ოპოზიცია სტრუქტურული ცვლილებების წინააღმდეგ

ოპოზიცია სტრუქტურული ცვლილებების წინააღმდეგ

მთავრობამ სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხისა და შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ბუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ვლაპარაკობთ,  ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, ვინაიდან აქცენტი გაკეთებულია არა ხარჯების შემცირებაზე, არამედ ეფექტურობის გაზრდაზე.

„მინდა იცოდეთ, რომ ამ ბიუჯეტების 90% და გაცილებით მეტი არის განსახორციელებელი პროექტები და ამ პროექტების თანხა არათუ უცვლელი რჩება, არამედ პირიქით, გაიზრდება კიდევაც სწორედ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე. მაგრამ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე როცა ვლაპარაკობთ, რაღაც კატასტროფულ ან ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, იმიტომ, რომ ძალიან მცირე ნაწილია ამ შემთვევაში ის, რაც იხარჯება ხელფასებზე. ძირითადად, ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ, თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტურობაზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ფასადური და სპონტანურია, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე არანაირი გავლენა არ ექნება. აბესაძის შეფასებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაბერილმა ბიუროკრატიულმა ხარჯმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მძიმე გავლენა მოახდინა.

„რამდენიმე კვირის წინ, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, „ევროპული საქართველო“ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოგიწოდებდათ, მათ შორის - სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე. თქვენ თავგამოდებით აცხადებდით, რომ შესაბამისი რესურსი არ იყო. იხილავდით ამ რეფორმას და საზოგადოებას დაუმალეთ თუ თავად არ იცოდით? ალბათ, უფრო თავად არ იცოდით ამ ცვლილებების შესახებ“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის მიერ დაანონსებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები გააკრიტიკა ვიცე–სპიკერმა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ რეალურად, ცვლილებები ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ ემსახურება. კაპანაძე დაინტერესდა, თუ ასეთი მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირება, ახალ უწყებას რატომ უქმნიან მღებრიშვილს, რომლიც თავისუფლად შეიძლებოდა გაეშვათ სახლში?!

„კითხვები მაქვს ასევე დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე – რეალურად მოხდა სუს–ის გაძლიერება. თქვენ შარშან ბიუჯეტი გაუზარდეთ, ახლა კიდევ უფრო მეტ ფუნქციას სძენთ. ეს არის, საბოლოო ჯამში, ქვეყნის დემოკრატიისთვის ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი.

გარდა ამისა, ამ ცვლილებების შედეგად გააერთიანეთ სახელმწიფო აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ სამინისტროს რეალური მისია იყო რეფორმების კოორდინირება, თუმცა, როგორ წარმოგიდგენიათ, კოორდინირება რეფორმების? სადმე გინახავთ, რომ შიდა პოლიტიკური რეფორმების კოორდინირებას ახორციელებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო?“, – მიმართა უმრავლესობას სერგი კაპანაძემ.

უკვე ცნობილია, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უმრავლესობის წარმომადგენლები აქებენ სამთავრობო ცვლილებებს, რომელიც მათთვის არავის შეუთანხმებია და თავადაც არ იციან მათი შინაარსი.

„რეალურად ჩემთვის ის არის საინტერესო ბატონმა კვირიკაშვილმა თუ იცოდა ამ ცვლილებების შესახებ, თუ ისიც ბოლო წუთებში ჩააყენეს საქმის კურსში? მეორე მხრივ, გვესაუბრებით დემოკრატიის აღზევებაზე ამ ქვეყანაში და პარალელურად, თბილისში აკავებენ სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს იუსტიციის სახლის წინ.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავეს. ეს არის გაგრძელება იმ ზეწოლისა, რაც ხორციელდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. თქვენ კითხულობთ მხოლოდ იმ აბზაცებს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან, რომელიც ამყარებს თქვენს პოზიციას და გგონიათ, რომ ჩვენ წერა – კითხვა არ ვიცით“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა.

უმცირესობის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა უპასუხა, რომლის განცხადებით, ამ ეტაპზე ვადევნებთ თვალს ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება. როგორც მათიკაშვილი აცხადებს, მიზანი ამ სტრუქტურული ცვლილებებისა, რომელიც პრემიერმა განაცხადა, სწორედ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს, სახელისუფლებო მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია არის.

„ეს არის მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბების მიმართულება. სწორედ ამ სახელმწიფო აპარატმა მენეჯერული კუთხით უნდა განახორციელოს ძალიან სწორი და ოპტიმალური მართვა ჩვენი ქვეყნის, რამაც შედეგი უნდა გამოიღოს. ყველაფერს ორი მიზანი აქვს, ერთი არის ბიუროკრატიის შემცირება და მეორე არის უკეთესი მართვა სამინისტროების და იმ მიმართულების, სადაც კონკრეტული პირი არის პასუხისმგებელი, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას თანამდებობრივად ეკუთვნის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კიდევ ერთი თემა, რაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანის და ამჟამად ადვოკატის, გოგა ონიანის საქმეა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება. საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა და გოგა ონიანია.

„ქართულ ოცნებაში – არის რაღაც განუმეორებლად საბჭოთა, როცა ქვეყნის შენებისა და განვითარების საქმეში სრული უუნარობის კომპენსირება ძალადობითა და პოლიტიკური დევნით ხდება. საქართველოში გაჩნდა კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი და ეს პატიმარი არის გოგა ონიანი. 2012 წლიდან გოგა ონიანი იყო აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საპროტესტო აქციაში და იყო პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი, მათ შორის აქციებზე დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ სამართალის უზენაესობა განხორციელდა, როდესაც ამ საქმეში არც გამომძიებელი არ არის დაპატიმრებული და გასამართლებული, არც პროკურორი და არც ის პოლიციელები, რომლებიც საქმეში „გადიოდნენ“. კარგად გესმით, თუ რანაირ სამართლის უზენაესობას აქვს ადგილი!“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

უმცირესობის წევრის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ონიანი პოლიტპატიმარი არ არის.

„გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი. მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ-მეთქი და როგორც იქნა, მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.