კახა კალაძის გამარჯვების შემდეგ უამრავი კითხვა დაგროვდა თავად მისი პერსონის ირგვლივ: რამდენად შორს წავა მისი დამოუკიდებლობა და მოახერხებს თუ არა იგი იმ შეზღუდული გარემოცვის გარღვევას, რომელიც პოლიტიკოსებისთვის ხშირად დამღუპველ როლს ასრულებენ? და ყველაზე მთავარი, კახა კალაძის გააქტიურების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენის დასუსტება ხომ არ გამოიწვევს ხელისუფლების კიდევ უფრო შესუსტებას, ან დესტრუქციულ პროცესებს საზოგადოებაში?!
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კახა კალაძე მზარდი მოღვაწეა. ბევრი დადებითი მომენტი ახლავს მის გამოჩენას პოლიტიკურ არენაზე, ის შეძლებული ადამიანია, რომელმაც თავისი ქონება თავისი შრომითა და ოფლით მოიპოვა. ამასთან, ის არ არის ტიპური სპორტსმენი, რომელსაც თეორიულ და განყენებულ თემებზე საფუძვლიანი მსჯელობა არ შეუძლია. კალაძე იზრდება, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის.
იქნება თუ არა ის კიდევ უფრო დამოუკიდებელი, ამის შესახებ ვაჟა ბერიძე განმარტავს, რომ, ყოველ შემთხვევაში, კახა კალაძე ამას შეეცდება, რადგან ბიძინა ივანიშვილს თავად აძლევს ხელს, მის მიერ პრემიერად, პარლამენტის თავმჯდომარედ, თბილისის მერად წარდგენილი ადამიანები მისგან დამოუკიდებლად საქმიანობდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობა პრობლემის შემცველია ბევრი თვალსაზრისით, როგორც დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ისე რუსეთთან ურთიერთობაში.
„იმდენად ურთიერთგამომრიცხავია იმ ქვეყნის ინტერესი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება დააგროვა და იმ ქვეყნის (აშშ-ის) ინტერესი, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ივანიშვილის პოლიტიკის საფუძველია ბოლო წლებში, რომ ივანიშვილისთვის უფრო კომფორტულია, მის მიერვე მაღალ თანამდებობებზე დადგენილი პირები დამოუკიდებლად საქმიანობდნენ. თუმცა ივანიშვილი რჩება და მე ვფიქრობ, 2020 წლამდე, შეიძლება შემდეგაც, დარჩეს ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად, გავლენიან ადამიანად. არაფორმალური მმართველობა უნდა იქნას დაძლეული, მაგრამ მმართველ ძალაზე ივანიშვილის გავლენის შესუსტება გამოიწვევს ხელისუფლების შესუსტებას და დესტრუქციულ პროცესებს საზოგადოებაში. თუმცა ჩვენ, ყველა შემთხვევაში, უნდა მივესალმოთ ივანიშვილის რეალურ მცდელობას, დისტანცირდეს პოლიტიკიდან და პოლიტიკური სპექტრი ფუნქციონირებდეს დამოუკიდებლად.
ამ საქმეში თუ კიდევ სხვა შეძლებული ადამიანებიც ჩაერთვებიან, ესეც მართებული იქნება, რადგან არ შეიძლება, მხოლოდ ერთი მდიდარი ადამიანი იდგეს ერთი პოლიტიკური ძალის უკან და ამ კაცის შიშითა და რიდით ვერავინ ბედავდეს სხვა ძალებთან დადგომას. კარგი იქნება, თუ სხვებიც ჩაერთვებიან პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებას“ ხელს უნდა აძლევდეს ახალი ძალების გამოსვლა არენაზე, რისი მოლოდინიც საზოგადოებაში არის, თუნდაც პარტიების კრიზისიდან გამომდინარე“, - აცხადებს ვაჟას ბერიძე და არ გამორიცხავს, სწორედ კახა კალაძე გახდეს ახალი ძალის ლიდერი.
თუმცა ექსპერტი აქვე დასძენს, რომ ამ ეტაზე კახა კალაძე ამას არ აპირებს. სამომავლოდ კალაძე თავის ტკივილი ვერ გახდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან ის სხვა ყაიდის და სტილის მოღვაწეა, ვიდრე თუნდაც მარგველაშვილი. კალაძე უფრო პრაგმატულია და მას ყველა თვალსაზრისით ხელს აძლევს ივანიშვილთან და მის ოჯახთან კეთილი ურთიერთობა, მეგობრობა, ვიდრე მათთან პოლიტიკური დაპირისპირება.
მართალია, კალაძეს აქვს იმის რესურსი, თბილისის მერის პოზიციაზე ყოფნისას უფრო თავისთავადი გახდეს, ვიდრე ეს იყო დავით ნარმანიას შემთხვევაში, მაგრამ კალაძეს, როგორც პოლიტიკაში მოსულ ფეხბურთის ვარსკვლავს, შეზღუდული გარემოცვა ჰყავს.
„სწორედ ამის მეშინია, რომ ასეთ ადამიანებს შეზღუდული გარემოცვა ჰყავთ და ამ გარემოში შეღწევა ნიჭიერ ადამიანებს, თუნდაც თანადგომის მიზნით, უჭირთ ხოლმე. კახა კალაძესაც შესაძლოა, გაუჭირდეს უკვე აღიარებულ ავტორიტეტებთან ურთიერთობა, რადგან ის მაინც სხვა თაობის წარმომადგენელია, რაც ზღუდავს იმ სოციალურ დასაყრდენს, საიდანაც მან უნდა მოიკრიბოს დედაქალაქის სამართავად ძალები. ეს ეტყობა კიდეც იმ სახელებს, რომელთაც ის აპირებს, დაეყრდნოს მერიაში საქმიანობისას. კარგი იქნება, თუ კახა კალაძე უფრო ფართო სოციუმს წარმოადგენს პოლიტიკასა და საზოგადებრივ არენაზე, ვიდრე ეს არის ის ჯგუფი, რომელიც სადღეისოდ მის ჯგუფად მოიაზრება“, - განმარტავს ვაჟა ბერიძე.
For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძე პარტიის ჩამოყალიბებული ლიდერია და სულაც არ არის ძალიან ახალი სახე ჩვენს რეალობაში. კალაძე იმთავითვე იყო დამოუკიდებელი სუბიექტი, მას პოლიტიკაში შემოსვლის არავითარი საჭიროება არ ჰქონდა და 2012 წელს, როცა ასეთი საპასუხისმგელო გადაწყვეტილება მიიღო, გარისკა პირადი ცხოვრება და ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამდენად, თუ ის რთულ პერიოდში შემოვიდა პოლიტიკაში, ახლა რაიმე ხელს შეუშლის, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები?!
რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნებაში“ ძალზე დიდი გავლენა ჰქონდა და ეს გასაგებიცაა, მაგრამ მას შემდეგ, გავლენების თვალსაზრისით, კახა კალაძესაც ბევრად ნაკლები გავლენა არ ჰქონია.
„დღევანდელ პოლიტიკაში კახა კალაძე ერთ-ერთი გავლენიანი და მყარი პოზიციების მქონე ლიდერია. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ასე პირდაპირ არ მუშაობს. ცხადია, ივანიშვილი არის ავტორიტეტი, მას პატივს სცემენ, მის აზრს ითვალისწინებენ, მაგრამ არც ივანიშვილი მისცემს თავს უფლებას და არც კალაძე აპირებს იმას, რომ ივანიშვილმა კალაძე თავის ჭკუაზე ატაროს. ასეთი რამ არ ხდება და არც მოხდება. „ქართული ოცნების“ სხვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერზეც არ შეიძლება ამის თქმა. ამდენად, ვფიქრობ, კალაძის გააქტიურებას ივანიშვილის ავტორიტეტის შესუსტება არ მოჰყვება. „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ექნება ავტორიტეტი. სხვანაირად წარმოუდგენელიცაა, მაგრამ, როცა უკვე მმართველობით გადაწყვეტილებებს მიიღებს კალაძე, არა როგორც პარტიული ლიდერი, არამედ, როგორც ქალაქის მერი, იქ ივანიშვილის გავლენა შეუმჩნეველი იქნება. კალაძე თავისი პასუხისმგებლობით მიიღებს გადაწყვეტილებებს“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი და, კახა კალაძის ბეგრაუნდის გათვალისწინებით, ყოფილი ფეხბურთელის ძალებში დარწმუნებულია.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის გავლენის კიდევ უფრო შესუსტების კვალდაკვალ არ ელის დესტრუქციულ პროცესებს საზოგადოებაში, რადგან ფიქრობს, რომ კალაძე უფრო მეტად გახსნილი იქნება მოქალაქეებთან, დაინტერესებულ ჯგუფებთან, პოლიტიკურ პარტიებთან. ის თანამშრომლობისკენაა მოწოდებული და, დავით ნარმანიასგან განსხვავებით, არა მხოლოდ მენეჯერი, არამედ - პოლიტიკური ლიდერიც იქნება.