საქართველოს მონაწილეობით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი იწყებს განხორციელებას - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს; იგი გარდა იმისა, რომ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე მოკლე მარშრუტია, ქვეყნის საერთაშორისო, სატრანზიტო ფუნქციას, უსაფრთხოებას, რეგიონის განვითარებას და სტაბილურობას ახალ პერსპექტივებს მატებს.
ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რუსეთის მხრიდან ხისტი საპასუხო ნაბიჯები სავარაუდოდ, ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა როგორც ექსპერტი, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას ყურადღება მიექცია რუსეთის ხელისუფლების იმ განცხადებისთვისაც, რომელიც აფხაზეთის რკინიგზას უკავშირდება და რომელშიც ექსპერტი რბილად გამოთქმულ, მაგრამ მაინც ულტიმატუმს ხედავს.
ბატონო ვახტანგ, სავარაუდოდ, დამთხვევა ნაკლებად შეიძლება იყოს, მაგრამ თითქმის ამ მაგისტრალის გახსნას დაემთხვა რუსეთის მიერ აფხაზეთის გაჩერებული რკინიგზის ხსენება, თუმცა ქართულ მხარეს მასზე რეაქცია არ ჰქონია და როგორც თქვენ აღნიშნეთ, არჩევნებით გართულ ხელისუფლებას ეს ფაქტი გამორჩა...
- ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ამაზე რეაქცია არ გამოუხატავს. რაც შეეხება თავად განცხადების ლოგიკას - როგორც ჩანს, თავად სომხეთმა გამოიყენა ის გარემოება, რომ ამ კორიდორის უმოქმედობა ხელს უშლის სომხეთის ევრაზიის კავშირში სრულფასოვან მონაწილეობას.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო რბილი ზეწოლა რუსეთზე, ხოლო რუსეთმა თავის მხრივ, საქართველოს მიმართულებით გამოუშვა გზავნილი, რომ სომხეთისთვის ამ რკინიგზის ამოქმედება უკავშირდება არა მხოლოდ ეკონომიკურ არამედ ეროვნულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს.
სომხეთის ევრაზიის კავშირში ჩართულობა უკავშირდება სხვა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროექტებსაც, როგორიცაა უსაფრთხოების კუთხით არსებული პროექტები. სავარაუდოდ, სომხეთი გაზრდის თავის ჩართულობას შანხაის პროექტშიც, სადაც მონაწილეობს ევრაზიის ყველა დიდი სახელმწიფო, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და პაკისტანი. სომხეთი და აზერბაიჯანი არიან მეთვალყურის სტატუსით, ირანს სურს ასოცირებული წევრობა, ხოლო ავღანეთის ინტერესშია გაწევრიანება.
სომხეთი აღნიშნავს, რომ ევრაზიულ პროექტებში სრულ ჩართულობაში ხელს უშლის სწორედ ის ფაქტორი, რომ ის ფაქტობრივად, ჩაკეტილია და სრულფასოვანი პარტრნიორის როლს ვერ ასრულებს. სომხეთის ოპოზიცია თვლის, რომ ამ მიზეზის გამო სომხეთი უნდა გამოვიდეს ევრაზიის კავშირიდან, რასაც არ ეთანხმება სომხეთის ხელისუფლება, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციის ეს განცხადებები სურს, გამოიყენოს რუსეთზე ზემოქმედების - ანუ რუსეთის საქართველოზე ზეწოლის გაძლიერების ბერკეტად.
როგორც ჩანს, სომხეთმა დიპლომატიური არხებით საქართველოს დათანხმება ვერ მოახერხა - მათი პრემიერ-მინისტრი რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და სავარაუდოდ, ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ იგივე, „გაზპრომის“ შეთანხმებაც, რომელიც საქართველომ გააფორმა, სწორედ სომხეთის ფაქტორს მოიცავდა.
სავარაუდოდ, სომხეთსაც სურს ჩინეთის 400-მილიარდიან პროექტში „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ - ჩართვა. სატრანზიტო პოტენციალი სომხეთის მიმართულებითაც მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს და აფხაზეთის კორიდორის ამოქმედება სომხეთსაც მისცემდა ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობას.
რუსეთმა გასულ წელს უკვე შექმნა არაფორმალური გაერთიანება იმ ქვეყნებისა, რომელმაც უნდა მიიღონ აზიიდან წამოსული პირველი ტვირთები - მასში შედის სამი ქვეყანა აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი. თუ ირანიდან წამოვა ტვირთები, აზერბაიჯანმა შეიძლება შეასრულოს ჰაბის როლი, მაგრამ თუ ამოქმედდებოდა აფხაზეთის რკინიგზა, სომხეთსაც შეეძლებოდა ტვირთების რუსეთში გატარება, ან სულაც ზღვაზე გასასვლელის მიღება.
ალტერნატივა თითქოს არსებობს, როგორც ითქვა, სომხეთის მონაწილეობაც ახსენეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში, მაგრამ ალბათ, აზერბაიჯანის ფაქტორის გამო თეორიულადაც შეუძლებელია ამაზე მსჯელობა...
- ეჭვი მეპარება, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ, თითქოს გაკეთდა განცხადებები, რომ სომხეთსაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ეს მხოლოდ რიტორიკაა. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაიძაბა სომხეთსა და აზებაიჯანს შორის ურთიერთობა და ფაქტობრივად, საომარი რიტორიკაა.
რაც შეეხება მედვედევის განცადებას, რომ „ერევნის მონაწილეობა პირდაპირ დამოკიდებულია გაჩერებული რკინიგზის აღდგენასთან“ - დიპლომატიურ ენაზე ეს რას ნიშნავს?
- მე პირადად, აღვიქვამ როგორც ერთგვარ, მსუბუქ ულტიმატუმს, იმედია ვცდები.
თუ ულტიმატუმის ენით დაგველაპარაკება რუსეთი, რას შეიძლება ველოდეთ და საქართველოს რა კონტრზომების გატარების შესაძლებლობა გააჩნია?
- ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ სიკეთის მომტანი რომ არც ერთი არ იქნება, ეს ცხადია.
რაც შეეხება საქართველოს, ვერ გეტყვით, რა რეაქცია შეიძლება გვქონდეს. საქართველოს შეუძლია რუსეთის აგრესიის შეკავება? - თუ გავითვალისწინებთ, რომ თავდაცვის ბოლო ოთხი მინისტრი აბსოლუტურად არაადეკვატური, არარელევანტური და არაპროფესიონალი გვყავდა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!
არ ვგულისხმობ სამხედრო პერსონალს - სამოქალაქო ხელმძღვანელებს ვგულისხმობ, რომლებმაც, ფაქტობრივად, პროფესიონალი სამხედრო პოტენციალის გადინებას შეუწყეს ხელი და მივიღეთ უყურადღებოდ მიყრილი პროფესიონალები. სოსო ოსორაულის სინდრომი გვიჩვენებს იმ სურათს, რაც გვაქვს და რა სამხედრო პოტენციალზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?!
არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაფერი არ შეგვიძლია, მოქცეულები ვართ „ეროვნული უსაფრთხოების ჩიხში“, რაც ქვეყნის პოლიტიკური მართვის ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ღებულობს ქვეყნის ხელმძღვანელობა, კიდევ უფრო ზრდის საფრთხეების მასშტაბებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც.
როგორც პოლიტოლოგი და სამხედრო საქმის სპეციალისტი, ასეთ დიაგნოზს დავუსვამ ჩვენს მდგომარეობას, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლებამ და მიგვიყვანა ასეთ ფატალურ მდგომარეობამდე - დღევანდელმა ხელისუფლებამ კი ამას ვერ შეუშალა ხელი.
თუმცა, ამ დღეებში საქართველო ჩაერთო კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტში რომელიც ახალ პერსპექტივებს აჩენს...
- რაც შეეხება უმნიშვნელოვანეს მოვლენას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას, ეს პროექტი პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის რეალიზაციის პერსპექტივებს. საქართველოს ჩართულობა ნიშნავს მისი პოტენციალის კიდევ უფრო ამაღლებას, საქართველოს როლის გაზრდას.
ეს რეგიონული უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანი პროექტია და ვხედავ ახალი ტიპის რეგიონული ორგანიზაციის შექმნის პერსპექტივასაც, როგორც თავის დროზე შეიქმნა სუამი.