ახალი საკრებულო მერიისგან უკვე კორექტირებულ ბიუჯეტს ელოდება

ახალი საკრებულო მერიისგან უკვე კორექტირებულ ბიუჯეტს ელოდება

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს მუშაობას უკვე შეუდგა - როგორც ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მეხუთე მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება შინაარსობრივად ხდებოდა და არა პოლიტიკური ნიშნით. მისივე თქმით, იგი იქნება გარანტი, რომ ყველა პროცესი საკრებულოში გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდეს.

ტყემალაძის განცხადებით, მათთან ერთად ოპოზიცია ვალდებულია მოსახლოებისათვის სასარგებლო, ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ.

„არაერთხელ შეგვითავაზებია ოპოზიციური პარტიებისთვის კონსტრუქციული მუშაობის რეჟიმი, ამიტომ ნებისმიერი საინტერესო წინადადება, რომელიც სიცოცხლისუნარიანი იქნება, განიხილება“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ.

ახლადარჩეულ საკრებულოს წინ დიდი სამუშაო აქვს, ეს არის კომისიების ფორმირება, ფუნქციების გადანაწილება, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება. ახალი ბიუჯეტის პროექტი უკვე მომზადებული იყო, თუმცა მასში მოხდება გარკვეული კორექტირება, რისთვისაც დაბრუნდება მერიაში.

როგორც ახლადარჩეული საკრებულოს წევრები აცხადებენ ის პრიორიტეტები, რომელიც არსებობდა, ნაბიჯ-ნაბიჯ გასაკეთებელია.

„ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ კონკრეტულად გვეცოდინება რა არის განსახორციელებელი, რომელსაც ერთად გავაკეთებთ. არაერთხელ შეგვითავაზებია ოპოზიციური პარტიებისთვის კონსტრუქციული მუშაობის რეჟიმი, ამიტომ ნებისმიერი საინტერესო წინადადება, რომელიც სიცოცხლისუნარიანია, განიხილება. თბილისი იმსახურებს იყოს ისეთი ქალაქი, რომელიც ჩვენს წინაპრებს უყვარდა და ჩვენს მომავალ თაობასაც ეყვარება“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიცია კონსტრუქციული არ იქნება და ეს პირველივე სხდომაზე ცხადი გახდა.

„თქვენ ამ 4 წლის განმავლობაში მოგიწევთ იმ ტვირთის ტარება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 2017 წლის 21 ოქტომბერს ფაქტობრივად ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად „არჩევნები“, - განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალი მოწვევის საკრებულოს აქვს ისტორიული შანსი არ დაემსგავსოს წინა მოწვევის საკრებულოს, რომელიც „ნოტარიუსთა პალატა“ იყო თბილისის მერიასთან მიმართებაში. ყველა იმ გადაწყვეტილებაზე იყო ხელის ამწევი, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ღებულობდა.

„თქვენ გაქვთ შანსი, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროთ და შეასრულოთ ის ფუნქცია, რომელიც საკრებულოს აქვს. თქვენ აქ სხედხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, „თბილსერვის ჯგუფის“ ბრიგადების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით. ისინი საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ამის დოკუმენტებიც არსებობს და საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ თბილისელების საკეთილდღეოდ თქვენთან ერთად, მაგრამ რაც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, ვიქნებით შეურიგებელი, უკომპრომისო ამ მიმართულებით, თუ ასეთი იქნება თქვენი მხრიდან, რომელიც თბილისელებს არ მოუტანს სიკეთეს, თბილისელების ინტერესზე არ იქნება მორგებული. ამის საშუალებას არ მოგცემთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ჩვენ თუ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, იყო დრო, როდესაც თქვენ მკვდარი სულები გირჩევდნენ“, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი,

ჯაფარიძე ხაბეიშვილს.

„დიახაც, ჩვენ მემანქანეებმა აგვირჩიეს, მეეზოვეებმა აგვირჩიეს, მესაფლავეებმა აგვირჩიეს. ჩვენ თუ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, იყო დრო, როდესაც თქვენ მკვდარი სულები გირჩევდნენ, არარსებული ადამიანები გირჩევდნენ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ამ თემებზე ნუ ვისაუბრებთ. პირველი სხდომაა, საზეიმო სხდომა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ საკითხებზე ვიმუშაოთ, მზად ვართ კონსტრუქციული მუშაობისთვის, მაგრამ ოპოზიციის დადგმულ შოუებში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - დასძინა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა.

სამაგიეროდ, უკვე იგრძნობა, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა დამყარდება მერიასთან.

„მინდა მივულოცო კახი კალაძეს თბილისის მერად არჩევა. მისი წარმატების შესახებ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, თბილისის მერის პოზიციაზე, კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენი ერთობლივი მუშაობით კი ნამდვილად ვიცხოვრებთ სიცოცხლით სავსე ქალაქში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს რამდენიმე წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწდა. საკრებულოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერი გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

საკუთარი განცხადებების საფუძველზე ასევე უფლებამოსილება შეუწყდათ ახლად არჩეულ საკრებულოს წევრებს: „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას და დეპუტატებს „ევროპული საქართველოდან“ - დავით დარჩიაშვილს და დავით ავალიანს.

საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე გიორგი ახვლედიანის, მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები დაასახელა.

საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ -40, „ნაციონალურ მოძრაობას“- 5, „ევროპულ საქართველოს“- 3, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ კი 2 წევრი ეყოლება.