საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. პარლამენტმა 83 მომხრე, არცერთის წინააღმდეგ, საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა 10 წევრით განსაზღვრა. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, თამარ ჩუგოშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ირმა ინაშვილი, ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტუღუში, თორნიკე ჭეიშვილი.
საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნილია და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად იმსჯელებს. განხილვებში ჩაერთვებიან ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო სექტორი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტს დაუბრუნდება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება. პროექტს მესამე მოსმენით, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.
ცვლილებები მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ოთხ საკითხს შეეხება: ბონუსის სისტემის გაუქმებას; ბლოკების ერთჯერადად დატოვებას; რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერის და არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების ჩანაწერის დაზუსტებას.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კომისია არის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისია, რომელიც მოიპოვებს ინფორმაციას ყველა დაინტერესებული პირის შესახებ, ვინც შეიძლება დამატებითი არგუმენტები მიაწოდოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით.
„იქნება მათთან განხილვა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი თვის განმავლობაში გავაკეთებთ სეგმენტურ შეხვედრებს და ერთი თვის თავზე საბოლოოდ შევაჯერებთ და მივიღებთ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებში“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
for.ge-ს ინფორმაციით, საყოველთაო სახალხო განხილვებში არ ჩაერთვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სახალხო განხილვებში უმრავლესობასთან ერთად ჩაერთვება „პატრიოტთა ალიანსი“. პროცესში ჩართვას არ აპირებს საპარლამენტო უმცირესობა. ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეიქმნას ხელახალი საკონსტიტუციო კომისია და რატომ უნდა დაიწყოს თავიდან საერთო სახალხო განხილვა, როდესაც საშუალება იყო, რომ რამდენიმე კვირის წინ ეს ყველაფერი ასახულიყო კონსტიტუციის პროექტში.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ხელისუფებასა და ვენეციის კომისიის შორის მოხდა შეთანხმება, რომ აღნიშნულ საკითხებს უკვე მიღებულ კონსტიტუციაში შეიტანდა. შესაბამისად, როგორც ძაბირაძე აცხადებს, ოპოზიციისთვის ამ პროცესში მონაწილეობა არაფრის მოტანი არ არის, მათ შორის არც პოლიტიკური ქულების.
„ამიტომ, ბუნებრივია, რომ ოპოზიციისთვის უმჯობესია მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და კიდევ ერთხელ ბოიკოტი გამოუცხადონ იმ პროცესს, რომელიც ახალი პროცესი არ არის. ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასრულება. სანამ მესამე მოსმენით იქნებოდა მიღებული კონსტიტუცია, მანამდე იყო ნათქვამი უმარავლების მხრიდან, რომ მიღების შემდეგ შევიტანთ შესწორებებსო. ამიტომ, ეს არის დასრულება იმ დაწყებული რეალური თუ ძირეული რეფორმებისა, რაც განხორციელდა კონსტიტუციაში გასული წლიდან დღემდე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში ოპოზიციის მონაწილეობა იქნება მხოლოდ ფორმალური, რადგან, რეალურად ახალ კონსტიტუციაში შესაცვლელი არც არაფერია.
„არაფერი სადავო არ არის. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რომ რაღაცა შეთანხმება შემდგარიყო, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, თუ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა ამ პროცესში. ოპოზიციამ ისედაც იცის, რომ ხელისუფლება ამ პუნქტებს მიიღებს. სიმართლე, რომ ვთქვათ, ოპოზიციისთვის ძირითადი იყო, რომ 2020 წელს ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები. რადგან პროპორციული არჩევნები 2020 წელს არ იქნება, ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი. დარჩა იმ პოზიცაზე, რა პოზიციაც მას ჰქონდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო პროცესი, საბოლოო ჯამში, მივიდა იმ კონდიციამდე, როდესაც ცვლილებები ეხება ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ოთხ საკითხს, რაც მისი თქმით, კონსენსუსის შედეგია.
„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ცალკე პროცესი, თითქოს მიღებულ კონსტიტუციას ცვლიან. უბრალოდ, ეს საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებაა, რადგან პროცედურულად ვერ მოესწრო ამ ოთხი ცვლილების ასახვა კონსტიტუციის თავდაპირველ პროცესში. რაც შეეხება ოპოზიციას, შეეცდება საჩვენებელი შოუ დადგას და აჩვენოს, რომ ეს არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებით მიღებული კონსტიტუცია.
აქიდან გამომდინარე, ყველანაერ პროცესს ბლოკავს, რაც დაკავშირებულია კონსენსუსის მიღწევასთან. რა თქმა უნდა, ასეთი პოზიცია ქვეყნისთვის არის საზიანო. ერთი პერიოდი შანტაჟის გზას ადგნენ, ახლაც იგივეს აგრძელებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის საუკეთესო ტექსტი, რაც კი ამ ვითარებაში შეიძლებოდა ყოფილიყო. ბონუსების სისტემა იყო ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის შემცველი, მაგრამ ეს თემა მოხსნილია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.