მეგის ქარდავა დაკავებულია. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თურქეთიდან უკრაინაში მიემგზავრებოდა, რა დროსაც კიევში შესვლისას, საზღვარზე დააკავეს. ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა. ქარდავა რამოდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. მას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
ქარდავა დაკავებულია, მაგრამ ამავე დროს საპატიმრო დაწესებულება შესაძლოა, პირობით ვადაზე ადრე დატოვოს ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. ყოფილმა მინისტრმა სასჯელის ის ვადა მოიხადა, რომლის შემდეგაც მას შესაძლოა ე.წ. უდოს კომისია შეეხოს. კომისია უკვე ვალდებულია, რომ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილოს.
მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვას თავად მსჯავრდებულის მიმართვა არ სჭირდება და კომისიამ საკითხი ავტომატურად უნდა განიხილოს.
„საუბარია იმაზე, რომ როდესაც ადამიანს აქვს მისჯილი და მოიხდის გარკვეულ პერიოდს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოს, ეს ვადა მერაბიშვილთან მიმართებაში დამდგარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მთლიანად ხელისუფლებაზე, სასაჯელაღსრულების სამინისტროზეა დამოკიდებული ყველაფერი. კომისიას შეუძლია განიხილოს და გაათავისუფლოს, თუკი ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან“, - აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუკი პირველ ჯერზე ვანო მერაბიშვილს ე.წ. უდოს კომისია გათავისუფლებაზე უარს ეტყვის, გადაწყვეტილების გადასინჯვა ავტომატურად 6 თვეში მოხდება და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვალდებული იქნება მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ხელახლა განიხილოს.
„პროცედურა ისეთია, რომ კომისია არ საჭიროებს მერაბიშვილის მიმართვას. პროცედურა თავისით ირთვება. ანუ, სასჯელაღსრულების სამინისტრო ვალდებულია ეს პროცედურა დაიწყოს მის მიმართ. ამ ყველაფრის საქმის კურსში თავად ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, არის. თავად არანაირი მოთხოვნა არ გაუკეთებია. რამდენადაც ვიცი, ე.წ. უდოს კომისია იკრიბება თვეში ერთხელ. ამ შემთხვევაში როგორ იქნება არ ვიცი. ნებისმიერ თვეს შეუძლიათ ამის გაკეთება“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა მოხდილი არ აქვს. შესაბამისად, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.
ამასთან, უწყებაში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
„აღნიშნული ვადა დამოკიდებულია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს მოსახდელი სასჯელის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ სამი მეოთხედი.
აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. ადგილობრივი საბჭო თვის დასაწყისში მიღებულ შუამდგომლობებს განიხილავს შემდეგი თვის ხუთ რიცხვამდე. საბჭო ყველა შესულ შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე ბრალდების საქმეზე აქვს შეფარდებული. ყველაზე მაღალ სასჯელს მერაბიშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე იხდის. მას აღნიშნულ საქმეზე 6 წელი და 9 თვე აქვს შეფარდებული, საიდანაც დაახლოებით 4 წელი უკვე მოიხადა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ინფორმაცია, მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დამატებითი დაზუსტება სჭირდება. მისი თქმით, კანონით ორი -მესამედი ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს ეხება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.
„მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად. ამის შემდეგ ხელისუფლება შეეცადა დროის გაყვანას და საქმე შეიტანა სტრასბურგის დიდ პალატაში. გადაწყვეტილება მიღებული აქვს დიდ პალატასაც და დღე-დღეზე დიდი პალატის მიერ მოხდება დადასტურება, რომ ვანო მერაბიშვილი იდევნება პოლიტიკური ნიშნით. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოშვება და რაც უფრო სწრაფად გამოვა, მით უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებს ქართული სახელმწიფო სტარსბურგშიც და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთანაც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გათავისუფლების შემთხვევაში გააგრძელებს თუ არა ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ საქმიანობას უცობია, თუმცა, როგორც ბაქრაძე აცხადებს, ეს მხოლოდ მერაბიშვილის გადასაწყვეტია. ამასთან ბაქრაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რომელ ჯგუფთან ითანამშრომელებს ყოფილი პრემიერი.
„ჩვენი ამოცანაა, მერაბიშვილი, რომელიც პილიტიკური დევნის მსხვერპლია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს გარეთ, ამის შემდეგ გადაწყვეტს, სად იქნება მისი ადგილი, პოლიტიკაში, თუ პოლიტიკის გარეთ, სადაც არ უნდა იყოს, მას ვუსურვებ წარმატებას. რაც შეეხება საკითხს, გააჩენს თუ არა მერაბიშვილის გამოსვლა კითხვის ნიშნებს გარიგებასთან დაკავშირებით, ასეთი ტიპის კითხვები და ეჭვები ამორალურია“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს შესაძლო დატოვებაზე გადაწყვეტილება ე.წ. უდოს კომისიამ უნდა მიიღოს. შესაბამისად, უმრავლესობის წევრები საკითხზე პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებენ.
როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, კონკრეტული პატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები იღებენ.
„ცალკეულ პატიმრებთან მიმართებაში საკითხს შესაბამისი კომისია იხილავს და ვერაფერს გეტყვით. ეს არ არის ჩემი მსჯელობის საგანი. მეტსაც გეტყვით, თუ პარლამენტი თავის პოზიციას დააფიქსირებს, ეს შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მოქალაქის უფლების დარღვევა. არსებობს კომპეტენტური ორგანო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ეს თემა.
ჩვენი მთავარი ამოცანაა სახელმწიფოს განვითარება, სხვა დანარჩენი შესაბამის ორგანოს განსახილველი საკითხია. ჩვენი გუნდი, რომელმაც დიდი მხარდაჭერა მიიღო არჩევნებზე, მობილიზებული ვართ ქვეყნის მშენებლობისთვის. სხვა შემთხვევაში, ჩემთვის წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები არ წარმოადგენენ ინტერესს, თუ მათ მიმართ არსებობს სამართლებრივი პრეტენზიები, ესეც კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განიხილონ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.