ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია. ხუთშაბათს საყოველთაო-სახალო განხილვის კომისია შეიქმნება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსიები დასრულებულია და ცვლილებები მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ოთხ საკითხს შეეხება.
საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე; ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე; ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით - ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში.
პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება. პროექტს მესამე მოსმენით, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით დასრულებულია. არის კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი. რაც შეეხება საკონსტტიტუციო ცვლილებების განხილვებში პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორის ჩართვას, კობახიძე პასუხობს:
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა იქნება ჩართული. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია. საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენელი იქნება კომისიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მთლიანად იქნება შესაბამისობაში და გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნაში არსებულ სულისკვეთებას. მისივე თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ექნება.
„საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ძალიან მალე მოხდება. ვფიქრობ, ეს იქნება მიმდინარე კვირაში. მოგეხსენებათ, სულ ცოტა პარლამენტის 76 წევრის ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ინიცირება. თავდაპირველად ერთი თვის განმავლობაში მოეწყობა საყოველთაო-სახალხო განხილვები, ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტი საყოველთაო სახალხო განხილვებში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აღებული ტენდენცია არ იცვლება.
„მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აღებული ტენდენცია არ იცვლება. მუდმივად ხდება ის, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო შემდგომ რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე არის ამ შემთხვევაშიც.
ამის მაგალითია ეროვნული ბანკი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს, ხოლო შემდგომ სიტყვა-სიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის მიზანი არის არა კვალიფიციური ანალიზი, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
რატომ უნდა შეიქმნას ხელახალი საკონსტიტუციო კომისია და რატომ უნდა დაიწყოს თავიდან საერთო სახალხო განხილვა, როდესაც საშუალება იყო, რომ რამდენიმე კვირის წინ ეს ყველაფერი ასახულიყო კონსტიტუციის პროექტში, გაუგებარია „ევროპული საქართველოსთვის“. შესაბამისად, როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, პარტია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება.
„უმრავლესობის ლიდერებისგან მკაფიოდ მოვისმინე, რომ კომისიის მუშაობას არ მოყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ წინასწარ დაანონსებული ოთხი ცვლილების მიღება. ანუ, ფაქტობრივად უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამდე, სანამ დიალოგის პროცესი დაიწყებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუშაობის აზრს კომისიაში ვერ ვხედავთ.
თავისთავად წარმოდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი გახლავთ ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. ის, რასაც დღეს მმართველი გუნდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ცდილობს გამოასწოროს, ვერანაირად ვერ გამოდგება კონსენსუსის საფუძვლად, ვინაიდან ყველაფერ ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი - უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების შენარჩუნება. ამ ორი ელემენტის გარეშე ჩვენთვის ცვლილებები არ იქნება მისაღები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცორიძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა.
„ჩვენ ვიხილეთ ერთი სეზონი მთელი ერთი წლის განმავლობაში და ახლა იწყება მეორე სეზონი, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილება არ შეიძლება მოხდეს ერთი საპარლამენტო სესიის განმავლობაში. ეს არის ფარსი. ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ამ კომისიის მუშაობაში. „ქართული ოცნება“ რეალურად არაფერს ცვლის, ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და რეალურად ყველაფერს ძალაში ტოვებს. რა აზრი აქვს და რატომ უნდა გავულამაზოთ ჩვენ მათ ეს პროცესი?!“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საპარალამენტო ოპოზიციის პოზიციას იზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ კონსტიტუციური საკითხები ასე გაშარჟდა.
„ძალიან, ძალიან ვწუხვარ, ეს არ არის ჩემი პოლიტიკური პოზიცია, ეს არის გულწრფელი პოზიცია. ვწუხვარ, რომ კონსტიტუციური საკითხები ასე გაშარჟდა და დღეს ახლა ამ თემებზეა საუბარი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყებას აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის მომდევნო გაუმჯობესების მცდელობას, ისინი ყურადღებით აკვირდებიან.
„ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნებზეა დაფუძნებული. საქართველოს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, სურს დარწმუნდეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები და მის შედეგად არჩეული პარლამენტი, ქართველი ამომრჩევლების სურვილს ასახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა იან კელიმ.