ევროკომისია საქართველოს პროგრესზე ლაპარაკობს

ევროკომისია საქართველოს პროგრესზე ლაპარაკობს

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.

ევროკომისია საკუთარ ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ქართული საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

„ასოცირების შეთანხმებით განმტკიცებული საქართველოს სწრაფვა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, კვლავ სარგებლობს ქართული საზოგადოების ფართო მხარდაჭერით. 2016 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის ორიენტაცია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე, ცალსახად ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაა. ეს კი საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი.

საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

ანგარიშის შესაბამისად, უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, კერძოდ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, ტუბერკულოზის კონტროლის, C ჰეპატიტის აღმოფხვრის და შიდსის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებით.

შეთანხმების შესრულების შეფასების ანგარის მიხედვით, ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.

დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და აღნიშნულია, რომ საქართველოს აქტიური წვლილი შეაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის მომზადების პროცესში. ხაზგასმულია საქართველოს ჩართულობა კონკრეტული, პრაქტიკული წინადადებების შემუშავების კუთხით „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტისთვის.

დოკუმენტის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს.

„საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება კვლავაც კონცენტრირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე, რაც ასევე თანხვედრაშია მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიან დღის წესრიგთან. 2017 წლის წლიური სამოქმედო პროგრამა, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის თვეში დასრულების სტადიაში იყო, მიმართულია უმთავრეს სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ისეთებზე, როგორიცაა ადამიანური კაპიტალისა და უნარ-ჩვევების განვითარება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ბიზნესის დახვეწის გაძლიერება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური გარემო და აღნიშნულია, რომ მიუხედავად ნეგატიური გარე ფაქტორებისა, მაკროეკონომიკური კლიმატი საქართველოში მდგრადი აღმოჩნდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, ასევე, რომ საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით, რომელიც ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია.

დოკუმენტში ასევე საუბარია სწრაფად მზარდ პროგრესზე ტურიზმის სფეროში და აღნიშნულია, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო შესყიდვების, საბაჟო, ინტელექტუალური საკუთრების, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროებში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს აკრედიტაციის სისტემის ევროკავშირის მიერ აღიარების საკითხზე, ასევე, ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე.

ასევე საუბარია ახალ, ევროპულ საგარეო საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დამტკიცდა, ანგარიშიც მიხედვით, იგი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

ნათქვამია, რომ ასევე, დაგეგმილია „შერეული“ ფონდის საშუალებით დახმარების გაფართოება პარტნიორ ქვეყნებთან დიალოგის გაძლიერებით ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად.

ევროკომისიის ანგარიშში შეფასებულია სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მაჩვენებლები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს.

დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის (DCFTA) ჩათვლით. საუბარია განახლებულ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ნოემბრის თვეში უნდა იქნას მიღებული.

„ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებსა და სტანდარტებთან პროგრესული დაახლოების შედეგად, საქართველომ შეძლო სულ უფრო და უფრო გაეზარდა მისი მონაწილეობა საერთაშორისო წარმოების ჯაჭვში. 2016 წელს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მთლიანი ვაჭრობის 30%-იანი წილით (მთლიანი ექსპორტის 27%-იანი და იმპორტის 31%-იანი წილით). 2017 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი ეტაპები იყო საქართველოს დაშვება ადგილწარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის კონვენციაზე, ისევე როგორც ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოდან ახალი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზი“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს რეფორმების გეგმის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის, ფინანსური რესურსებით იმისათვის რომ მოხდეს შეთახმებით განსაზღვრული სარგებლის მაქსიმალური გაზრდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, 2017 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის პროგრესი და ხელშესახები შედეგი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, პირველ რიგში, ხაზგასასმელია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პოზიტიურად შეაფასა ვენეციის კომისიამ. ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო კი, როგორც პლურალისტური და დინამიკური...“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია ის, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს, რომელიც მოხმარდება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის შესრულებას და რაც თანხვედრაშია ევროკავშირის დახმარების 2017-2020 წლების ერთიან ჩარჩო-პროგრამასთან.

„ნიშანდობლივია, რომ ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტს, რომელზეც დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული შედეგები ასევე პოზიტიურად შეფასდება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს.

როგორც ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი აცხადებს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი 2020 წლამდე ერთობლივი მუშაობისთვის პრიორიტეტების პრაქტიკულ ჩარჩოს უზრუნველყოფს.

„ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოება საქართველოს საშუალებას აძლევს უფრო მეტად გახდეს მოთამაშე საერთაშორისო ბაზარზე. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წელს ეს მაჩვენებელი უფრო გაიზარდა. ის, რომ 2017 წლის ივლისში საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელმაც ევროკავშირი და საქართველო დააახლოვა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი კი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა და საქართველომ ბევრი ჩადეს მტკიცე პარტნიორობაში, რაც უფრო და უფრო ძლიერი ხდება და ჩვენს მოქალაქეებს დიდ სარგებელს აძლევს.

„დღევანდელი ანგარიში ცხადყოფს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში აშკარა პროგრესს. ევროკავშირი განაგრძობს იმ სამუშაოს მხარდაჭერას, რომელიც კიდევ განსახორციელებელია რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში და ერთგული დარჩება ასოცირების ხელშეკრულების ჩვენი დღის წესრიგისადმი“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.