმით ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და ამის გაკეთება ყველაზე კარგად არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ტერმინ „ხმოსანის“, „საარჩევნო კოლეგიის წევრით“ ჩანაცვლების გადაწყვეტილებას, როგორც კობახიძე აცხადებს, ეს ტერმინი ქილიკის საგანი გახდა. შესაბამისად, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ტერმინის შეცვლის შესახებ. მისი თქმით, ინიცირებულია ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ხუთ ცვლილებას კონსტიტუციაში, თუმცა გარდა ამ ხუთი ცვლილებისა, მან კიდევ ერთხელ მიმოიხილა დოკუმენტი, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით და რომელიც უკვე ძალაშია შესული.

„ჩვენ ვფიქრობთ, მივიღეთ ისეთი დოკუმენტი, რომლის პირობებშიც აბსოლუტურად არის გამორიცხული ავტორიტარიზმის, ავტოკრატიის ჩამოყალიბება და ეს იქნება უზრუნველყოფილი გრძელვადიან პერსპექტივაში. და, მესამე ამოცანა, რომელზეც შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ, ეს არის კონსტიტუციის დახვეწა ტექნიკური თვალსაზრისით. დღევანდელი დოკუმენტი შეიცავს უამრავ ტექნიკურ ხარვეზსაც კი - დაწყებული გრამატიკული, დამთავრებული სტილისტური ხარვეზებით, სტრუქტურა არის აბსოლუტურად გაუმართავი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა უმრავლესობას ამჟამადაც ოპოზიციის გარეშე უწევს. უმრავლესობისთვის გაუგებარია ოპოზიციის ბოიკოტი, რადგან თვლიან, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დააფიქსირონ, სურთ თუ არა მათ ის ცვლილებები, რომელიც ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ხორციელდება.

ის, რაც გაუგებარია ხელისუფლებისთვის, გასაგებია კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვის, რომლის განცხადებით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ხელისუფლება ოპოზიციის ნაცვლად, ვენეციის კომისიას დაელაპარაკა. მისივე თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის და დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით წავიდა ხელისუფლება კომპრომისსზე.

„იმთავითვე, როგორც კი დაიწყო ოპოზიციამ ლაპარაკი ბონუსებზე, იმავე წუთაში იყო ძალიან მძაფრი რეაქცია კომისიის წევრების მხრიდან. ამიტომ, გაუგებარია ოპოზიცია რატომ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას იმ საკითხის განხილვაში, რაც მის გარეშე გადაწყდა და მის გარეშე მოხდა შეთანხმება. ოპოზიცია ამაში ჩართული არ ყოფილა.

გარდა ამისა, ოპოზიციას ჰქონდა უფრო პრინციპული მოთხოვნა საარჩევნო სისტემასთან და 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. 2020 წელს ისევ შერეული სისტემით გვიწევს არჩევნების ჩატარება და არა პროპორციულით, რომელიც 2024 წელს ჩატარდება, ოღონდ იქ ბონუს სისტემა მოხსენს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მონაწილება იქნებოდა არასწორი და პოლიტიკურად წამგებიანი“, - აცხადებს for.ge-სან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება კონსტიტუციაში არ შეიტანას იმ ცვლილებას, რაც ვენეციის კომისიამ მოითხოვა, ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება სილის გაწნა ვენეციის კომისიისთვის.

„მაგრამ თუ შეიტანს ცვლილებას, ვენეციის კომისია დარჩება შედარებით კმაყოფილი, მაგრამ ეს ოპოზიციას არაფერს არ მისცემს. ამიტომაც, არ მონაწილეობს ოპოზია ამ განხილვაში და სწორსაც შვრება. გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ იყო განცხადებები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ათწლეულებს გაუძლებსო. სამი მოსმენით მიიღეს კონსტიტუცია და მეორე დღესვე დაიწყო მასში ცვლილებების შეტანა.

ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ღებულობს თუ არა მონაწილოებას. ეს კონსტიტუცია შეიძლება გამართული იყოს, მაგრამ ქვეყნის პრობლემატიკას არ პასუხობს. ანუ, ქვეყნის რეალურ პოლიტიკას არ არის მორგებული და პრობლემაც ეს არის. ჩვენ ყოველთვის ვღებულობთ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მმართველი გუნდის მიერ ძალა-უფლების შენარჩუნებას, რისი სურვილიც მათ აქვთ. აი, ეს ვერ დაამსხვრია ვერც ერთმა კონსტიტუციამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.