„ივანე მერაბიშვილი - საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა, შს ყოფილი მინისტრის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს, დილის 11:30 საათზე გამოაცხადებს. შესაბამისი წერილი დაცვის მხარემ უკვე მიიღო. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძეს განცხადებით, თუ დადგინდება, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი ვანო მერაბიშვილის მიმართ, მაშინ ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს და ეს არის პირველი საქმე, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მე-18 მუხლის დარღვევის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ივანე მერაბიშვილის გათავისუფლება ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ეყოლება დეკლარირებული პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
კახიძე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის ერთგვარი გამოსავალი იყოს. მისივე თქმით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება პატიმარს ეხება ავტომატურად, როგორც კი გავა შესაბამისი ვადა. მერაბიშვილის შემთხვევაში კი, ეს ვადა ნოემბერში გადის. შესაბამისად, როგორც კახიძე აცხადებს, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასჯელაღსრულების სამინისტოროს ადგილობრივმა საბჭომ.
რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, კახიძე ამტკიცებს, რომ ყოფილი შს მინისტრი პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციამ, რაც გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ და გააჭიანურა პროცესი.
„თუ ძალაში დარჩა სექციის ვერდიქტი, მთავრობას ყველა ვარიანტში მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება. ამიტომ, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ხელისუფლებისთვის იყოს ერთგვარი გამოსავალი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელი ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს ეხება, ამჟამად კი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება. შესაბამისად, როგორც იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი.
„ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის საკითხი და არის პროცედურები. სპეკულაციები არ შეიძლება. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც ნათელი განცხადება გაავრცელა. მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები უნდა აკეთონ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ჩვენც ვართ, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებაზე არის საკმაოდ დიდი ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს.
„საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რომელიც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ დაასრულა საქართველოს ხელისუფლებამ. ვანო მერაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, ამიტომ მე ნამდვილად მეეჭვება, რომ ვანო მერაბიშვილი თავისუფლებაზე აღმოჩნდეს“, - ცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამორიცხავს მერაბიშვილის ვადამდე გათავისფლების საკითხში „ქართული ოცნების“ ჩარევას და აცხადებს, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი.
„ეს არ უთქვამს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ამას ამბობენ მხოლოდ მისი თანაპარტიელები. რაც შეეხება მერაბიშვილის მიმართ მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, განხილვას ექვემდებარება, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით“, - აცხადებსა ეკა ბესელია.
ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამის საჭიროებასაც ვერ ხედავს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რომლის განაცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა.
„არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა. ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უდოს კომისია, თუმცა ამის მიუხედავად ჩნდება კითხვა - სად წავა მერაბიშვილი? ყოფილის მინისტრის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა, აღნიშნა, რომ მერაბიშვილი აპირებს აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას.
„მე შევხვდი ბატონ ვანოს. ვისაუბრეთ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შესახებ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომისიისთვის მიმართვას არ აპირებს. ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება იყო პოლიტიკური და მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკურად დატვირთული. ის არ აპირებს რაიმე სახის განცხადების გაკეთებას და მიმართვას.
სტრასბურგის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ, გავივლით, მოვისმენთ ხელისუფლების პოზიციასაც და შემდგომ გავაკეთებთ განცხადებას. თუ ხელისუფლება არ მოიქცევა ისე, როგორც ამას აკეთებს დემოკრატიული საზოგადოება და დემოკრატიული სახელმწიფოები, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება მერე რეაგირება“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.