საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაცია, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადებას საჭიროებს. მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, 18 სამინისტროს 14- მდე შემცირება და საკადრო ცვლილება, პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს.
„მთავრობის შემადგენლობაში განახლება მოხდება და მთავრობის შემადგენლობის 1/3 იცვლება, კონსტიტუციით ამ შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას თავიდან საჭიროებს. ამასთან, კონსტიტუციით, ასეთი განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. წარდგენიდან ასევე ერთკვირიანი ვადა აქვს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელოს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.
გარდა ამისა, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი სამთავრობო პროგრამაც უნდა იყოს. აღმასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტის მხრიდან ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
რაც შეეხება მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტს ოფიციალურად წარუდგენს, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა როგორც კომიტეტების ფორმატში, ასევე ფრაქციების რეჟიმში წარიმართება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მინისტრობის კანდიდატები პლენარულ სხდომაზე წარსდგებიან, სადაც როგორც წესი, პოლიტიკური დებატები იმართება.
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო - გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს; ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძე დაიკავებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინისტრის პოსტს - მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის კომპონენტთან ერთიანდება - უწყებას მიხეილ გიორგაძე ჩაიბარებს;
გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერდა - უწყების პირველი პირი, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი გახდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება, გაერთიანებულ უწყებას, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.
მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც მოქმედმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვლა. შსს-ში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შსს-ში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც ყოფილი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს მთავრობას 6 მინისტრი დაემშვიდობა - გიორგი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ილია ელოშვილი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიგლა აგულაშვილი და ვიქტორ დოლიძე. არსებული ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძე საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგეძელებს. არსებული ინფორმაციით ის გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს. მერიაში გადაინაცვლა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ილია ელოშვილმა. ბიზნესში ბრუნდება ტარიელ ხეჩიკაშვილი. რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას, ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას.
სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც ცვლილებები შეეხო, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა განხორციელებული რეფორმა ემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვანიჭებს მანდატს შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას.
ამისთვის ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ კუთხით გატარდა არაერთი რეფორმა და გამომდინარე იქედან, რომ საგარეო დაზვერვა ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია, გადაწყდა უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება.
„პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.