„ნულოვანი ტოლერანტობა სააკაშვილმა შემოიტანა და მის მიმართაც ასეთი პოლიტიკა უნდა გატარდეს“

„ნულოვანი ტოლერანტობა სააკაშვილმა შემოიტანა და მის მიმართაც ასეთი პოლიტიკა უნდა გატარდეს“

ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვეს, შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარის მიცემაზე უარი უთხრეს, ასევე უარი განუცხადეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, ახლა კი, საქართველოში ექსტრადირებისთვის ამზადებენ. ექსტრადიტების მოლოდინში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოქლის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მისი ექსტრადირებისთვის დოკუმენტების შეგროვება დაიწყო.

„ნამდვილად, სხვა ვინ იქნება ამით დაკავებული თუ არა ლუცენკო. ის ყველაზე კარგად იცნობდა ჩემს საქმეებს პრეზიდენტობის პერიოდში. მადლობა, იური, ჩემი მოკრძალებული შრომის ასეთი მაღალი შეფასებისთვის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება, შესაძლოა, წლის ბოლომდე, კერძოდ ნოემბრის ბოლომდე მოხდეს. უკრაინის იუსტიციის მინისტრის, პაველ პეტრენკოს განცხადებით, პროცედურების დასაწყებად მხოლოდ პროკურატურის დოკუმენტებს ელოდებიან და საბოლოო დასკვნა ნოემბრის ბოლომდე იქნება.

„ექსტრადიციის შემოწმება ხორციელდება პროკურატურის მიერ. ჩვენ გამოგვიგზავნეს მასალები. ამგვარი ინსპექტირების სავარაუდო პერიოდი ყოველთვის 60 დღეა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, იყოს უფრო სწრაფად. ამავდროულად, მიგრაციის სამსახური იხილავს პოლიტიკური თავშესაფრის განაცხადის საკითხს. ჩვენ ველოდებით მათ მოსაზრებას, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ექსტრადირების დოკუმენტების შესწავლას, ეს ნოემბრის ბოლომდე მოხდება, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაციას უზრუნველყოფს პროკურატურის მიგრაციის სამსახური. ეს არის საკითხი, სადაც დაცული უნდა იყოს ყველა სამართლებრივი პროცედურა. მათ აქვთ დრო. ჩვენ მათ ველოდებით. როგორც კი დასრულდება ექსტრადიციის შემოწმება, მაშინ უკვე სამართლებრივი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - აცხადებს პაველ პეტრენკო.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წაყენებული - ქონების მითვისება, დაუფლება და გაფლანგვა; მაღალი თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება; 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევა, ტელეკომპანია იმედში შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება.

უკრაინიდან ექსტრადირებისა და საქართველოში წაყენებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ექს-პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წელს, შემდეგ 2015 წელს მიმართა უკრაინის პროკურატურას, თუმცა ორივე შემთხვევაში უარი მიიღო. საქმეში ჩაერთო იუსტიციის სამინისტრო, მაგრამ ექსტრადირების ნაცვლად უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის მოქალაქეობა მიანიჭა და მოგვიანებით ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

2017 წელს უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა.

მაშ ასე, უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. ქართული მხარე აცხადებს, რომ რა დოკუმენტაციაც არის უკრაინაში გაგზავნილი, ქმნის მყარ საფუძველს, რომ სურვილის შემთხვევაში, ექსტრადიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

როგორ, რა ვადებში და რა მეთოდით მოხდება სააკაშვილის ექსტრადირება, ეს არის მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ უკრაინული მხარის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება დამატებითი მოთხოვნების გადაგზავნას, ეს პროცედურები მიმდინარეობს, მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ შეფასებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ

სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე საუბრობს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გოგაძე, რომლის განცხადებით, ყველა პიროვნება, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა ისინი წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

„კომუნიკაციის ბოლო თარიღებზე ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა გეტყვით, რომ ბოლოს ჩვენ მივმართეთ სამჯერ უკრაინის შესაბამის ორგანოებს და ველოდებით მათგან ქმედით ნაბიჯებს. საქართველოს პროკურატურა რომ არ იყოს დარწმუნებული შესაბამისი საფუძვლების არსებობაში, რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნას არ გააგზავნიდა“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის საკითხი განეკუთვნება სამართლებრივ კონტექსტს.

„ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის პასუხი არის ცალსახა. ეს საკითხი განეკუთვნება სამართლებრივ კონტექსტს. მას აქვს სამართლებრივი განზომილება და ყველა ნაბიჯი გადაიდგმება შესაბამისად“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

იურისტი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება აღარ არსებობს. თუმცა, მისი თქმით, პროკურატურის მუშაობის ხარისხი და კვალიფიკაცია ისეთი დაბალია, რომ შესაძლოა, ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვების კვალიფიკაცია და პროფესინოალიზმი არ ყოფნით, ან ორივე ერთად არის.

„ბრალის დასაბუთება არის პროკურატურის უპირველესი მოვალეობა. ისე უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვა, რომ ერთი მოთხოვნა უნდა იყოს საკმარისი პირის ექსტარდირებისთვის. ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ, რომ პროკურატურის მიმართ საზოგადოების უნდობლობა არ შეიცვლება, თუკი ისინი მართლაც არ შეგვიცვლიან თავიანთი შედეგებით ამ შეხედულებას.

უპრველესად, პროკურატურის უნიათობაზე საუბარი დასრულდება მაშინ, როცა მოხდება სააკაშვილის ექსტრადირება. ვფიქრობ, რომ მისი მოთხოვნისა და გადმოცემისთვის არანაირი სამართლებრივი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, მით უფრო პოლიტიკური. ამიტომ, მართლაც გაუგებარია რატომ ჭიანურდება ეს საკითხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

იურისტი ხელისუფლებას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ახსენებს, რომელიც საქართველოში სააკაშვილმა დაამკვიდრა.

„არის ასეთი ლათინური გამოთქმა - „თუნდ სამყარო დაინგრეს, ოღონდ სამართალი აღსრულდეს“. თუ ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში და მის მიმართ გამოტანილია დაუსწრებელი განაჩენი გამამყტუნებელი განაჩენის სახით, ის ბრალდებულია ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულში, მან ამისათვის პასუხი უნდა აგოს. ასე არ უნდა დასეირნობდეს უკრაინაში, ტელევიზიით და ინტერნეტით არ უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია სამყაროსთან, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი თვლის თავს მსხვერპლად და დაზარალებულად უშუალოდ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მისი და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო.

ურიგო არ იქნება თუ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი დანაშაული უნდა დაისაჯოს. ახლა უნდა გაახსენდეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილმა შემოიტანა საქართველოში. დიახ, ნულოვანი ტოლერანტობა სააკაშვილმა შემოიტანა და მის მიმართაც ასეთი პოლიტიკა უნდა გატარდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

თუკი სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკრაინის პოზიციიდან შევაფასებთ, ასეთ შემთხვევაში, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ექსტრადირების გადაწყვეტილება გარკვეულ სირთულეებს შეიცავს უკრაინისთვის. როგორც საყვარელიძე აცხადებს, უკარაინის ოპოზიცია ძალიან გააქტიურებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერია, მაგრამ სააკაშვილის თემა შეიძლება საბაბი გახდეს ამ ოპოზიციისთვის ახალი ბრალდებების წამოსაყენებლად.

„ეს შიდა ასპექტი მოქმედებს სააკაშვილთან დაკავშირებულ ამ სირთულეებზე, მაგრამ არის საგარეო ასპექტიც. საგარეო პარტნიორები ცუდი თვალით უყურებენ ექსტრადირების ნაბიჯს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასავლეთში არის ჯგუფები, რომლებიც დაჟინებით გაიძახიან, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია, ვგულისხმობ „სახალხო პარტიას“.

სავარადუდ, ამ ჯგუფების ბრალდებები უკვე წავა უკრაინის მიმართულებითაც. აი, ეს საკითხები მეჩვენება სირთულედ. განსაკუთრებით ეს მეორე ასპექტი - დასავლეთის დამოკიდებულება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს პოროშენკოსთვის. ამიტომ, ბევრი და მათ შორის მეც ვეჭვობ, რომ პროცესი ექსტრადიციამდე მიიყვანონ. მე მგონია, რომ უკრაინა ეცდება სხვა გამოსავალი იპოვოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ