თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა - ვიცე-მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე იკავებს, ხოლო მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი მერის მოადგილეები უკვე ოფიციალურად გახდნენ. კახა კალაძეს კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება - ილია ელოშვილი გუნდს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შერწყმის შემდეგ შეუერთდება.
თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის გამგებლებიც - საბურთალოს რაიონს უხელმძღვანელებს გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის რაიონს - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონს - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონს- ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონს - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონს - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონს - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონს - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონს - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონს - დავით კერესელიძე.
რაც შეეხება მერიის საქალაქო სამსახურებს - კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას - გელა ჩივიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი, განათლებისა და სპორტის სამსახურს - ირაკლი გვილავა, საფინანსო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე ჩაიბარებენ.
იურიდიული სამსახურს სერგო ბირკაძე უხელმძღვანელებს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი, შესყიდვების სამსახურს - გიორგი პაპავა, უსაფრთხოების სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე, ეკონომიკურ სამსახურს ანდრია ბასილაია და კულტურის სამსახურს სოფიო ხუნწარია უხელმძღვანელებს. მერიის ადმინიტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე ჩაიბარებს, რომელიც მანამდე ამავე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, პროცედურას უხმაუროდ არ ჩაუვლია, ისმოდა მწვავე განცხადებები, რის შემდეგაც ოპოზიციამ სხდომა დატოვა და დედაქალაქის დამტკიცების პასუხისმგებლობა უმრავლესობას გადაულოცა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დარბაზი პროტესტის ნიშნად კენჭისყრამდე დატოვა. მიზეზი გახდა ის, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის შემდეგ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხიდან არ ამოიღეს მე-16 საკითხი, რომელიც მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურის დამტკიცებას ითვალისწინებს. საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან რიგგარეშე სხდომაა და რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი გამოიწვია. სხდომას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც.
ოპოზიციამ ხმაური დილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ კალაძე საკრებულოში არ მივიდოდა, გოკა გაბაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგიც კი მოაწყო. საპასუხოდ, კალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდეს, რადგან საკრებულოში მისვლას არჩევის შემდეგ, კანონი არ ავალდებულებს.
„მე ვარ ხალხის მიერ არჩეული და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად, ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს. დღეს იმსჯელებენ და, ალბათ, უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცდება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას“, - განაცხადა კალაძემ.
მართალია კალაძე საკრებულოში არ მივიდა და სხდომა ნაციონალებმაც დატოვეს, მაგრამ მანამდე მორიგი შოუს დადგმა მაინც მოასწრეს.
სკანდალი შეეხება თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას, - ნაციონალები აცხადებენ, რომ ამ ფაქტის ირგვლივ სამართლებრივ დავას დაიწყებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნუგზარ ჭონქაძე არა მარტო მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უნდა იყოს, არამედ მონაწილეობა უნდა მიიღოს მერიაში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებაში.
„დღეს დაველოდებით თქვენს გადაწყვეტილებას და მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ დავას. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული მიდგომებით, ძალადობის წახალისებით, არ შეიძლება იყოს დედაქალაქის მთავრობაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომის დატოვებამდე.
თავის მხრივ, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ ნაციონალების ბრალდებებს უარყოფს.
„უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების განმავლობაში“, - განაცხადა ჭონქაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ნუგზარ ჭონქაძე სოციალურ ქსელებში სულიკო კედელაშვილის სახელით და გვარით იყო რეგისტრირებული და ის ჰომოფობიური, ძალადობრივი განცხადებებით გამოირჩეოდა, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას ნუგზარ ჭონქაძემ კონკრეტული მაგალითების დასახელება მოითხოვა, თუ რაში სდებდენ მას ბრალს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებამდე აუდიო, ფოტო, ვიდეო მასალა გადასცა, სადაც მისი განმარტებით, ჭონქაძის ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებები იყო ჩაწერილი. ნაციონალებს ამ მასალების ჩვენება მათ თბილისის მერის, კახა კალაძისთვისაც უნდოდათ, თუ ის საკრებულოს სხდომაზე მივიდოდა.
საკრებულოში მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას კორექტულობისკენ მოუწოდა.
„მინდა მივმართო ოპოზიციას, იყავით კონსტრუქციულები და იზრუნეთ თბილისზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი საქართველოს დედაქალაქია და ჩვენი საზრუნავი არის მისი მომავალი და არა პოლიტიკური ქულების დაწერა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ქალაქის მერის ინფორმაციით, ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ. შესაბამისად, დაიწყება იმ პროექტების განხორციელებაც, რომელიც წინასაარჩევნოდ დაიგეგმა.
შოუს გარდა, საკრებულოში საქმიანი საუბრებიც შედგა, დამტკიცებამდე თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ კომისიების გაფართოებულ სხდომაზე ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხა, თუ რას აპირებს თბილისის ახალი მთავრობა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით.
საუბარი იყო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების შესახებაც. ირაკლი ხმალაძის თქმით, მათ აქვთ გეგმა, როგორ წარმოაჩინონ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროგრამა ეკონომიკურად მისაღები ბიზნეს სექტორისათვის, რათა ამ ტიპის ინფრასტრუქტურის ახლით ჩანაცვლება მოხდეს. დღის წესრიგშია შემოვლითი რკინიგზაც.
„რაც შეეხება შემოვლით რკინიგზას, 140 მილიონ დოლარზე მეტი იყო დახარჯული იმ პირობებში, როდესაც პროექტის ეკონომიკური ანალიზი გაკეთებული არ ყოფილა. 2-3 წლის წინ ჩატარებულმა აღნიშნული პროექტის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი განხორციელება უბრალოდ არ შეიძლება. 23 მილიონი ლარით იზრდებოდა რკინიგზის ყოველწლიური საოპერაციო ხარჯები და სწორედ ამიტომ, ეს პროექტი შეჩერდა. ასევე ტვირთების გამტარუნარიანობას ამცირებდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ხმალაძის განმარტებით, თბილისის ახალი მთავრობა გეგმავს, რკინიგზის პროექტი სხვა ფორმით განხორციელდეს.
„ვაპირებთ რაიმე ფორმით, უფრო კომფორტულ ჩარჩოებში მოექცეს ქალაქი - ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთში შეიძლება რკინიგზამ მიწისქვეშ გაიაროს. ქალაქის მთავრობაში მოსვლის შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.