ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაზე გრანდიოზულ სამთავრობო ცვლილებებს წინ უძღოდა, ერთი მხრივ ოპოზიციის შეტევა პრემიერ-მინისტრზე, მეორე მხრივ შს სამინისტროზე, უკმაყოფილება გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯებისა და სოციალური მდგომარეობის მიმართ - გახდა თუ არა, ეს ყველაფერი მიზეზი იმისა, რომ ამ მასშტაბის ცვლილებები განხორციელებულიყო. თუ ეს არის გავლენის ძალთა დანაწილება მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მმართველობა ჩაიბარა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ანგარიშგასაწევმა ფიგურამ - მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ხათუნა ლაგაზიძე: სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში სრულიად ლოგიკურია და მისასალმებელია ის, რაც მოხდა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება თავისუფლად შეიძლებოდა ჩავარდნილიყო ხიბლში, რადგან ფაქტობრივად, ტოტალურად მოიგო არჩევნები.
აქედან გამომდინარე, კარგია, რომ ის ხედავს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას - ხედავს საზოგადოების რეალურ განწყობებს, რომელიც იმ პროცენტების მიღმა იმალება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო. ხედავს იმ გამოწვევებს, რომლის გადალახვაც სჭირდება.
ამისი გამოძახილია - გლობალურად თუ შევხედავთ დღევანდელ სამთავრობო ცვლილებებს - თუმცა, უფრო კონკრეტული მიზეზებიც აქვს, დაწყებული იმ ხმაურიდან, რომელიც შს სამინისტროს ირგვლივ, ბოლო ერთი წელია, არ წყდება, დამთავრებული, ლარის კურსით და ა.შ.
თუმცა ამ ცვლილებებმა რამდენიმე საინტერესო კითხვის დასმის საშუალება გააჩინა - სამთავრობო ცვლილებები იყო აუცილებელი, მაგრამ რატომ მაინც და მაინც 13 ნოემბერს, რომელიც კახი კალაძის ბენეფისი უნდა ყოფილიყო, საზოგადოება უნდა გამხდარიყო თბილისის მერის მიერ ახალი მთავრობის წარდეგნის მოწმე?! ეს მოვლენა გადაიფარა უფრო მნიშვნელოვანი - სამთავრობო ცვლილებით და თბილისის მთავრობის დაკომპლექტება რიგით მეორე ნიუსი გახდა.
ხომ არ გვაქვს საქმე „ქართულ ოცნებაში“ ალტერნატიული პასუხისმგებლობისა და მიზიდულობის ცენტრებთან? - არ ვამბობ, რომ ისინი მაინც და მაინც დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან, მაგრამ დღის ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, საქმე გვაქვს სწორედ ალტერნატიული პასუხისმგებლობისა და მიზიდულობის ცენტრებთან - არ ვამბობ - ძალის ცენტრებთან, რადგან დაპირისპირება არ ჩანს.
როდესაც ვსაუბრობ ალტერნატიული პასუხისმგებლობისა და მიზიდულობის ცენტრებზე, ვგულისხმობ იმას, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ივანიშვილი არ ჩაერია ღიად ამ პროცესში. მიზეზი გახლდათ, სავარაუდოდ ის, რომ ივანიშვილი დაიღალა საკუთარი ხელისფლების შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებით და მის მიერ მოყვანილი ხელისუფლება მიუშვა ნებაზე. შესაბამისად, დაწყებული თბილისის მერით და დამთავრებული ყველა ადგილობრივი ხელისუფალით, ყველა პასუხისმგებელი იქნება საკუთარ შეცდომებზეც და მიღწევებზეც. პირველ რიგში კი, ეს ეხება მილიონნახევრიანი დედაქალაქის მერს, ანუ პასუხისმგებლობას ჩაეხსნა ივანიშვილი თბილისთან დაკავშირებით.
მეჩვენება, რომ მსგავს პროცესთან გვაქვს საქმე სამთავრობო ცვლილებების შემთხვევაშიც, რომელიც კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ყველაზე მასშტაბურია არა მხოლოდ პერსონალიების, არამედ სტრუქტურული თვალსაზრისითაც და მასზე, ისევე როგორც ახალი მთავრობის შემადგენლობაზე კვირიკაშვილი უკვე თავად არის პასუხისმგებელი.
ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილი გადგა გვერდზე და პასუხისმგებლობის ახალი ცენტრი გაჩნდა კვირიკაშვილისა და მისი მთავრობის სახით.
ამავე დროს, საინტერესოა, გაჩნდება თუ არა, მესამე ცენტრი, საპრეზიდენო კანდიდატის სახით და რომელი გუნდიდან იქნება ის წარმოდგენილი...
ამ შემთხვევაში ძალთა ბალანსისთვის როგორი ფიგურაა საჭირო პრეზიდენტის პოსტზე? სავარაუდოდ, მძიმეწონოსანი პოლიტიკური ფიგურა უნდა შემოვიდეს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე?
- ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ჯერ არ არის ცნობილი, საჭირო იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი იგივე, კალაძის დასაბალანსებლად, მისი მზარდი ამბიციების და რეიტინგის გათვალისწინებით - ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ საპრეზიდენტო კანდიდატს შემოგვთავაზებენ. ნარმანიას ტიპის მართვად ფიგურას, რომელიც ვერასდროს და არასდროს არ შექმნის ალტერნატიული მიზიდულობის ღერძს თუ პირიქით, კონკურენტუნარიან კანდიდატს, რომელიც შექმნის ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრს და კონკურენციას კიდევ უფრო გააღმავებს.
როდესაც ვსაუბრობ კონკურენციაზე, ვგულისხმობ კონკურენციას, როგორც მასტიმულირებელ ეფექტს, რომელიც ამოძრავებს ალტერნატიულ იდეებს, აზრებს, ხედვებს, როდესაც ხდება აზრთა შეჯერება ახალი ლიდერების გამოკვეთა და ა.შ. ანუ გაცილებით ინტერქტიულ რეჟიმში გადავიდა „ქართული ოცნება“, რაც ცალსახად არის ძალიან კარგი.
როდესაც ასე ლაგდება პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრები სად ხედავთ ოპოზიციის ადგილს პოლიტიკურ დაფაზე?
- ამ ეტაპზე ვერსად და შეიძლება წავიდეთ იმავე წრეზე, რომელზეც ქართული პოლიტიკა 25 წელია დადის, ანუ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ჩანასახი სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით ვიხილოთ.
თუმცა დღევანდელი მთავარი ოპოზიციური ძალა ირწმუნება, რომ ამ სამთავრობო ცვლილებებით წინა პლანზე წამოწიეს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები. რჩება განცდა, რომ ამ პროცესებში ივანიშვილია ჩართული?
- არაერთხელ მოგვისმენია, რომ შესაძლოა, კვირიკაშვილი იყოს ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი, არაერთხელ თქმულა ქუმსიშვილზეც და ბახტაძეზეც, რომ შეიძლება გახდნენ პრემიერ-მინისტრები. თუ ამ ხაზს გავყვებით და კვირიკაშვილი მართლაც აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ერთი მხრივ, მამუკა ბახტაძე და მეორე მხრივ, ქუმსიშვილი, რომელსაც ნახევარი მინისტრთა კაბინეტი გაუერთიანეს და ჩააბარეს, იმყოფებოდნენ სატესტო რეჟიმში პრემიერობისკენ სავალ გზაზე - ეს სრულიად რეალისტურია.
საზოგადოებისთვის, მით უმეტეს, როდესაც ის სოციალური პრობლემებით არის დამძიმებული, ნაკლებად საინტერსოა სამთავრობო გადაჯგუფებები და ექსპერიმენტები - საუბარია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე. რა იქნებოდა სასურველი გადაწყვეტილება, რომელ სფეროს უნდა მოხმარდეს გამოთავისუფლებული სახსრები, თუ ასეთი რამ მოხდება, იმისათვის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი გადაიდგას?
- ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა გამოთავისუფლებული სახსრების მიმართვა განათლებისკენ, მით უმეტეს, რომ განათლების მინისტრის კანდიდატურა ამის საშუალებას იძლევა. სრულიად ახალი პარადიგმა უნდა შეიქმნას ქართული განათლების, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური რევოლუციის მოსაწყობად. ამისი რესურსი საქართველოში არსებობს - ახალციხის სკოლის მოსწავლეებმა ნასაში გაიმარჯვეს სრულიად დამოუკიდებლად, შიშველი ხელებით. მათთვის შესაფერისი თანამედროვე გარემო რომ შეიქმნას, წარმოიდგინეთ, რას მიაღწევს ეს თაობა!
ყველაზე დადებითი, რაც განათლების მინისტრის ბიოგრაფიაშია, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ისიცაა, რომ სწორედ ამ სფეროში აქვს აკადემიური გამოცდილება - მაღალ ტექნოლოგიებში. თუ ახალი მინისტრი შეძლებს, მენეჯმენტშიც ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც აკადემიურ საქმიანობაში, ეს იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც ბევრ მინუსს გადაფარავს.
საქართველოს არც ერთ მთავრობაში არ მინახავს ასეთი წარმატებული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი და ამ გამოცდილებას თუ გამოთავისუფლებულ ფინანსებსაც წაახმარენ, ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა.
ამ ხელისუფლების პირობებში ეს არის ყველაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები. პირველი შედეგების შეფასება შესაძლებელი იქნება რამდენიმე თვეში, თუ კიდევ 3-4 წელი მოგვიწევს ლოდინი, როდის აგვისრულდება ოცნება?
- პირადად ჩემთვის, ამ ცვლილებების ბარომეტრი იქნება განათლების რეფორმა - 3-დან 6 თვემდე პერიოდში, ალბათ, დაიდება ამ რეფორმის ხედვა და ამის შემდეგ, ალბათ, უკვე შესაძლებელი იქნება უფრო კონკრეტული საუბარი.