არჩევნები დასრულდა და აუდიტის სამსახური პარტიების მიერ დახარჯულ ფულს ითვლის - მართალია, ასათვისებელი რამდენიმე მილიონი კვლავ დარჩენილია, მაგრამ წინ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურია და პარტიებს ამ თანხის დასახარჯად დრო კიდევ აქვთ დარჩენილი.
აუდიტის სამსახურმა კი პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით, მეორე შუალედური ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე გააცნო.
გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ტენდენცია შენარჩუნებულია და ამ მიმართულებებით ცვლილებები არ არის, თუმცა გაუმჯობესებულია ტენდენცია პოლიტიკური პარტიების შემომწირველების გამოკითხვასთან დაკავშირებით.
„საბოლოო ანგარიში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გვექნება წარმოდგენილი. ბუნებრივია, ტენდენცია ბოლო პერიოდში ვერ შეიცვლებოდა, ის არის შენარჩუნებული... ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს გამოკითხვა. აბსოლუტურად ყველა საკითხი კონტროლზეა აყვანილი. ამ მომენტში იკითხებიან „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგნელები“, - განაცხადა ირაკლი მევქაბიშვილმა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ოთხთვიან წინასაარჩევნო პერიოდში (პარტიების შემოწირულებები მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან, 1-ელ ნომბრამდე) პარტიების შემოწირულებამ 15 333 951,92 ლარი შეადგინა, აქედან 90% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
„ქართული ოცნების“ შემოწირულებამ აღნიშნულ პერიოდში 13 814 532,6 ლარი შეადგინა;
„ევროპული საქართველოს“ – 951 833,95 ლარი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 114 990,77 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის შემოწირულება 89 554 ლარი იყო;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ - 66 392 ლარი; სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ – 59 600 ლარი; დამოუკიდებელ კანდიდატ დომენტი სიჭინავას - 50 150 ლარი; „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ – 40 399 ლარი;
„ეროვნული ფორუმის“ – 39 182 ლარი;
„ლეიბორისტული პარტიის“ – 23 196 ლარი;
დამოუკიდებელი კანდიდატის, გულო ზუმბაძის შემოწირულება 25 400 ლარი იყო;
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ – 12 204 ლარი.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სხვა საარჩევნო სუბიექტების შემოწირულებები ოთხთვიან პერიოდში 10 000 ლარს ქვემოთ იყო.
პოლიტიკური პარტიების მიერ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჯამურად განხორციელებულია 16 861 130 ლარის ხარჯი.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი ხარჯი, 11 651 146 ლარი „ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო. 929 584 ლარი – „ევროპულმა საქართველომ“, ხოლო 735 090 ლარი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, „პატრიოტთა ალიანსის“ ხარჯი 797 022 ლარი იყო, „ახალი ქრისტიან დემოკრატების“ - 397,327 ლარი; „სახელმწიფო ხალხისთვის“ 336 893 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ – 246 891 ლარი, ხოლო „ზვიად გამსახურდიას გზა“ – 394 040 ლარი.
ამავე ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის პერიოდში, ჯამში მიღებულია 18 167 797 ლარის შემოსავალი. კერძოდ, „ქართული ოცნება“ – 9 855 337 ლარი, „ევროპული საქართველო“ 1 463 358 ლარი; „ნაციონალური მოძრაობა“ 1 283 754 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 675 555 ლარი, „სახელმწიფო ხალხისთვის“ 431 693 ლარი, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“ 399 594 ლარი, „ზვიად გამსახურდიას გზა“ 402 002 ლარი.
აუდიტის სამსახურმა მეორე შუალედური ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
„მთლიანად, საარჩევნო პერიოდში 18 მილიონი ლარის შემოწირულობაა მიღებული, ხარჯი 17 მილიონი ლარია. პრობლემური საკითხია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 12–ჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე ყველა პარტიამ ჯამურად“,- განაცხადა „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება სხვა ხარვეზებს, კანონმდებლობაში და მეთოდოლოგიაშია ნაკლოვანებები.
„აუდიტის სამსახურთან შენიშვნები არ გვაქვს, მაგრამ კანონმდებლობასთან გვაქვს. ცვლილებების პროექტი უკვე შემუშავებულია და მიმდინარეობს განხილვა პარლამენტში. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, საინიციატივო ჯგუფებთან მიმართებაში არის ცვლილებები განსახორციელებელი, რადგან პოლიტიკური პარტიები განაგრძობენ საქმიანობას და მათი დაჯარიმება ან რაიმე სანქცია გონივრულია, ხოლო საინიციატივო ჯგუფები წყვეტენ საქმიანობას და რთულია მათთვის ჯარიმის ან სანქციის დაკისრება. მესამე პერიოდის ანგარიშები არც ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ წარმოადგინა, ვინაიდან მათთვის არჩევნები დასრულებულია, არადა ეს კანონის დარღვევაა“, - განაცხადა ბოჟაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს.
მისი თქმით, 11 მილიონი ლარიდან პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 8 მილიონი ლარი დახარჯეს.
„ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა ჯამურად შემოწირულობის და საბიუჯეტო რესურსების ჩათვლით 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს. გახარჯულია 8 მილიონი ლარი. 3 მილიონი ლარი ნაშთად არის დარჩენილი, სავარაუდოდ, მეორე ტურისთვის გამოსაყენებლად. რაც შეეხება კონკრეტულად მხოლოდ შემოწირულობებს, საბიუჯეტო რესურსის გამოკლებით, 4 მილიონი ლარია შემოსული. ლიდერობს „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, აზნაურაშვილის განცხადებით, მხოლოდ ოქტომბერში 22 შემომწირველის მიმართ აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებს.
„22 პირის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა, რადგან 3 წლის განმავლობაში მათი პირადი შემოსულობები იმაზე ნაკლებია, ვიდრე პარტიას შეწირეს. ამ პირებს უახლოეს მომავალში დავიბარებთ გამოკითხვაზე“, - განაცხადა აზნაურაშვილმა, მისივე ცნობით, საარჩევნო პერიოდში მთლიანად 50 პირის მიმართ მიმდინარეობდა მოკვლევა.