საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, სავარაუოდ დღეს მოხდება. თუმცა საკითხი უკვე მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. ოპოზიცია ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაში სდებს ბრალს.
ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა მმართველ გუნდს ამჯერადაც საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მოუწევს. უმცირესობა განხილვაში ჩართვას არ აპირებს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ახალ ცვლილებებსაც კონსულტაციების გარეშე, ერთპარტიულ რეჟიმში მიიღებს.
როგორც ცნობილია, ქვეყნის მთავარ კანონში 4 პუნქტი იცვლება. მმართველი პარტია 2024 წლიდან ე.წ. ბონუსების სისტემას აუქმებს. 2020 წელს ერთჯერადად პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. ორი ცვლილება კი ტექნიკური იქნება, რაც აღმსარებლობის თავისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხებს დაარეგულირებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პოლიტიკურ ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას და თქვა: „უმრავლესობას განსაზღვრული გვაქვს უკვე რა უნდა მივიღოთ“.
„კომისიაში საუბარს, დიალოგს, არგუმენტაციას აზრი დაუკარგეს. ასევე ჩვენ წინა კომისიაში ვნახეთ, რომ ისინი კომისიის შიგნით ან საჯარო განხილვებზე ლაპარაკობდნენ ერთს, მაგრამ ბოლო მომენტში ცვლიან საკვანძო საკითხებს. ატყუებენ არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ ვენეციის კომისიაც კი გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა საბოლოოდ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ჩრდილი მიაყენა პროცესს, როდესაც ჩაატარეს საჯარო განხილვები, შემდგომ მალულად გამოცვალეს ის დოკუმენტი, რომლითაც იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ და რომელიც განიხილებოდა საჯაროდ და შემოასაღეს პარლამენტს ერთპარტიულად მიღებული განსხვავებული დოკუმენტი.
„ორი კვირა გავიდა იქედან, როდესაც ერთპარტიულად დაამტკიცეს ცვლილებები და ახლა ისევ უნდათ ცვლილებების შეტანა ამ დოკუმენტში. მე ვფიქრობ, სასაცილოა რაიმე ლეგიტიმაციაზე საუბარი და ასეთ ცირკში მონაწილეობას ჩვენ, მთავარი ოპოზიციური ძალა არ ვაპირებთ. თუ ვინმეს იმის სურვილი აქვს, რომ „გაუპრავოს“ „ოცნებას“ ეს პროცესი, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
განსახორციელებელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზოციის ბრალდება მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია სადამკვირვებლო მისიების ან ვენეციის კომისიის ჩანაწერებს კითხულობს.
„თქვენ სადამკვირვებლო მისიების, ან ვენეციის კომისიის ჩანაწერებს კითხულობთ უკუღმა ან კითხულობთ ისე, რომ ათასი წინადადებიდან ამოარჩევთ ორს. ათასივე წინადადება პოზიტიური არ ყოფილა არც ერთ დასკვნასთან მიმართებაში. ორ წინადადებას კი ატრიალებთ ყველა ბრუნვაში და ამ ორი წინადადებით გინდათ მოტყუვდეს მოქალაქეების რამდენიმე პროცენტი. ამ ყველაფერზე პასუხი არის საარჩევნო შედეგები - არ ტყუვდებიან ჩვენი მოქალაქეები და არც ანებებთ თავს.
პასუხი შეგიძლიათ გაგვცეთ რომელიმე კითხვაზე პირდაპირ? უჭერთ თუ არა მხარს თქვენს მიერ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ საკითხებს? ეს არის შეთანხმებული საკითხები, რომელზეც შედგა საყოველთაო კონსენსუსი და ვახდენთ საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ნაწილის გაფორმებას.
გვაქვს კარგი კონსტიტუცია, რომელზეც დავაც კი არ მიდის ობიექტური დამკვირვებლების მიერ. ისიც დიდი უმეცრებაა ან შეგნებულად ხალხის მოტყუება, რომ საკონსტიტუციო კომისია იქმნება, საკონსტიტუციო კიარა, იქმნება საორგანიზაციო კომისია, რომელიც განხილვებს უზრუნველყოფს“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით ოპოზიციის ბოიკოტი არასერიოზულია.
„საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ვაპირებთ ამ კვირაში. რაც შეეხება ცვლილებების შინაარსს, ეს არის ოთხი საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარეობს. ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, უნდა თუ არა ეს ცვლილებები? მათი ბოიკოტი უკიდრესად არასერიოზული დამოკიდებულებაა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.