ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოში მიდის, მეჭიაური - თიანეთში

ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოში მიდის, მეჭიაური - თიანეთში

არჩევნები დასრულდა და პოლიტიკური პარტიები საკუთარი სიმართლის დადგენას სასამართლოს გზით ცდილობენ. როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, „რკინის ქალამნებს ჩაიცვამენ“ და სტრასბურგამდე ჩავლენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკვე დაიწყო ოპოზიციური პარტიების ერთობლივი სააპელაციო საჩივრის განხილვა. პარტიები ცესკო-ს, თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს შედეგებთან დაკავშირებით უჩივიან.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მრავალრიცხოვან დარღვევებზე, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ვიდეომასალა, სადაც ასახულია დარღვევების ფართო სპექტრი.

სააპელაციო საჩივარს ხელს აწერენ: „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა); „დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე); „ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი); „ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე); „პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი); „ქრისტიან-დემოკრატები“ (გოჩა ჯოჯუა); „ნაციონალური მოძრაობა“ (ნიკა მელია); „ევროპული საქართველო“ (ელენე ხოშტარია) და „შენების მოძრაობა“ (დავით უსუფაშვილი).

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ათი პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ ცესკო-ს დეტალურად განეხილა 63 საჩივარი და საოლქო კომისიების მიერ მიღებული ოქმები ბათილად ეცნო.

პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაცით, საჩივრები შეეხებოდა იმ დარღვევებს, რომელიც სხვადასხვა უბნებზე ფიქსირდებოდა.

„ვალდებული ვართ, სასამართლოს ინსტანციები გავიაროთ, რათა ყველას დავანახოთ ჩვენი ხელისუფლების და სასამართლოს რეალური სახე“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მარტო მისმა პარტიამ 740 საჩივარი შეიტანა.

„როგორც ბაყბაყდევი წყაროზე, ისეა ბიძინა ივანიშვილი სასამართლოზე, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ეს ინსტანციები გავიაროთ, რათა ყველას დავანახოთ ჩვენი ხელისუფლების და სასამართლოს რეალური სახე, პროცესი აუცილებლად სტრასბურგში გაგრძელდება“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ოპოზიციური პარტიები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც, სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, ისინი სამართლებრივ დავას გააგრძელებენ და თუკი სააპელაციო სასამართლოც არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება.

არ გაუმართლა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს თიანეთში და ოპოზიციურმა კანდიდატმა მიიღო მერის მანდატი - თბილისის საქალაქო სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და თიანეთში მერის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა. უცნობია ისიც სტრასბურგამდე ჩასვლას აპირებს თუ არა ოპოზიციის მსგავსად, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ქიტესაშვილი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და თიანეთში მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა - არჩევნების შედეგებით, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

„არ მიმაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის სწორი. ვიცნობ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, კარგად ვიცნობ „საარჩევნო კოდექსს“ და მგონია, რომ ამ შემთხვევაში სამართლიანობა საზოგადოებაში შექმნილ კონიუნქტურას ემსხვერპლა... ხელოვნურად დაბლა წევენ ბარიერს, რომ თამაზ მეჭიაური თიანეთში გამარჯვებულად გამოცხადდეს. ამით საზოგადოებაში შექმნილი კონიუნქტურა, რომ სადღაც ოპოზიცია იყოს გამარჯვებული, კმაყოფილდება“, - მიიჩნევს ქუცნაშვილი.

თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის შეფასებით, სასამართლომ მისი კონკურენტის „ალოგიკურ სარჩელზე ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო“. მეჭიაური იმასაც ამბობს, რომ ლელა ქიტესაშვილს, სავარაუდოდ, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აქეზებს, რათა საარჩევნო დავები აწარმოოს.

„ამ ქალბატონმა კინაღამ მომილოცა პირველი სარჩელის წაგების შემდეგ. მერე საიდან გაახსენდა სხვადასხვა სარჩელები, არ ვიცი. პრინციპში მან პიარი გაიკეთა. თავიდან დებატები რომ გვქონდა, მისი გვარი წამყვანებმა ვერ დაიმახსოვრეს და ხან ქისტაურს ეძახდნენ და ხან რას. ახლა კი მთელმა საქართველომ გაიცნო და თუნდაც ამიტომ ღირდა ეს პროცესი“, - განაცხადა მეჭიაურმა.

რაც შეეხება თიანეთის მერის თანამდებობაზე მუშაობას, მეჭიაური ვარაუდობს, რომ უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.