წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტურშიც ხელისუფლება ლიდერობს

წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტურშიც ხელისუფლება ლიდერობს

არჩევნების მეორე ტური შედგა - ცესკოს ინფორმაციით, 12 ნოემბრის 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 109 119 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 33.24%-ია.

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში: მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა პირველ ტურში 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.

ბორჯომის მერობისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე. ოზურგეთში - „ქართული ოცნებიდან“ ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, კონსტანტინე შარაშენიძე. ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე. ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილს „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული უპირისპირდებოდა. მარტვილში - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.

ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც არიან წარმოდგენილი.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური შედარებით მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა იმ დარღვევების შესახებ რაც დაფიქსირდა, სარჩელები ცესკოში უკვე შესულია.

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) ინფორმაციით, საარჩევნო უბნები გაიხსნა დროულად, წილისყრის პროცედურა წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად და ხარვეზების გარეშე, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ბიულეტენების გაცემის წესი და ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა კანონის დაცვით.

საინტერესოა, რომ რეგიონებში ამომრჩეველთა დასწრების მხრივ რადიკალური სხვაობა დაფიქსირდა. ცესკოს მონაცემებით, ყაზბეგში 5313 ამომრჩევლიდან 20:00 საათის მონაცემებით, 52.95% - 2813 ამომრჩეველია მისული, ხაშურში რეგისტრირებული 48963 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება დააფიქსირა 16973-მა ამომრჩეველმა, რაც 34.66%-ია.

ბორჯომში - 26529 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14030-მა ამომრჩეველმა, რაც 52.89%-ია, ქუთაისში რეგისტრირებული 152546 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 27427-მა ამომრჩეველმა, რაც 17.98%-ია.

რაც შეეხება ოზურგეთს, 62274 ამომრჩევლიდან ხმა 35309-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მარტვილში 32647 ამომრჩევლიდან 12567-მა ამომრჩეველმა, რაც 38.49%-ია.

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საჩივარი ფიქსირდება ბორჯომში - 11, ოზურგეთში - 10, ქუთაისში - 2, ხოლო მარტვილსა და ხაშურში თითო-თითო. რაც შეეხება ყაზბეგს, ამ დროისთვის საჩივარი არ ფიქსირდება.

როგორც მიქელაძემ განაცხადა, ამ დრომდე ცესკოს საინფორმაციო სატელეფონო ქსელში არ შესულა ისეთი სახის შეტყობინება, რომელიც რაიმე სერიოზულ ინციდენტს ან დარღვევის შემთხვევას შეეხებოდა. მიქელაძის ინფორმაციით, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

არსებული მონაცემებით, ბორჯომის ოლქში ათამდე უბანია დათვლილი, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია ლიდერობს. მმართველი ძალა წინასწარი მონაცემების საფუძველზე იმედოვნებს, რომ ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა მმართველი გუნდის მოლოდინი არ გამართლდა და ოზურგეთის მმართველობა ოპოზიციამ მიიღო.