მხარდაჭერის გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე

მხარდაჭერის გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე

ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ ექვსთვიან პერიოდში, 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. საქართველოს მოქალაქეებს აქამდე ვიზის აღება თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში უწევდათ. ქვეყანაში შესვლა, ასევე, შესაძლებელი იყო შენგენის მრავალჯერადი ვიზით.

პარალელურად, ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება უნდა მოხდეს და ახალი გზები გამოიძებნოს, რათა მხარდაჭერა გაუწიონ ქვეყნებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე.

ევროპარლამენტის ახალი ანგარიში უკვე მიიღო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა. მას კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელიც სტრასბურგში ნოემბერში გაიმართება. აღნიშნულ ანგარიშში ძირითადი აქცენტი საქართველოზე, უკრაინაზე და მოლდოვაზე კეთდება, ქვეყნებზე, რომლებმაც დიდ პროგრესს მიაღწიეს ევროკავშირთან თანამშრომლობაში.

რეკომენდაციების სიაში მოცემულია საქართველოსთვის, უკრაინისათვის და მოლდოვასთვის მიზნობრივი ფონდის შექმნა. მიზნობრივი ფონდი წარმოადგენს განვითარების ინსტრუმენტს, რათა ევროკავშირმა სწრაფად და მოქნილად გასცეს პასუხი კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებს. ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა ინვესტირება მოხდეს სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასევე გამოდის რეკომენდაციით, გაიზარდოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და არსებული პარტნიორობის გაუმჯობესება. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ლიტველი დეპუტატის ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით, მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს მოდელის შექმნა ასოცირებული ქვეყნებისთვის საბაჟო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირში სამომავლო წევრობის შესაძლებლობით.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გააღრმავოს არსებული ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფართო კონტექსტში.

„მოგეხსენებათ, ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ევროპარლამენტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ასოცირების ხელშეკრულებას ამ სამ ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე აჰყავს. ვფიქრობ, საქართველოშიც არიან პოლიტიკოსები, ვინც ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა საერთო ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით, შეძლებს იმ საერთო მიზნების შესრულებას, რომლებსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა. სამიტზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოახლოებული სამიტი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრის ერთ-ერთი განხილვის საკითხი. ლიდერები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, რომელსაც პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოც ელოდება.

სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან გამომდინარე, საქართველო ელოდება მკაფიო გზავნილებს ქვეყნის ევროპული მისწრაფების თაობაზე, რადგან ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს გერმანიას, როგორც თავმჯდომარე ქვეყნას. უკვე ცნობილია, რომ გერმანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს მხარს დაუჭერს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ნდობის ფონდის შექმნის იდეა მხოლოდ კარგია. მისი თქმით, ურიგო არ იქნებოდა, თუკი ამ გადაწყვეტილებას აღმასრულებელ დონეზე, ევროკომისიაში მიიღებდნენ. როგორც სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტის განცხადება მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

„ნდობის ფონდის იდეა მე, პირადად, მართალი გითხრათ, მომწონს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ჯერჯერობით არის ევროპარლამენტში წამოწეული განხილვის საგანი, რომელიც შესაძლებელია ითვალისწინებდეს კრიზისულ ვითარებებში ამ სამი ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენას, გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის ტრენინგების საშუალებით.

ამიტომ, მე ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. არა მარტო ევროკავშირში, ჩვენ ნატო-ს თვალსაზრისითაც გვქონია ამგვარი ნდობის ფონდები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და თუკი აღმასრულებელ დონეზე, ევროკომისიაში იქნება მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება, არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ეს არის მხოლოდ ინიციატივა, პოლიტიკური ნება ევროპარლამენტისა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ამას სჭირდება განვითარება და გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რუსული აგრესიის ფონზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერად აფასებენ ანალიტიკოსები.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მთლიანად ევროკავშირის პოლიტიკა არის განსხვავებული, გარკვეული კატეგორიის ქვეყნების მიმართ, ის უფრო ყურადღებიანი და მხადამჭერი ხდება.

„როგორც ვხედავთ, ეს არის რუსეთისგან დაჩაგრული ქვეყნები, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში რუსეთისგან დაჩაგრულ ქვეყნებს კომპენსაციას უკეთებს და ამით უპირისპირდება რუსულ პოლიტიკას. ეს ზოგადი ვექტორი ევროპულ პოლიტიკაში უფრო მაიმედებს, იმიტომ, რომ ვექტორს აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება.

კონკრეტული ერთი ქვეყნის მიმართ სიყვარული, სიმპათია, ან ანტიპათია, შეიძლება რამე მიდგომამ შეცვალოს, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგადი მიმართულება აქვს აღებული ევროპას რუსეთისა და მისგან დაჩაგრული ქვეყნების მიმართ, ეს დიდი ხნით და მყარად იქნება დღის წესრიგში. ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც ერთ-ერთი დაჩაგრული ქვეყანა, ნამდვილად სარგებელს ვნახავთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირის გავლენა არ ყოფილიყო, შემუშავდა მარშალის გეგმა, რაც გულისხმობდა ფინანასურად და ეკონომიკურად იმ ევროპული ქვეყნების დახმარებას, სადაც შეიძლება გაზრდილიყო საბჭოთა კავშირის გავლენა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა რომ არ გაწითლდა, ამაში დიდი როლი ითამაშა მარშალის გეგმამ.

„ანალოგიური პრეოცესი ვითარდება ახლაც. როდესაც ევროპას სურს რუსეთის გავლენისგან დაიცვას ის ქვეყნები, რომელთა მიმართ ატყობენ, რომ რუსეთი აპირებს იარაღით გაზარდოს თავისი გავლენა. აი, ეს დაცვა, ისეთივე როლს შეასრულებს, რაც მარშალის გეგმამ შეასრულა ევროპის დაცვისთვის. ანუ, ფეხზე დააყენებს ამ დაჩაგრული ქვეყნების ეკონომიკას და პოლიტიკურ სიმყარეს მისცემს ამ ქვეყნებს. ამ ქვეყნებში ყოფნა საქართველოში უდავოდ სასარგებლო იქნება.

აუცილებელია, რომ საქარეთველომ მსოფლიო ტენდენციაში იპოვოს თავისი ადგილი. ერთი პერიოდი ასეთი იყო დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელი გზა, ამან დიდი სამსახური გაუწია საქართველოს. ახლა წამოვიდა რუსეთის შეკავების თემა და რუსეთის შეკავების ჭრილში, ერთ-ერთი მთავარი არის საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი.

ჩვენს ტერიტორებზე არის რუსეთის ტანკები და სამხედრო ძალა გადმოსული. ეს სამხედრო ჩარევა კი, რითიმე უნდა დაბალანსდეს. ეს კიდევ მეორე მიმართულებაა, რომელიც გვაწყობს. ანალოგურად, რაღაცა მიმართულებებში ჩვენს ადგილს თუ დავიკავებთ, ეს უფრო დიდი გარანტიაა, ვიდრე ის, ვინმე მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.