თბილისის მერი ქალაქის ახალ მთავრობას საკრებულოში დასამტკიცებლად წარადგენს. კახა კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება. ვიცე-მერის პოსტზე ირაკლი ხმალაძე, მოადგილეებად კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი არიან წარდგენილი. მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, რომელსაც მოგვიანებით წარადგენენ.
დედაქალაქის რაიონების გამგებლობის კანდიდატები არიან: საბურთალოს რაიონში – გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის რაიონში – დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონში - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონში - ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონში - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონში - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონში - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონში - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონში - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონში - დავით კერესელიძე.
თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებად შემდეგი კანდიდატურები დასახელდა: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად – ვლადიმერ ჭიღლაძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად – სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად – გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად – გიორგი ბაგრატიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსად - გელა ჩივიაშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად - სოფიო ხუნწარია, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად - ირაკლი გვილავა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად - მამუკა მუმლაძე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად - გიგა გიგაშვილი, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად - გიორგი პაპავა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად - გივი კუბლაშვილი, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად - ნიკოლოზ ჭონქაძე, ხოლო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად – ანდრია ბასილაია.
მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მთავრობის ლეგიტიმაცია მოხდება საკრებულოს მიერ, მერია საკრებულოს თბილისის ბიუჯეტს წარუდგენს დასამტკიცებლად, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ კი დედაქალაქის მმართველობის სამსახურები დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან.
როგორც თბილისის მერი აცხადებს, ის წელიწადში თითო მილიარდით გაზრდის დედაქალაქის ბიუჯეტს - 4 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, რომ თბილისის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს და ბიუჯეტის გაზრდით უფრო მეტი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
„დაწყებულია მოლაპარაკებები თბილისის ბიუჯეტის გაზრდაზე, რა შესაძლებლობაც იქნება დამატებითი ტრანსფერის ცენტრალური ბიუჯეტიდან. წელს მაქსიმალურად ვნახავთ, გაიზრდება თუ არა. როგორც იცით, 826 მილიონამდე იყო ბიუჯეტი. ვნახოთ, რამდენით იქნება გაზრდა შესაძლებელი. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის, ეს არის დრო, 4 წელი, შესაბამისად, უკვე უნდა დავიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და პროექტების განხორციელება“,- აცხადებს კალაძე.
თუმცა მანამდე, ვიდრე საქმე თბილისის ბიუჯეტამდე მივა, კალაძეს ოპოზიციისგან პირველი დარტყმების მოგერიება მოუწევს და საკრებულოს დღევანდელი სხდომაც უხმაუროდ არ ჩაივლის და პირველი განცხადებები ოპოზიციის მხრიდან უკვე გაკეთდა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ საკრებულოს წევრმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, კახა კალაძის მიერ წარმოდგენილი მთავრობა მეტყველებს იმაზე, რომ კალაძის და ნარმანიას გუნდი ერთი გუნდია.
„ყველა საკვანძო საკითხებში, რაშიც ნარმანიას მერია იმსახურებდა კრიტიკას, საფინანსო-საბიუჯეტო, სოციალურ, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის საკითხებში, იგივე ადამიანები რჩებიან ქალაქის მთავრობაში, ვინც იყო ნარმანიასთან. ამას ემატება კალაძის ინიციატივით, შავრაზმელი, ფაშისტური განწყობების წარმომადგენელი მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად (ნუგზარ ჭონქაძე). საუბარი იმაზე, რომ კალაძე იქნება ყველა თბილისელის მერი, ტყუილი აღმოჩნდა“, - განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ტყუილია, რომ კალაძე ნარმანიასგან განსხვავებით დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება.
„კალაძესაც დაუტოვეს სუს-ის წარმომადგენელი მოადგილედ- ნიკოლაიშვილი“, - განაცხადა გაბაშვილმა. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ უარყოფითად აფასებს კალაძის მიერ წარდგენილ გუნდს.
კალაძე ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, იყო „პროგრესბანკის“ უსაფრთხოების სამსახურში.
„სხვა რომელ წარსულზე საუბრობთ? არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? საინტერესოა, რომ განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ცოცხებით. მე არ მიყვარს წარსულ წლებზე საუბარი, რადგან ხალხი ელოდება მომავალ განვითარებას, ელოდება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორცილდება, თუმცა მიწევს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეხსენება, რაც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს“, - განაცხადა კალაძემ.
როგორ რეჟიმში წარიმართება კალაძისა და ოპოზიციის თანამშრომლობა, ძნელი სათქმელია - ამგვარი პოლემიკის მიუხედავად, კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
„წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოვთქვი მზაობა და დღესაც მინდა განვაცხადო, რომ ჩემს გუნდს, პირადად მე დაგეგმილი გვაქვს ოპოზიციასთან შეხვედრა და მათთვის ჩვენი ხედვების, კონკრეტული პროექტების, გეგმების გაზიარება. საგულისხმოა, რომ დღეს საკრებულოს ოპოზიციამაც გამოთქვა შეხვედრის სურვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფთან ვისაუბროთ საქმეებზე, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის და არა გამოგონილ პრობლემებზე. ჩვენი პოზიციაა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შეიძლება შედგეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც თბილისისთვის საქმის კეთება სურს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დედაქალაქის მერმა გაავრცელა.