ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს ოთხი პარტია, ხოლო ორი საარჩევნო სუბიექტი დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები კვალიფიციური სუბიექტების სიას.
„კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“ რომლებიც ბლოკში იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“, სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდნენ.
ამასთან, ბუნდოვანია, შეინარჩუნებენ თუ არა „მრეწველები“ იმ 300 000 - ლარიან დაფინანსებას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისათვის იღებენ.
კანონის თანახმად, აღნიშნული დაფინანსება ძირითადი დაფინანსების ფორმულის შემადგენელი ნაწილია და, ვინაიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ძირითად დაფინანსებას კარგავს, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო ფრაქციის დაფინანსებაც ვეღარ მიიღოს.
რაც შეეხება ახალ კვალიფიციურ სუბიექტებს, 2017 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ხდება „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ბლოკში მონაწილეობდა და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და ბლოკში „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად იყო წარმოდგენილი.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილ თანხას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი მიიღო. ხმათა ეს რაოდენობა მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით გამოიანგარიშება.
პარტიების დაფინანსების ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება. პარტიის დაფინანსების უფლება წარმოიშობა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის მომდევნო დღიდან, აგრეთვე საკრებულოების საერთო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან.
იმ კვალიფიციური სუბიექტებიდან, რომელიც სტატუსის დაკარგვასთან ერთად, საბიუჯეტო დაფინანსებსაც კარგავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე სოლიდურ თანხას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ იღებს.
კანონის თანახმად, ე.წ. კვალიფიციურ პარტიებს საბიუჯეტო თანხა ორი გზით იღებს - ცესკოს მეშვეობით და ფონდიდან. ფონდის ფუნქციას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ასრულებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდიდან პარტიების დაფინანსება ასეთ რიცხვებში გამოიხატება:
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - 630 092 ლარი ცესკოდან, 78 908 ფონდიდან - ჯამში 709 000 ლარი;
„საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – 595 092 ცესკოდან, 78 908 ფონდიდან - ჯამში 674 000 ლარი;
„რესპუბლიკური პარტია“ – 595 092 ცესკოდან, 78 908 ფონდიდან - ჯამში 674 000 ლარი;
„ეროვნული ფორუმი“ – 595 092 ცესკოდან, პლუს - 78 908 ფონდიდან - ჯამში 674 000 ლარი.
მთლიანობაში ამ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსების სახით მიღებული აქვთ 2 731 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი დაფინანსება მრეწველებს აქვთ მიღებული რაც იმითაა გამოწვეული, რომ პარტიამ პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანითა და „ქართული ოცნების“ ხუთი მაჟორიტარის მხარდაჭერით, უმრავლესობის ფარგლებში საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. მრეწველებს ამ გზით ფრაქციის კომპონენტის დაფინანსება დაემატა და ცესკოში წევრიც შეინარჩუნა.
რაც შეეხება კვალიფიციურ სუბიექტებს, ყველაზე მეტ საბიუჯეტო დაფინანსებას, 1 029 798 ლარს „ქართული ოცნება“ იღებს.
როგორც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, პარტიებმა შეიძლება შემოწირულობებით, სხვადასხვა დონორების დახმარებით იარსებონ და კონსერვატორებს ამისი პრობლემა არ აქვთ, თუმცა ძიძიგური მხარს უჭერს მრეწველების და „სოციალ-დემოკრატების“ ინიციატივას, რომლის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას მიიღებს ის პარტიაც, ვინც დეპუტატებს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით გაიყვანს და ფრაქციას შექმნის.
როგორც ჩანს, პარტიები შეეცდებიან, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების სხვადასხვა გზები გამონახონ, თუმცა საინტერესოა, ხალხის მიერ გადასახადების სახით შეგროვილი ფულით რატომ ფინანსდებიან პარტიები, რომლებიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ.