ოპტიმიზაციას საკდრო წმენდა მოჰყვება

ოპტიმიზაციას საკდრო წმენდა მოჰყვება

მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებამდე, კანონმდებლებს სამინისტროების ოპტიმიზაციისთვის რამდენიმე ათეულ კანონში ცვლილებების შეტანა მოუწევთ. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა. სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტზე მსჯელობა მომავალი კვირიდან, საკომიტეტო მოსმენებით დაიწყება. კანონპროექტების განხილვა მოხდება დაჩქარებული წესით და ორი კვირის შემდეგ საკანონმდებლო ბაზა სრულად მომზადებული იქნება იმისთვის, რომ განხორციელდეს სტრუქტურული ცვლილებები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკურიძის განცხადებით, როგორც კი პარლამენტს წარედგინება კანონი მთავრობის სტრუქტურის ცვლილებაში, შესაბამისად განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, ამის ასახვა მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში.

„ყველა სამინისტროს ფუნქცია იქნება შენარჩუნებული.  ძირითადად, მოხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოთავისუფლება, თუმცა ზუსტი თანხის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია, სანამ ახალი მინისტრები არ დაიწყებენ შესაბამის სამინისტროებში მოღვაწეობას“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, 18 სამინიტროდან 14 დარჩა. ახალი უწყებების ხელმძღვანელებმა ჯერ არ იციან რამდენით შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და როგორ აისახება სტრუქტურული ცვლილებები ქვეყნის ბიუჯეტზე. მაგრამ ზუსტად იციან, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სამინისტროების შერწყმის შედეგად ხარჯები შემცირდება. უფრო კონკრეტულად, რამდენით შემცირდება ხარჯები და ადამიანური რესურსი, მინისტრის საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

„სამინისტროების შერწყმის შედეგად ხარჯები, რა თქმა უნდა, შემცირდება. მინიმუმ შემცირდება მინისტრები და ნაწილი მოადგილეების, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯები. ადმინისტრაციული მართვის ინსტრუმენტები გაერთიანდება გაერთიანებულ სამინისტროებში. რაც შეეხება უფრო დეტალიზებულ ჩაშლას, თუ რამდენი იქნება ეს შემცირება, უნდა მივცეთ გაერთიანებული სამინისტროების მინისტრებს იმის საშუალება, რომ დეტალურად ჩამოყალიბონ სტრუქტურები, გააკეთონ გათვლები და ამის შესახებ შემდეგ მოგვახსენონ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

უწყებაში შემცირებებს აანონსებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლის განცხადებით, ამოცანა არის, რომ მოხდეს ეკონომია, ეფექტიანი მართვა.

„სსიპ-ები და აიპ-ები თუ იმ კონკრეტულ ფუნქციებს ემსახურება, რომელიც გარემოს დაცვით და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესასრულებლად საჭიროა, ისინი შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

არა პრიორიტეტების, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით მოხდება ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ასევე ევროინტეგრაციის მიმართულებით იმუშავებს, აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით მეტი ოპტიმიზაცია მოხდება.

„აუცილებლად ღია პროცესით განვახორციელებთ შერწყმის პროცესს. ყველა პროფესიონალს ამ მიმართულებით მომავალი ექნება და თანამშრომლობა გაგრძელდება. არა პრიორიტეტების, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით, შევძლებთ მეტ ოპტიმიზაციას“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

როგორ მოხდება განათლების სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილის შერწყმა და ასევე როგორ გადაწყდება საკადრო საკითხები, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი უახლოეს დღეებში ისაუბრებს. მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შემცირება არ იგეგმება.

„როგორ მოხდება სრული შერწყმა, ასევე საკადრო საკითხების შესახებ ინფორმაციას მაქსიმალურად მალე მოგახსენებთ. რაც შეეხება იმას, ცვლილების შედეგად რამდენი ადამიანი გადმოდის განათლების სამინისტროში, საუბარია ერთ დეპარტამენტზე და ასევე არსებობს ორი სსიპ, რომელიც სპორტის სამინისტროში იყო და ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადადის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სამინისტროების შერწყმის პარალელურად რიგი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გაუქმებას არ გამორიცხავს. როგორც მათიკაშვილი აცხადებს, ეს უკვე შემდგომი ნაბიჯია. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტმა უნდა ასახოს ის ცვლილებები, რაც სამთავრობო სტრუქტურებში იგეგმება.

„კონკრეტულად ამ მიდგომას გააჩნია თავისი პრაქტიკული დანიშნულება, თავისი ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული სამინისტროების გაერთიანება. რა თქმა უნდა, აქ არა მხოლოდ ხარჯების დაზოგვის მიმართულება და შიგთავსი უნდა დაინახოს საზოგადოებამ, თუმცა ამის გარდა ხარჯების დაზოგვასაც ექნება ადგილი. ჯერჯერობით ჩვენ ბიუჯეტის პროექტი არ დაგვბრუნებია.

ბიუჯეტის პროექტმა უნდა ასახოს ის ცვლილებები, რაც სამთვრობო სტრუქტურებში იგეგმება. ოპტიმიზაციის ეს გამოცდილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდანაა მიღებული. სავსებით ვენდობით ჩვენ სამთავრობო ცვლილებებს და გუნდს. დარწმუნებული ვართ, მთავრობა ყველა იმ გეგმას განახორციელებს, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას დაჰპირდა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი, რადგან მას არ ახლდა კონკრეტულ ციფრებში დათვლილი დანაზოგი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, როდესაც მსგავსი მასშტაბური ცვლილებები ხდება და რამდენიმე სამინისტრო უქმდება, მთავარია თუ რას აძლევს ეს ქვეყანას.

„ეს ყველაფერი თუ არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ფასადური რეფორმა ზოგიერთი მინისტრის მოსაშორებელი და ეს არანაირად არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ერთი მხრივ კარგია, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება სამინისტროების შერწყმა, მაგრამ მთავარია რამდენად აისახება ეს ბიუჯეტზე და რამდენად გამოიწვევს ხარჯების შემცირებას“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ სამინისტროების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამოიწვევს ადმინისტრაციული ხარჯების კლებას ან ბიუროკრატიის შემცირებას.

„შეიძლება ეს ხარჯები პროპორციულად გადანაწილდეს უბრალოდ სხვა სამინისტროებზე. ამიტომ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს რეალური გეგმა, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ხალხს, გადასახადის გადამხდელებს მათ ფულს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.